ახალი ამბები

18 ივლისს საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ‘ამბასადორიალი’ დაიწყება

17 ივლისი, 2017 • 2248
18 ივლისს საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ‘ამბასადორიალი’ დაიწყება

ხვალიდან, 18 ივლისიდან 21 ივლისამდე თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება – „ამბასადორიალი 2017 – შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ გაიმართება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, „ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეები იმსჯელებენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით გაწეულ და დაგეგმილ სამუშაოებზე. სამუშაო სესიები მოიცავს თემატურ შეხვედრებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის საკითხზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.

„ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში წელს პირველად გაიმართება „ეკონომიკური დიპლომატიის“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესწრეები, საქართველოს საპატიო კონსულები საზღვარგარეთ. კონფერენცია პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოში – „შპს ჯეოკეპი“ გაიმართება და დაეთმობა პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, ქართული ექსპორტის ხელშეწყობის, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისა და მსოფლიოს ლიბერალურ ბაზრებთან ინტეგრაციის საკითხებს და ა.შ.

„ამბასადორიალი 2017“-ს ოფიციალურად გახსნის საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით მიმართავს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი. საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი.

„ამბასადორიალი 2017“ 21 ივლისს დასრულდება   საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შემაჯამებელი პრესკონფერენციით.

მასალების გადაბეჭდვის წესი