46369

ცენზურა მოსამართლეებზე – რას ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭო

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო განცხადებით მიმართავს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, კომუნიკაციების კომისიას, სახალხო დამცველს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო სექტორს, რომლითაც ითხოვენ რეაგირებას მოსამართლეების მიმართ ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებზე.

მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტები „გამოხატვის თავისუფლებისაგან განუყოფელ მოვალეობებსა და პასუხიმგებლობას“ არღვევენ მოსამართლეების მიმართ ისეთი შეფასებების გამოყენებით, როგორიცაა „ზონდერ- მოსამართლე“,„სამარცხვინო“, „ჯიბის მოსამართლე“, „დავალების შემსრულებელი“;

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე იშველიებს ციტატებს, რომლებიც კონკრეტული მედიასაშაულებების წარმომადგენლებს ეკუთვნით, თუმცა გაკეთებულია უშალოდ სასამართლო პროცესზე ან გადაცემაში, რომელიც ამ პროცესს ეხება და სადაც მხარეს წარმოადგენენ. საუბარია რუსთავი 2-ზე და მის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე, ასევე, დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილზე და წამყვან გიორგი გაბუნიაზე. საუბარია ისეთ ციტატებზე, როგორიცაა:

  • „ის (მოსამართლე შორენა ყაველაშვილი) არის მოსამართლის ზონდერი და მას ჰყავს თავისი ქვემდგომი ზონდერები, რომლებიც მოგვივლინა ამ პროცესზე.”
  • თქვენ (იგულისხმება მოსამართლე თ. ურთმელიძე) ვის, რა უნდა ასწავლოთ, ბათუმში ჩააბარეთ გამოცდა, სრულიად გასაგებია, როგორც ჩააბარეთ და არაფერი თქვენ არ იცით“
  • „ნატა ნაზღაიძე მონაა ჩვეულებრივი ბიძინა ივანიშვილის მორიგი…“
  • „ (მონები) ბევრნი არიან … სასამართლო სისტემაში მომრავლდნენ. სამწუხაროდ, რა დავალებაც აქვს, იმ დავალებას ასრულებს“;
  • „ჩვენ გვასამართლებენ ზონდერ-მოსამართლეები“;
  • მთავარი ზონდერი გამოკვეთილია, რომ არის ქ-ნ ნაზღაიძე, სრულიად სამარცხვინო. ურთმელიძეს თუ ვნახავდი კაბაში, ამისი მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ვხედავთ ურთმელიძეს კაბაში“;
  • ერთნაირად დაამთავრებენ ნატა ნაზღაიძე, თამაზ ურთმელიძეც და თეა წულუკიანიც;“
  • „სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა“

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საგანგებოდ მიმართავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და სთხოვს, განიხილოს ზემოთ აღნიშნული და მათი მსგავსი განცხადებები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ეკუთვნის რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესზე ამავე არხის წარმომადგენლებს ან მის მხარდამჭერებს,  და შეაფასოს ქარტიის პრინციპებთან მათი შესაბამისობა.

საბჭო მიიჩნევს, რომ ეს განცხადებები უნდა განიხილონ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად (კუმულაციურად) და ერთობლიობაში შეფასდეს ცალკეული ჟურნალისტების მხრიდან პროფესიული ეთიკის პრინციპების სავარაუდო დარღვევის საკითხი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის პრინციპები არ ასახავს ყველა იმ დებულებას, რაც „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ მიღებული დოკუმენტითაა გათვალისწინებული.

“კერძოდ, „ჟურნალისტთა ქცევის პრინციპების დეკლარაციისაგან“ განსხვავებით, ქარტია არ ადგენს ჟურნალისტის უფლებასა და მოვალეობას „კეთილსინდისიერი კომენტარისა და კრიტიკის“ თაობაზე ( the right of fair comment and criticism); გარდა ამისა, ქარტია არათუ მხოლოდ „მძიმე პროფესიულ დარღვევად“, არამედ საერთოდ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად არ ასახელებს „ წინასწარ განზრახულ, ბოროტ, ღვარძლიან, ცილისმწამებლურ ბრალდებებს, უსაფუძვლო თავდასხმებს, ფაქტების დამახინჯებსა და ჭორების გავრცელებას“ (malicious misrepresentation, calumny, slander, libel, unfounded accusations) საერთაშორისო სტანდარტებისაგან განსხვავებით;

