ახალი ამბები

კრემლი აშშ-ს “სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაში” ადანაშაულებს

7 აპრილი, 2017 • 1978
კრემლი აშშ-ს “სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიაში” ადანაშაულებს

კრემლი, რომელიც სირიის კონფლიქტში ბაშარ ასადის მხარდამჭერია, აშშ-ის მიერ განხორციელებულ დაბომბვის ფაქტს გმობს. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს არის “სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელბული აქტი”.

წუხელ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საჰაერო ბაზაზე იერიში მიიტანა და ტომაჰავკის ტიპის 59 რაკეტა ესროლა. აშშ აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ბაშარ ასადის ძალების მხრიდან იდლიბთან ახლოს მდებარე დასახლებაში განხორციელებულ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 58 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათასობით ადამიანი დაშავდა. ასადის რეჟიმი ზემოხსენებულ თავდასხმას უარყოფს.

პენტაგონმა განაცხადა, რომ სანამ ასადის პოზიციებზე ტომაჰავკებით იერიშს მიიტანდა, რუსეთის შესაბამისი სამსახურები გააფრთხილეს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მათ დაბომბეს სწორედ ის ბაზა, საიდანაც სირიის ხელისუფლებამ ქიმიური შეტევა განახორციელა.

ტრამპმა ბაშარ ალ ასადს დიქტატორი უწოდა. “მოვუწოდებ ყველა ცივილიზებულ ქვეყანას, რომ შემოგვიერთდეს, რათა დავასრულოთ სისხლისღვრა სირიაში და ასევე დავასრულოთ ყველა ტიპის ტერორიზმი”, – განაცხადა ტრამპმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი