ციხელაშვილი: იმედია, აფხაზეთში გააცნობიერებენ, რას ნიშნავს რუსეთის ექსკლუზიური გავლენა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა  ქეთევან ციხელაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის 18-19 აპრილისთვის სოხუმში დაგეგმილი ვიზიტი მორიგი ღია პროვოკაციულ ნაბიჯად შეაფასა.

„რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრის  მხრიდან სოხუმში ეს არ არის პირველი ვიზიტი.  ეს არის კიდევ ერთი, მორიგი ღია პროვოკაციული ნაბიჯი. მე იმედს ვიტოვებ, რომ აფხაზური საზოგადოება გააცნობიერებს, რეალურად რა ვითარებაში იმყოფება დღეს რეგიონი, რას ნიშნავს ამგვარი ვიზიტები და რუსეთის ექსკლუზიური გავლენა რეგიონზე, რომ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და დე ფაქტო ანექსიის მცდელობასთან, როდესაც საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროზე რუსეთს აქვს ექსკლუზიური გავლენა. ვფიქრობ, ეს ვიზიტიც სწორედ ამ ჭრილში შეიძლება იქნას განხილული“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მინისტრმა საქართველოს ხელისუფლების მიდგომასა და საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასებაზეც ისაუბრა.

„საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან  შეფასება მხოლოდ ერთი, იმ პოზიციიდან გამომდინარე იქნება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას – ჩვენ წლების განმავლობაში ვცდილობთ, დეოკუაპციასთან ერთად დეესკალაციის პოლიტიკაც გავატაროთ. ჩვენი გზავნილი რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ არის გზავნილი, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული დაპირისპირებაში, რეგიონში უსაფრთხოების ერთერთი მთავარი აქტორია და ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ და ეს არის წითელი ხაზი –   ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პატივისცემაა“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com