ქართული მართლმსაჯულების 13 გამოწვევა

დღეს კოალიციამ “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” სასამართლო სისტემის გამოწვევებისა და რეფორმების შესახებ კვლევის შედეგები წარმოადგინა. კოალიციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად 2012 წლიდან დღემდე გატარებული პოზიტიური რეფორმებისა, სისტემაში ფუნდამენტური პრობლემები კვლავ რჩება. ე.წ. მესამე ტალღის იდეა კი დააზიანა პარლამენტის გადაწყვეტილებამ, შეეცვალა კანონპროექტი მის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე.

სასამართლო სისტემაში არსებული ძირითადი გამოწვევები
  1. საქმეთა განხილვის გაჭიანურების და მოსამართლეთა გადატვირთულობის ფონზე საბჭოს უმოქმედობა მოსამართლეთა საჭირო რაოდენობის განსაზღვრისთვის.
  2. საბჭოს ჭარბი უფლებამოსილებები საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებისას, მსმენელების მიღების და მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის ეტაპზე.
  3. საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების გაუმართავი პროცედურა, დასაბუთების ვალდებულების არარსებობა და გასაჩივრების შეზღუდული საფუძვლები.
  4. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნა და პრობაციონერი მოსამართლეების შეფასების ხარვეზიანი წესი, რაც შესაძლებელს ხდის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ადეკვატური შეფასების გარეშე.
  5. არაჯანსაღი ურთიერთობა და სუბორდინაცია სასამართლო თავმჯდომარეებს/გავლენიან ჯგუფებსა და რიგით მოქალაქეებს შორის, რაც აყალიბებს განსხვავებული აზრის საწინააღმდეგო კულტურას. თავმჯდომარეების დანიშვნის ხარვეზიანი წესი და მათი ჭარბი უფლება-მოვალეობები.
  6. სპეციალიზაციის განხილვის დარღვევით მოსამართლისთვის საქმის განხილვის დავალება, როგორც მოსამართლეზე ზემოქმედების ან საქმეზე მანიპულირების მექანიზმი.
  7. კარიერული წინსვლის განუჭვრეტადი პროცესი.
  8. საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის შეფერხების შემთხვევაში მანიპულირების რისკების არსებობა.
  9. არასათანადო კომუნიკაციისგან მოსამართლეების დაცვის არასაკმარისი გარანტიები.
  10. დისციპლინური პასუხისმგებლობის არაგანჭვრეტადი და ზოგადი ხასიათის საფუძვლები, რაც იძლევა ამ სისტემით მანიპულირების და მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.
  11. დისციპლინური პროცესის არასაკმარისი რეგულირება, რაც სამართლიან განხილვას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
  12. ინსპექტორის არასაკმარისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტიები.
  13. მოსამართლეებისთვის იმუნიტეტის მოხსნა ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე.

კვლევა კოალიციის წევრი ორგანიზაციების – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – ერთობლივი მუშაობის შედეგია.

კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ 2012 წლიდან, მართლმსაჯულების რეფორმის რამდენიმე ტალღის გატარების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა სასამართლო სისტემის დაცვა გარე თუ შიდა გავლენებისგან და იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად სასმართლოს დამოუკიდებლობისათვის საფრთხის შემცველი იყო.

კვლევის თანახმად, მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფების პირდაპირმა თუ არაპირდაპირმა მხარდაჭერამ სისტემაში განსხვავებული აზრი ჩაახშო, რამაც სასამართლო სისტემა შიდა დამოუკიდებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დააყენა. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნელები რეალურ პრობლემებზე აზრის გამოხატვას ერიდებიან, ხოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაუსაბუთებლად და არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად მიიღება.

ასევე, მათი განცადებით, მოსამართლეთა დანიშვნა არაფორმალური მოლაპარაკებების შედეგად ხდება, იუსტიციის სკოლაში კანდიდატთა მიღების პროცესი გაუმჭვირვალეა. ასევე, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით ინიშნებიან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კი დღემდე არ დაუდგენია საჭირო მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია და არ განუხორციელებია ეფექტური ღონისძიებები მოსამართლეთა დატვირთულობის შესაფასებლად.

“ჩვენ  ვხედავთ, რომ საბჭო დღესაც კენჭს უყრის კანდიდატებს და, სავარაუდოდ, დანიშნავს ათობით მოსამართლეს ისე, რომ ძალიან ბევრ კითხვაზე საზოგადოებას არ ექნება პასუხი. ჩვენ, “მესამე ტალღის” ცვლილებების მიღების მიუხედავად, ვერ მივიღეთ ისეთი სამართლებრივი სივცრე, რომელიც დაავალდებულებს იუსტიციის საბჭოს, განმარტოს თავისი გადაწყვეტილებები მოსამართლეების დანიშვნაზე,” – აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, სოფო ვერძეული.

კვლევის ავტორები ასევე აკრიტიკებენ საქმეების გადანაწილების პრინციპსაც და მოითხოვენ, ამოქმედდეს საქმის გადანაწილების სისტემა შემთხვევითი და ელექტრონული გადანაწილების გზით. საქმეების გადანაწილების მოქმედი წესი შესაძლებელს ხდის, წინასწარ შეირჩეს მოსამართლე, რომელსაც დაეწერება კონკრეტული საქმე და სასამართლო თავმჯდომარეებს ამ პროცესში არაგონივრულად ფართო დისკრეციას აძლევს. ნინო გვენეტაძის განცხადებით, ელექტრონული სისტემის სატესტო ვერსია უკვე ამუშავებულია და წლის ბოლომდე სისტემის სრულად დანერგვას ვარაუდობს.

კველვის თანახმად, ბოლო წლებში შემცირდა კანონმდებლობის დონეზე არსებული საფრთხეები მოსამართლეთა მივლინების, უკონკურსოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში. თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ ისევ არის შესაძლებელი, ეს მექნიზმი გამოყენებული იყოს, როგორც კონკრეტულ საქმეზე გავლენის მოხდენის საშუალება ან ცალკეული მოსამართლის მიმართ ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება.

კვლევის ავტორები ასევე მოსამართლეთა პერიოდული შეფასების სისტემის არსებობის აუცილებლობაზე საუბრობენ.

კვლევის ცალკე ნაწილი დაეთმო სასამართოს მენეჯმენტსა და ადმინისტრირების საკითხებს. საკითხის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასამართლო თავმჯდომარის ინსიტიტუტი მძლავრი ადმინისტრაციული ბერკეტებით სასამართლოს შიდა დამოუკიდებლობისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ასევე მოქმედებს თავმჯდომარის არჩევის არადემოკრატიული წესი, გათავისუფლების ბუნდოვანი პროცედურა და ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის დუბლირებული ფუნქციები.

“თავმჯდომარეების დანიშვნის წესი განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებს საბჭოს და, ვფიქრობთ, უფრო მეტად დემოკრატიული იქნება, თუ სასამართლოს მოსამართლეები თავად აირჩევენ თავმდჯომარეს,” – ამბობს ვერძეული.

დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა ასევე შესაძლებელია გამოიყენონ მოსამართლეზე ზეწოლისათვის, ვკითხულობთ კვლევაში. ვერძეულის განცხადებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების გამო მოსამართლეებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების და სამართალწარმოების პროცესი ხარვეზიანი და გაუმჭვირვალეა.

კვლევის ავტორების განცხადებით, აუცილებელია კანონით განისაზღვროს დისციპლინური სამართალწარმოების მიზნები და ამოცანები.

კვლევის ფარგლებში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევაც მოქმედ და ყოფილ მოსამართლეებს შორის. გამოკითხვის თანახმად, მოსამართლეთა უმრავლესობა 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემის მთავარ მიღწევად დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებას ასახელებს და რეფორმებს პოზიტიურად აფასებს. ასევე კვლევამ აჩვენა, რომ სასამართლო სისტემაში გენდერული საკითხები ნაკლებად აქტიუალურია და გამოკითხულთა უმრავლესობა არ ფლობდა ინფორმაციას გენდერული თანასწორობის არსზე.

სასამართლო სისტემის შესახებ კოალიციის კვლევის პრეზენტაცია 11.05.17 ფოტო: ნეტგაზეთი

სასამართლო სისტემის შესახებ კოალიციის კვლევის პრეზენტაცია 11.05.17 ფოტო: ნეტგაზეთ

კვლევის პრეზენტაცია დღეს დისკუსიის ფონზე გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ესწრებოდნენ.

საიას თავმჯდომარისმ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, კვლევის მიზანი იყომ ერთიანი სახით წარმოედგინა ბოლო წლებში გატარებული რეფორმების შედეგი და წარმოეჩინა ის პრობლემები, რომლებიც სისტემაში რჩება. ნაცვლიშვილის თქმით, განხორციელებული რეფორმები არ იყო თანმიმდევრული და მიმართული  სასამართლო პრაქტიკის შეცვლისაკენ.

“საქართველოში ჯერ კიდევ რთულია ვთქვათ, რომ ჩვენ გვაქვს შეუქცევადი პროცესი სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუმჯობესების კუთხით, ” – ამბობს ნაცვლიშვილი.

უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს საბჭოში ანგარიშის ავტორებთან ერთად განიხილავენ.

“ჩვენ  გვაქვს დეტალური წინადადებები, რაც რეკომენდაციების საპასუხოდ იქნება საბჭოს მხრიდან წარმოდგენილი და იქნება გაწერილი იმ საკითხებთან ერთად, რომლებზეც კოალიციასთან ერთად ვმუშაობთ დაახლოებით ერთი წელია,” – აცხადებს გვენეტაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მზადყოფნას გამოთქვამს, იმუშაოს კოალიციასთან ერთად და გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები. მისი თქმით, კომიტეტისათვის მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება პრიორიტეტულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი