“აიფონ პლუსის” საქმის გამო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გადადგა

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობიდან გადადგა. ცერცვაძის განცხადებით, მას მართებულად მიაჩნია დატოვოს ეს თანამდებობა, რადგან შ.პ.ს. „აიპლუსისა“ და შ.პ.ს. „აიტექნიკის“ დავის განხილვის პროცესში მისი თანამდებობა შესაძლოა “აიპლუსმა” მოსამართლეებზე ზეწოლისთვის გამოიყენოს და “ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადებები” გააკეთოს მის შესახებ.  ცერცვაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია „აიპლუსის“ მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შ.პ.ს. „აიპლუსისა“ და შ.პ.ს. „აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არც ერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები.

ჩემთვის ძვირფასია თითოეული ჩემი კოლეგა, რომლებთანაც მრავალი ერთად გატარებული წარმატებული წელი მაკავშირებს და მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, წლების განმავლობაში ვყოფილიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაღლა ვაყენებ მოსამართლეების და მთლიანად სასამართლოს ინტერესებს. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება.”


თბილისის საქალაქო სასამართლომ ეფლის ტექნიკის რეალიზატორი მაღაზია “აიტექნიკის” სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და “აიფონ პლუსს” მათ სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 856 000 ლარის გადახდა დააკისრა. კომპანიამ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

“აიფონ პლუსის” მფლობელი მამუკა მარღიშვილი მიზანმიმართულ გაკოტრებაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძესა და მისი ოჯახის წევრებს ადანაშაულებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კომპანია “აიტექნიკთან”. კერძოდ, 2011 წელს კომპანია დააფუძნეს ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ, ხოლო კომპანიის მენეჯერი მისი ცოლი, გვანცა მიქუჭაზეა. “აიფონ პლუსი” ყადაღასა და სასამართლოს გადაწყვეტილებას ცერცვაძის გავლენას უკავშირებს. “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური სამართალწარმოება ცერცვაძის წინააღმდეგ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი