კალაძე: დესტრუქციული ძალები ბარბაროსულ ქმედებებს გვაბრალებენ

ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასთან დაკავშირებით დღეს, 15 მაისს დამატებითი განმარტებები გააკეთა. დაახლოებით ერთი თვეა, რაც ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი პროტესტის საგანია, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა ადგილობრივი მოსახლეობა  ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას განსაკუთრებით  აპროტესტებს.

დღეს კალაძე კონკრეტულად ერთ-ერთ ვიდეოსიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ქალი საუბრობს, რომ სამუშაო პროცესებში მისი გარდაცვლილი შვილის საფლავს თხრიდნენ. კალაძემ განაცხადა, რომ “გარკვეული დესტრუქციული ძალები” ამ ადამიანის პირადი ტრაგედიით მანიპულირებენ:

“ბოლო ორი დღის განმავლბაში გვაბრალებენ ბარბაროსულ და ვანდალურ ქმედებებს. თითქოს ჩვენ მოვთხარეთ საფლავები, ამოვთხარეთ მიცვალებულები და მათ მივაყენეთ შეურაცხყოფა. ეს არის ტყუილი და სიცრუე. მე მინდა დაგანახოთ ამ დესტრუქციული ძალების რეალური სახე. თქვენ იხილეთ კადრები, სადაც სოფელ მუგუდაში მიმდინარეობდა სამუშაოები, სადაც ერთ-ერთი ქალბატონი ტიროდა თავის გარდაცვლილ შვილს, თითქოს ჩვენ მისი გარდაცვლილი შვილის საფლავის გათხრა დავიწყეთ. ეს ქალბატონი გახლავთ ქალბატონი ნინო წიკლაური და მას მართლაც ჰყავს შვილი გარდაცვლილი. იგი აფხაზეთის ომში დაიღუპა და კიდევ ერთხელ გულწრფელად მინდა მივუსამძიმრო მას. კარგად მესმის, თუ რამდენად მძიმეა დედისთვის შვილის სიკვდილი, რადგან მეც შვილმკვდარი დედა მყავს ოჯახში. მე მინდა დაგანახოთ, თუ როგორ იყენებენ ეს დესტრუქციული ძალები ასეთი ქალბატონის პირად ტრაგედიას თავისი ბოროტი ზრახვებისთვის. ეს არის ამორალური, უზნეო საქციელი ამ დესტრუქციული ძალების მხრიდან.  ნინო წიკლაური ცხოვრობს სოფელ ხანდოში და მისი გარდაცვლილი შვილი დაკრძალულია სოფელ ხანდოს წინამარხის სასაფლაოზე”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განმარტა, რას გულისხმობდა მინისტრი სხვისი ტრაგედიის გამოყენებაში:

“ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ამ ადამიანის გაურკვეველი, მაგრამ ბუნებრივი ემოცია. მისი შვილის საფლავი იქ არ იყო, მისი სოფელი იქ არ არის. მოვიდა ქალი და ამბობდა, თქვენ თხრით ჩემი შვილის საფლავს და არ აყენებთ მიწაში. ჩვენ დავიზაფრეთ. ძალიან კარგად ვიცოდით, რომ არავის საფლავს არ ვთხრიდით, მაგრამ იმაზე დავიზაფრე, თუ როგორ ვერ ავუხსენი სათანადოდ. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ხომ იქ იდგნენ, ყველამ გაიშვირა თითი და თქვა, რომ ეს ხალხი ამ ქალის შვილის საფლავს თხრის. ეს არის გამოყენება ტრაგედიის”,- ამბობს ელოშვილი.

დღეს არც მინისტრს და არც მის მოადგილეს, არაერთი შეკითხვის მიუხედავად, არ დაუკონკრეტებიათ, ვის გულისხმობდნენ “დესტრუქციულ ძალებში”. თუმცა კახა კალაძის განცხადებით, ფასანაურში 10 მაისს გამართული აქციის უკან არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” დგას.

“ეს არის გარკვეული დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელით “მწვანე ალტერნატივა”, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს, შეჰყავთ შეცდომაში და იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი”, – განაცხადა კახი კალაძემ 11 მაისს.

“მწვანე ალტერნატივამ”კალაძეს უპასუხა. ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გუჯარაიძემ განაცხადა, რომ ფასანაურში ადამიანებმა თავად გამართეს აქცია და “მწვანე ალტერნატივას” არ აქვს მიზეზი, რომ ვინმეს ამოეფაროს.

10 მაისს ფასანაურში აქცია გაიმართა ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის წინააღმდეგ, ადგილობრივებმა ტექნიკის მუშაობა შეაჩერეს. თუმცა შემდეგ ვითარება დაიძაბა და პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com