ახალი ამბები

“სამდონიანი ზღვარი” – ქართულმა მხარემ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციის პროექტი შეცვალა

16 ივნისი, 2017 • 1998
“სამდონიანი ზღვარი” – ქართულმა მხარემ საარჩევნო სისტემაზე კონსტიტუციის პროექტი შეცვალა
 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცნობით, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, შეიცვლება საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტი, რომლის თანახმადაც, გაუნაწილებელ მანდატებს მთლიანად წაიღებდა გამარჯვებული პარტია.
ვენეციის კომისიამ პარლამენტს რეკომენდაცია მისცა, რომ მხედველობაში მიიღოს გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების სხვა მექანიზმებიც, კერძოდ:
  • [გადაუნაწილებელი მანდატების] პროპორციულად გადანაწილება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს ან;
  • გამარჯვებული პარტიისთვის ზედა ზღვარის დაწესება;
  • და/ან საარჩევნო ბარიერის 2 ან 3 პროცენტამდე დაწევა.
როგორც კობახიძის მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, მათ არჩევანი შეაჩერეს ბონუსსისტემის ზედა ზღვრის დაწესებაზე და 5%-იანი ბარიერის დაწევას არ აპირებენ.
კერძოდ, მათ “სამდონიანი ზღვარის” მოდელი შეიმუშავეს:
“ქართულმა მხარემ სამდონიანი ზღვარი განსაზღვრა. ზედა, რომლის დროსაც პარტია გადაუნაწილებელი მანდატების ხარჯზე 89 მანდატზე მეტს ვეღარ მიიღებს; ქვედა – როდესაც ბონუსის გათვალსწინებით პირველ ადგილზე გასული პარტია 75 ან ნაკლებ მანდატს მიიღებს, მაშინ ბონუსი აზრს კარგავს და გადაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება.

ასევე, იარსებებს ფარდობითი ზღვარი, რომლის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის მიერ მიღებული გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მის მიერ მიღებული ძირითადი მანდატების 35%-ს (მაგალითად, თუ პარტია მიიღებს ხმების 40%-ს, ის ბონუსის ხარჯზე ვერ მიიღებს მანდატების 54%-ზე მეტს). ამ მოდელის მიხედვით, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსით, როგორც წესი, მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებს, თუ ის არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 38-დან 44%-მდე მიიღებს,”- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი