ახალი ამბები

წულუკიანი, მერაბიშვილი და უგულავა კათოლიკურ შობაზე [VIDEO]

25 დეკემბერი, 2012 • 1264
წულუკიანი, მერაბიშვილი და უგულავა კათოლიკურ შობაზე [VIDEO]

ცერემონიის დასაწყისში ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ტრიბუნიდან კათოლიკეებისთვის შობის დღესასწაულის მილოცვა სთხოვა.

 

“ყველას გილოცავთ ამ ძალიან დიდ დღეს, სულიერი თავისუფლების თავისუფლების დღეს ყველა ქრისტიანისთვის. ჩვენ ერთი რწმენის წარმომადგენლები ვართ, რაც არ უნდა განსხვავებული არსებობდეს ჩვენს შორის. როგორც ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, რომელიც სულ რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ დღესასწაულს, გილოცავთ მთელი გულით, თქვენ ხართ ჩვენი სისხლი და ხორცი. მინდა მოგცეთ გარანტია, როგორც მთავრობის წარმომადგენელმა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში რელიგიური თავისუფლება იქნება ხელშეუხებელი, და ჩვენ არავის, პირველ რიგში კი ჩვენს თავს არ მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე რელიგია, იქნება ეს უმცირესობა თუ უმრავლესობა, ხელისუფლებამ ან ვინმემ თავის იარაღად გამოიყენოს. ჩვენ ვართ ისეთი რელიგიური თავისუფლების მომხრე, რომლის პირობებში ყველა რელიგიას აქვს თავისუფალი აღმსარებლობის ნება, სახელმწიფოს აქვს თავისი პოზიტიური ვალდებულებები, სხვა მხრივ სახელმწიფო არ ერევა აღსარების თავისუფლებაში. 

 

ჩვენ ვართ დღეს აქ, სიყვარულის ადგილას, ქრისტიანულ ტაძარში და მე არ მძულს არავინ, რადგან ვარ ჭეშმარიტი ქრისტიანი. მაგრამ, როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, მე და ჩემი მთავრობა ვართ და ვიქნებით ყოველთვის სიმართლის ერთგული და ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის,”- განაცხადა წულუკიანმა.

 

თეა წულუკიანი
თეა წულუკიანი

 

იუსტიციის მინისტრის შემდეგ კათოლიკეებს შობა თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიულოცა.

 

“ჩვენი მრავალფეროვნება არის ჩვენი საგანძური და ჩვენი რელიგიური თავისუფლება არის ის ქვაკუთხედი, რომელსაც ეფუძნებოდა, ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება ჩვენი სახელმწიფო. ვისურვებ, რომ ჩვენ ამაზე არ გველაპარაკოს, და ამის საჭიროება არ ყოფილიყოს, არც პოლიტიკოსების და არც უფლებადამცველების მხრიდან. მაშინ მართლაც ჭეშმარიტ მშვიდობას მივაღწევთ,”- განაცხადა თბილისის მერმა. 

 

რაც შეეხება კიდევ ერთ პოლიტიკოსს, ვანო მერაბიშვილს, რომელიც ასევე ესწრებოდა შობის დღესასწაულის ცერემონიას, ეკლესია კომენტარის გარეშე დატოვა. 

 

შეგახსენებთ, რომ კათოლიკეებს შობა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც მიულოცა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი