ახალი ამბები

2014 წლიდან ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით თბილისის ქუჩებს 25 მოღვაწე ქალის სახელი მიენიჭა

8 მაისი, 2017 • 4249
2014 წლიდან ბიოლის ფონდთან თანამშრომლობით თბილისის ქუჩებს 25 მოღვაწე ქალის სახელი მიენიჭა

დღეს, 8 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყოფილ ლეჩკომბინატს შორის მდებარე ქუჩას ლიზიკო ქავთარაძის სახელი მიენიჭა. ქუჩის შესასვლელში დაიდგა ბანერი, რომელზეც მის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობებია თავმოყრილი.

ეს რიგით 25-ე ქუჩაა, რომელსაც ქალი მოღვაწის სახელი ეწოდა. დაახლოებით სამი წლის წინ, 2014 წელს, თბილისის მუნიცპალიტეტსა და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს შორის ხელი მოეწერa მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც თბილისის ქუჩებს 50 მოღვაწე ქალის სახელი უნდა დაერქვას.

ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის სახელდება

ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის სახელდება

“ვთქვით, რომ ქალბატონები, რომლებიც მივიწყებული იყვნენ, გაგვეცოცხლებინა მათი სახელები. ამ მემორანდუმის ფარგლებში ვალდებულება ავიღეთ 50 ქალბატონის სახელდებაზე. 25 ქალბატონის სახელი თბილისის ქუჩებს უკვე ჰქვია. ერთ-ერთი არის ქალბატონ ლიზიკო ქავთარაძის ქუჩა, რომელიც თავისი ბიოგრაფიითა და მწირი ინფორმაციით, საკმაოდ კარგი ნიმუში იქნება იმისა, თუ როგორი ქალი სჭირდება საქართველოს”, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლია ჯახველაძემ.

ლიზიკო ქავთარაძე (1905-1988) მე-20 საუკუნის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საზოგადო მოღვაწე იყო. იგი ცნობილი სოციალ-ფედერალისტის და თბილისის არქივის გამგის, ქაიხოსრო ქავთარაძის ოჯახში დაიბადა.

ლიზიკო ქავთარაძემ 1922 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მალევე ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რომელიც იმჟამად უკვე იატაკქვეშეთში იყო გადასული.

ის იყო დისიდენტი მწერალი და ანტისაბჭოთა საქმიანობის ბრალდებით რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. ლიზიკო ქავთარაძემ აღზარდა 80-იანი წლების ეროვნული მოძრაობის არაერთი გამოჩენილი ფიგურა.

ლია ჯახველაძე ამბობს, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება და თბილისის ქუჩებს ქალების სახელებს კვლავ დაარქმევენ. მემორანდუმის მიხედვით, საკრებულომ თბილისის ქუჩებს  იმ 50 ქალის სახელი უნდა მიანიჭოს, ვინც ბიოლის ფონდის პროექტში, სახელწოდებით “50 ქალი საქართველოდან” არის გაერთიანებული.

ლია ჯახველაძის თქმით,  ქუჩებისთვის მოღვაწე ქალების სახელების მინიჭება მთელი თბილისის მასშტაბით მოხდება.

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, ნინო ლეჟავას თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ 2015 წლის 8 მარტისთვის შეძლებდნენ ქუჩებისთვის პროექტში შესული 50-ივე ქალის სახელის მინიჭებას, თუმცა ეს პროცესი დღემდე არ დამთავრებულა.

ნინო ლეჟავა ამბობს, რომ სანამ მემორანდუმს გააფორმებდნენ, საკრებულოსთან ერთად დაიწყეს მუშაობა, მაგრამ ეს პროცესი დროში გაიწელა, რადგან  საკრებულოსაც კარგა ხანი დასჭრიდა, რომ გადაწყვეტილება მიეღო.  ამ საქმეში მერიის შესაბამისი სამსახურების ჩართვა კი- როგორიც არის ამ ქუჩების დატანა რუკაზე, აბრების გაკეთება- უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ.

ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის სახელდება

ლიზიკო ქავთარაძის ქუჩის სახელდება

არ გვქონია მცდელობა, რომ ცნობილი ქუჩა ყოფილიყო ქალაქის ცენტრში, მაგალითად, როგორც ბარნოვის ქუჩაა, რომელიც ორად გაყვეს, ნახევარი ბარნოვის ქუჩად დარჩა, ნახევარი კი აბაშიძისაა, იმიტომ, რომ მისი მემკვიდრეები არიან გავლენიანი ადამიანები. გულდასაწყვეტია, რომ  შედარებით პატარა ან უსახელო ქუჩებს დაერქვა სახელები. მიგვაჩნია, რომ ყველგან ადამიანები ცხოვრობენ და მათთვის სასიამოვნო მისამართი იქნება საფოსტო გამოყენებისთვის. შეფარული მიზანი არის ის, რომ საცხოვრებელი სივრცე, რომელსაც ყველა ჩვენგანზე აქვს გავლენა, კაცებზეც და ქალებზეც, იყოს ქალებისთვის მეგობრული. არ იყოს დომინანტური მხოლოდ მამაკაცური მეხსიერება, რომელიც ზოგადად, ისტორიოგრაფიაში დომინანტურია,  ქართულ ისტორიოგრაფიაში კი-ბევრად დომინანტური”, – ამბობს ნინო ლეჟავა.

თბილისის საკრებულოს 2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, თბილისში 1200 ქუჩაა, რომლებსაც პიროვნების სახელები აქვს მინიჭებული. აქედან 1120 ქუჩას კაცი მოღვაწის სახელი, ქალი მოღვაწის სახელი კი მხოლოდ 80 ქუჩას ჰქონდა.

თბილისის ქუჩების დასახელების გენდერული დისბალანსი
Create your own infographics

მასალების გადაბეჭდვის წესი