ახალი ამბები

ადვოკატი: ბახტაძე და ჩქარეული ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის გატაცებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ

14 ივნისი, 2017 • 2774
ადვოკატი: ბახტაძე და ჩქარეული ბიზნესმენ გივი ჯიბლაძის გატაცებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ

კომპანია “სვეტის” დირექტორის, გივი ჯიბლაძის გატაცებაში ბრალდებულები, ნიკოლოზ ბახტაძე და ლევან ჩქარეული ბრალს არ აღიარებენ – ამის შესახებ ნეტგაზეთს მათმა ადვოკატმა, იმედა ბეროშვილმა განუცხადა.

13 ივნისს შსს-მ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია, რომ ოთხი პირი, მათ შორის, ბახტაძე და ჩქარეული, გივი ჯიბლაძეს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

“ამ მიზნით, ბრალდებულებმა ბიზნესმენს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ და თანხის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს,”- განაცხადა შსს-მ. შსს-ს ვერსიას ეთანხმება გივი ჯიბლაძეც.

სრულიად განსხვავებული ვერსია აქვთ ბრალდებულებს – ბახტაძესა და ჩქარეულს. მათი ადვოკატის განცხადებით, არც გატაცება და არც გამოძალვა არ მომხდარა.

“იყო მხოლოდ და მხოლოდ საქმიანი შეხვედრა.  ითხოვდნენ იმ საქმიანი ვალდებულების შესრულებას, რაც ხელშეკრულებით არსებობდა, იმ ფინანსურ საზღაურს, რაც უნდა გადაეხადა. არ ცნობს თავს დამნაშავედ ეს ორი ადამიანი,”- განაცხადა ადვოკატმა იმედა ბეროშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

ადვოკატის განმარტებით, ეს ფინანსური ვალდებულება, 150 000 დოლარის მოცულობით, ისედაც იყო ხელშეკრულებით გაფორმებულ და სწორედ მის შესრულებას ითხოვდნენ ჯიბლაძისგან. ადვოკატის თქმითვე, არანაირ გატაცებას ადილი არ ჰქონია და ჯიბლაძე ავტომობილში “ნებაყოფლობით ჩაჯდა”:

“გაისეირნეს სასაუბროდ. ერთ-ერთ რესტორანში უნდა შესულიყვნენ, თუმცა პარკინგის პრობლემის გამო ვერ შევიდნენ. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გასეირნება. სამწუხაროდ, რამდენიმე კამერა, რომელიც ამოღებული აქვთ, კონკრეტულად არ აფიქსირებს იმ მომენტს, რომ ნებაყოფლობით ჯდება ავტომობილში. ამის შემდეგ გარკეული კომუნიკაციებია, ურთიერთობა, საუბრები, მიმოსვლები და ასე შემდეგ,”- გვეუბნება ადვოკატი იმედა ბეროშვილი.

ნიკოლოზ ბახტაძესა და ლევან ჩქარეულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ და სასამართლისაც დღესვე მიმართავენ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით.

შსს ამ საქმეზე გამოძიებას გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე აწარმოებს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

 

მასალების გადაბეჭდვის წესი