ასევე ველით, რომ საკითხები განხილული იქნება ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციის მე-10 მუხლის (რომელსაც ასევე ემყარება ქარტია და მაუწყებელთა ქცევის კოდექსი) და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრიზმაში; გათვალისწინებული იქნება გამოხატვის თავისუფლების თაობაზე ევროპული კონვენციის ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპი – რომ გამოხატვის თავისუფლებისათვის თანაარსია „შესაბამისი მოვალეობანი და პასუხისმგებლობა“ და ის შეიძლება შეიზღუდოს როგორც ინდივიდუალური რეპუტაციის, ისე სასამართლოს ავტორიტეტის და მიუკერძოებლობის დასაცავად. (ასეთივეა საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მოთხოვნა)”, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მეთერთმეტე პრინციპები ცალსახად მოიცავს ჟურნალისტის მხრიდან ფაქტის სიზუსტის დაცვას და დარღვევად მიიჩნევს ფაქტის განზრახ დამახინჯებას.

“საბჭოს მიაჩნია, რომ სასამართლოსა და მოსამართლეების კრიტიკა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მათი შეურაცხყოფის, ლანძღვის, დამცირების, მათდამი სიძულვილის გავრცელებისა თუ მათი დაშინებისგან, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობის განცხადებებისაგან. გამოხატვის თავისუფლების ამგვარი გამოვლინებანი სცილდება არა მარტო სასამართლოს „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლებს, არამედ გამოხატვის თავისუფლების საერთო ფარგლებსაც, რომელთა გადალხვის შემდეგაც მისი შეზღუდვის აუცილებლობა წარმოიშობა”, – აცხადებს იუსტიციიის უმაღლესი საბჭო.

თუმცა, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებიდან ჩანს, საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ მედიის წარმომადგენლებს არ აქვთ მოსამართლეების საქმიანობის შეფასების უფლება მაშინ, როცა კონკრეტული საქმის მხარეს წარმოადგენს ეს მედიასაშუალება. ამას გარდა, ის, რაც შეიძლება არსით გამოხატავდეს კრიტიკას, საბჭო მიიჩნევს ლანძღვად. მაგალითად, საბჭოს დარღვევად მიაჩნია ასეთი ციტატაც კი:

„… განუკითხაობაა საერთოდ სასამართლო სისტემაში… საქართველოში სასამართლო სისტემა არ არსებობს, როგორც ასეთი. ერთი ადამიანი არის გადაწყვეტილებების მიმღები, ერთ ადამიანს უჭირავს ის ჩაქუჩი, რომლითაც მიიღება გადაწყვეტილებები სასამართლო სისტემაში და არიან უბრალო ხელმომწერი მოსამართლეები, რომლებსაც რასაც დაუდებენ, იმას აწერენ ხელს, ეს არის ჩვენი დღევანდელი სასამართლო სისტემა.. ასეთია სასამართლო სისტემა …წინასწარ დადებენ გადაწყვეტილებას და უბრალოდ მოაწერენ ხელს.“

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყურადღებას კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს, რაც უკავშირდება განხილვაში მყოფი საქმეების მედიაში გაშუქების სტანდარტების დადგენას:

“რათა ასეთმა გაშუქებამ ხელი არ შეუწყოს, ერთი მხრივ, საზოგადოებაში კონკრეტულ საქმეებზე წინასწარი აზრის ჩამოყალიბებას და საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს როლისა და ფუნქციების უზურპაციას მედიის მიერ, იმ აუცილებლობაზე უარის თქმას, რომ სასამართლოები საზოგადოების მიერ განიხილებოდნენ, როგორც სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტილების ერთადერთი სწორი ადგილი, როგორც ამას ხშირად მიუთითებს სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებებში”.

სასამართლო სხდომების გაშუქებასთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას შემუშავებული აქვს ჟურნალისტებისთვის სახელმძღვანელო პრინციპები.

“სიტყვის თავისუფლება, ისევე როგორც ინდივიდუალური რეპუტაცია და სასამართლოს ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის დაცვა, დემოკრატიული საზოგადოების უმთავრესი ღირებულებებია და ისინი მთელი საზოგადოებისაგან მოითხოვენ მხარდაჭერას”, – ნათქვამია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი