ახალი ამბებისამართალი

თამბაქოს იაფად გაყიდვისთვის სასამართლომ 100 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კომპანია

30 მარტი, 2017 • 6486
თამბაქოს იაფად გაყიდვისთვის სასამართლომ 100 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კომპანია

2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სს „თბილისის თამბაქოს“ სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხეების – “ფილიპ მორის ეს.ეი“-ს და შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ მიმართ და მათ “თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ 93 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლოს სრული გადაწყვეტილება დღეს, 30 მარტს “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” გაასაჯაროვა.

მოსარჩელე და მოპასუხე მხარე

სს „თბილისის თამბაქო“ არის სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც საქართველოში აწარმოებს და ახდენს სხვადასხვა სახის თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის “პირველი” პრემიუმ ლურჯის, “პირველი” პრემიუმ წითლის, “პირველი” ინტერ ლურჯისა და “პირველი” ინტერ წითელი სიგარეტების რეალიზაციას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, სს “თბილისის თამბაქოს” 85 %-ს შპს სმარტ გრუფი ფლობს, ხოლო 15%-ს ავთანდილ წერეთელი. ავთანდილ წერეთელს 2013 წელს “ქართული ოცნებისთვის 5 000 ლარი აქვს შეწირული.  ავთანდილ წერეთლის შვილი – ვახტანგ წერეთელი არის შპს ტელეკომპანია პირველის 100%-ანი წილის მფლობელი. შპს სმარტ გრუფის 100 %-ის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული კომპანია “პასქუინო მენეჯმენტ კორპ, პანამაა”.

შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი  პარტნიორი არის შვეიცარიის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კომპანია „ფილიპ მორის ეს.ეი“. კომპანია საქართველოში ახორციელებს სხვადასხვა სახის თამბაქოს ნაწარმის, მათ შორის როტმანსი, პალმალი, ბონდი, L&M, მარლბორო, პარლამენტი  და სხვა.

დავის საგანი

სარჩელის თანახმად,  “2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე მოპასუხეები ახდენენ სხვადასხვა სახის სიგარეტების რეალიზაციას თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, რითაც არღვევენ არა მხოლოდ კანონს, არამედ ზიანს აყენებენ სს „თბილისის თამბაქოს“, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოსარჩელე კომპანიის გაყიდვები პრაქტიკულად განახევრდა და შემცირდა მისი საბაზრო წილი.

შპს „ფილიპ მორის ეს.ეი“-ის წარდგენილი შესაგებელის თანახმად, კომპანიას მოსარჩელესთან და მის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებთან და  სამართლებრივ საკითხებთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია. იგი წარმოადგენს მხოლოდ შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ დამფუძნებელს, თუმცა იგი არ მონაწილეობს  ქართული კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც  დასტურდება შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ წესდებითაც.

“ფილიპ მორის საქართველოს” შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მონაცემები ემყარება მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და ვარაუდებს, რაც არ არის გამყარებული არანაირი ობიექტური მტკიცებულებებით. მათი აზრით, მოსარჩელის მიერ  ვერ დასტურდება, რომ მისი გაყიდვები და შემოსავლები მას შემდგომ დაეცა კატასტროფულად, როცა, როგორც მოსარჩელე აღნიშნავს,  დემპინგურ ფასად დაიწყო პროდუქციის რეალიზაცია. უფრო მეტიც, კომპანიის თქმით, „ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტების საცალო გასაყიდი ფასები სადავო პერიოდში აბსოლუტურ უმრავლეს შემთხვევებში იყო მაღალი, ვიდრე სს „თბილისის თამბაქოს“ წარმოებული სიგარეტებისა.

სასამართლოს გადაწყვეტილება და მტკიცებულებები

თბილისის საქალაქო სასამათლოს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ მიიჩნია, რომ სს „თბილისის თამბაქოს“ მიერ წარმოებული სიგარეტების რეალიზაცია 2013 წლის  1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში მნიშვნელოვნადაა
შემცირებული.

საქმის მთავარი მტკიცებულება ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაა. დასკვნის თანახმად, „საქმის მასალებით დგინდება, რომ 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში, 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდთან შედარებით ფილტრიანი სიგარეტების რეალიზაცია სახეობების მიხედვით შემცირებულია შემდეგნაირად:

– პირველი პრემიუმ ლურჯი ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია შემცირებულია 364 299 200 ღერით / 18 214 960 კოლოფით ანუ 52%-ით;
– პირველი პრემიუმ წითელი ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია შემცირებულია 107 814 600 ღერით / 5 390 730 კოლოფით ანუ 60%-ით;
– პირველი ინტერ ლურჯი ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია შემცირებულია 679 248 400 ღერით / 33 962 420 კოლოფით ანუ 55%-ით;
– პირველი ინტერ წითელი ფილტრიანი სიგარეტის რეალიზაცია შემცირებულია 381 609 800 ღერით / 19 080 490 კოლოფით ანუ 46%-ით;

“ფილიპ მორის საქართველოს” შესაგებელის თანახმად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ძირითადად, ემყარება ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც შედგენილია უკანონოდ  მოპოვებულ ინფორმაციასა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

“საექსპერტო გამოკვლევაში დასახელებული ფაქტები დასტურდება თავად შპს „ფილიპ მორის საქართველოს“ მიერ ცხრილის სახით წარმოდგენილი ინფორმაციით, სადაც მოცემულია მისი რეალიზებული პროდუქციის ჩამონათვალი და ერთ კოლოფ სიგარეტზე გადაანგარიშებული ერთეულის ღირებულება 2013 წლის 1 სექტემბრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის პერიოდის ჩათვლით,” – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხეების მხრიდან  არასამართლიანი ფასების დაწესების შედეგად სს თბილისის თამბაქოს პროდუქციის მიმართ არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი 8 571 954.16 ლარი.

  •  სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ეკისრება არა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის/ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურების ვალდებულება, არამედ მოპასუხეებს დამატებით უნდა დაეკისროთ 2015 წლის 1 სექტემბრიდან მოსარჩელის მიერ მისაღები ანაცდური მოგებაც. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეებისთვის 2015 წლის 1 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 10%-ის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ როგორც მინიმუმ, ბანკში განათავსებდა ამ თანხას და 10%-ს მიიღებდა წელიწადში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განმარტება არის გონივრული და ამდენად, უნდა დაკმაყოფილდეს.
  •  სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ზიანის მიყენება გრძელდება და არის ხანგრძლივად გაგრძელების პერსპექტივით, ამდენად სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინეით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება წლიური 10%-ის ოდენობით როგორც 2015 წლის 1 სექტემბრის შემდგომ პერიოდზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე შემდგომი 10 წლის განმავლობაში სათანადო სამეწარმეო საქმიანობით მისაღები შემოსავლის ასანაზღაურებლად 42 859 770 ლარის ოდენობით.
  • სასამართლო გაიზიარა მოსარჩელის კიდევ ერთი მითითება, რომლის მიხედვითაც, თამბაქოს პროდუქციის ბაზარზე მოსარჩელის პოზიციების დასაბრუნებლად მთელი რიგი მარკეტინგული ღონისძიებებია გასატარებელი, რაც სწორედ 25 000 000 ლარს მოიცავს და მოპასუხეებს “თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ ამ თანხის გადახდა დაავალა.
  • სასამართლო დადგენილად მიიჩნია ისიც,  რომ მოპასუხეები – „ფილიპ მორის ეს.ეი“ და შპს  „ფილიპ მორის საქართველო“ უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ 15 000 000 ლარით  და ამ თანხის “თბილისის თამბაქოს” სასარგებლოდ გადახდა დაავალა.

სასამართლოს გადაწყეტილების შეფასებები

24 მარტს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ განაცხადა, რომ საქმის განხმილვევლი მოსამართლე კორუმპირებულია.

“ვინც ამ გადაწყვეტილებას გაეცნო, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა, ჩვენთვის აშკარად კორუმპირებული მოსამართლე გახლავთ ვლადიმერ კაკაბაძე. ჩვენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლე კაკაბაძის წინააღმდეგ საჩივარი შევიტანეთ და ყურადღებით დავაკვირდებით, თუ როგორ იმუშავებენ და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. მთავარია, ჩვენ დავინახოთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის პრინციპებს უჭერს მხარს და არა კორუმპირებულებს აფარებს ხელს”.

27 თებერვალს „თბილისის თამბაქოს“ იურისტმა, გიგა კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ  ფადი ასლი სასამართლოზე ცდილობს ზეწოლას.

“ფადი ასლი ცდილობს სასამრთლოს დისკრედიტაციას. ამის მიზანი ის არის, რომ ზემდგომ ინსტანციაში ფილიპ მორისის სასარგებლოდ გამოიტანონ გადაწყვეტილება. ”

ფადი ასლის ბრალდებებს განცხადებით გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლო:

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის ფადი ასლის მხრიდან  მოსამართლის  კორუფციაში დადანაშაულება, ცილისწამებაა, არ გააჩნია კონკრეტული გონივრული დასაბუთება და მიზნად ისახავს მოსამართლის დისკრედიტაციას. იმ შემთხვევაში, თუ განცხადების ავტორს გააჩნია მოსამართლის მხრიდან კორუფციული ქმედების დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტი, იგი არამხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა მიმართოს შესაბამის უწყებებს.

კერძო სუბიექტებს შორის წარმართულ დავაში ცალსახად იკვეთება საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარის არაჯანსაღი მიკერძოებულობა პროცესში მონაწილე ერთ-ერთი მხარის მიმართ, რაც სავარაუდოდ მიანიშნებს საქმის შედეგის მიმართ ფადი ასლის კონკრეტულ ინტერესებზე.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს ფადი ასლის დარჩეს სამართლებრივ სივრცეში და ნაცვლად დეზინფორმაციული ხასიათის განცხადებებისა, დაელოდოს ამავე საქმეებზე ზემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილებებს. ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ უკანასკნელმა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებებისგან, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედება”, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

მამუკა დავლაძე, თბილისის თამბაქოს წარმომადგენელი, აქცია ფადი ასლის განცხადებების წინააღმდეგ. 30.03.2017

მამუკა დავლაძე, თბილისის თამბაქოს წარმომადგენელი, აქცია ფადი ასლის განცხადებების წინააღმდეგ. 30.03.2017

სასამართლოს გადაწყვეტილებაში კორუფციული ნიშნები დაინახა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა”, რომლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  “თუ „ფილიპ მორის საქართველო“ და„ბრითიშ-ამერიქან ტობაკო“ წლების განმავლობაში დემპინგურ ფასად ყიდდნენ საკუთარი პროდუქციის ნაწილს ქართულ ბაზარზე, ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეთა ნაწილს, რომელიც თამბაქოს ნაწარმს მოიხმარს, დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა იაფად ეყიდა ეს პროდუქცია. ანუ სიმართლეც რომ იყოს ის, რასაც მომჩივანები ამ ორ კომპანიას ედავებიან, ამით საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა მხოლოდ იხეირა და გაუგებარია, რატომ უნდა დაისაჯოს ამის გამო აღნიშნული კომპანიები”.

ამას გარდა, გირჩი მიუთითებს, რომ საქართველოში არ არსებობს ანტიდემპინგური კანონი, “რაც კარგია, რადგან ასეთი კანონის ამოქმედების რეზულტატი იქნება მხოლოდ შემდეგი – გაჭირვებული მოსახლეობისთვის რიგ პროდუქტებზე ფასების ზრდა და კორუფციული გარიგებები). შესაბამისად, გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო პირველი ინსტანციის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება”.

მამუკა დავლაძე, თბილისის თამბაქოს შესყიდვების მენეჯერი, ამბობს, რომ ფილიპ მორისი ბაზარზე დემპინგურ მაქინაციებს აწარმოებს.

“ამის სახსრები მას გააჩნია, რომ იმუშაოს წაგებაზე, ჩაძიროს ადგილობრივი წარმოებები და დატოვოს ქართველი ხალხი უმუშევარი, როგორც პირადად მე. ამაზე აღიძრა საქმე და ქართულმა სასამართლომ გამოიტანა მართებული გადაწყვეტილება და ფილიპ მორისს დააკისრა ფულადი ჯარიმა”.

დავლაძის თქმით, ფილიპ მორისს არ სჭირდება ადვოკატები.

“ეს კომპანია არის მაქინაციებში შემჩნეული, კერძოდ, დემპინგში – ხელოვნურად ფასების ვარდნაში. ფილიპ მორისს ამის სახსრები გააჩნია. ფადი ასლიმ მიხედოს თავის საქმეს, თუ უნდა საქართველოში გაჩერება და ყოფნა”.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს სამართლებრივი შეფასება

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტის, მაკა ჯიმშელეიშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არაერთი მიმართულებით არის დაუსაბუთებელი. მისივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს “ფილიპ მორისისგან” დოკუმენტები არ გამოუთხოვია.

“თბილისის თამბაქომ” თავად წარუდგინა დოკუმენტები ექსპერტიზის ჩასატერებლად და ექსპერტიზის ბიუროც ამ ინფორმაციას ეყრდნობა. ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ “თბილისის თამბაქოს” მოგება 2011-2013 წლებში იყო 8,5 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე 2013-2015 წლებში, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა არ გვეუბნება, რომ ეს დანაკლისი “ფილიპ მორისის” მიერ დემპინგურ ფასში პროდუქციის რეალიზაციამ გამოიწვია.  სასამართლომ საერთაშორისო კომპანიასაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე დააკისრა დიდი თანხა.”

იურისტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ “ფილიპ მორისი” იმ კანონის საფუძველზე დააჯარიმა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს:

“2015 წელს მთავრობას სურდა ანტიდემპინგური კანონის შემოღება, თუმცა ეს ვერ განხორციელდა.  დემპინგი ნიშნავს იმას, რომ ექსპორტიორი კომპანიის მიერ ბაზრის სრული დაკავება არ მოხდეს პროდუქციის თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად გაყიდვით. საკმაოდ რთული არის ნაწარმის თვითღირებულების დადგენა. ჩვენი კანონმდებლობა საერთოდ არ იცნობს დემპინგს.”

მისივე თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა კონკურენციის სააგენტოს დასკვნა და სათანადო დასაბუთების გარეშე დაადგინა “კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა.

“სასამართლომ საქმეს არ დაურთო და გადაწყვეტილებაში არ გაითვალისწინა “ფილიპ მორისის” მიერ წარდგენილი კონკურენციის სააგენტოს დასკვნა, რომლითაც არ დადგინდა თამბაქოს ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევა.  ფილტრიანი და უფილტრო  სიგარეტების ბაზრის კვლევის სააგენტოს 2016 წლის ანგარიშში, რომელიც მოიცავს  მონიტორინგის 40 თვიან პერიოდს ვკითხულობთ:

კომპანიების დეტალური გაანალიზებისას, რიგ ეკონომიკურ აგენტებს გამოეკვეთათ პროდუქციის თვითღირებულებით ან/და ნაკლებ ფასად რეალიზაციის ტენდენცია. ეს ფაქტი თვისობრივად არ მოდის წინააღმდეგობაში დღევანდელ კანონმდებლობასთან, რადგან არ არსებობს საკანონმდებლო ნორმა, რაც სამართლებრივ დონეზე დაარეგულირებს მსგავს ფაქტს,” -აღნიშნავს მაკა ჯიმშელეიშვილი.

მისივე თქმით, კანონდარღვევას ადგილი რომც ჰქონოდა, სასამართლოს დაკისრებული ჯარიმა მაინც არარელევანტურია:

“თბილისი თამბაქომ იმაზე მეტი თანხა მიიღო, ვიდრე შესაძლო ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო. მათ მიიღეს 93 მილიონ ლარამდე, მაშინ როცა ზიანი შეიძლებოდა ყოფილიყო 8,5 მილიონი ლარი. ყველაზე აბსურდული მოთხოვნა, რომელიც სასამართლომ დააკმაყოფილა ის არის, რომ მომავალი 10 წელი პილიპ მორისი სავარაუდოდ გააგრძელებს იგივენაირად პროდუქციის რეალიზებას და ამისთვის 42 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა. საიდან მოვიდა 10 წელი? იქნებ 5 წელი აგრძელებს, ან საერთოდ არ აგრძელებს? შეიძლება ითქვას, რომ მკითხაობა დაიწყო სასამართლომ.”

საერთაშორისო გამჭვირვალობა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, შესაძლოა საქმე კორუფციულ გარიგებასთან გვქონდეს. გიგაური მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება  იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეისწავლოს.

გამჭვირვალობის კვლევის მიხედვით, ამ დავას იხილავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის  მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე, რომელიც 2016 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესდა თანამდებობაზე.

“საინტერესოა, ის გარემოება, რომ მსგავს საქმეზე იმავე დღეს მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, ადგილობრივი  თამბაქოს მწარმოებელი კომპანია „ომეგას” სასარგებლოდ 270 მილიონამდე ლარით დააჯარიმა კიდევ ერთი თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია „ბრითიშ ამერიქან თობაქო.” ასევე, გავრცელებული ინფორმაციით იგივე მოსამართლე განიხილავს „ტერა ბანკის” საქმესაც, რომლის განხილვისას დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით „საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნულ კომიტეტს საქართველოში” შეტანილი აქვს დისციპლინური საჩივარი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – აღნიშნულია კვლევაში.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი