ახალი ამბები

ჩატაევის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ[video]

6 დეკემბერი, 2012 • • 4619
ჩატაევის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ[video]

“მე ვიყავი ციხეში და მეც ძალიან მსურს ბევრი რამის ცოდნა. ის, რაც ვიცი, უმეტესობა ჟურნალისტებისგან ვიცი”, – განაცხადა ჩატაევმა და ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა, ვინც მის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა.

 

“მე ჩემი მეგობრის საშუალებით დამიკავშირდნენ ქართველი სამართალდამცავები და მთხოვეს მონაწილეობა მიმეღო მოლაპარაკებებში. მითხრეს, რომ იყო შეიარაღებული ჯგუფი და უნდა მიმეღო მონაწილეობა მოლაპარაკებაში, რომ არ ყოფილიყო შეიარაღებული დაპირისპირება. მე ქართულ მხარესთან ვიყავი მოსალაპარაკებლად გადმოსული და ველოდი პასუხს, როცა დაიწყო სროლა”, – ასე იხსენებს ლაფანყურის სპეცოპერაციის დეტალებს აჰმედ ჩატაევი, რომელიც სპეცოპერაციას ცოცხალი გადაურჩა.

 

ჩატაევის თქმით, მისი ინფორმაციით, ქართველი სამართალდამცავების მიერ ლიკვიდირებული შეიარაღებული პირები ჩეჩნეთში აპირებდნენ მოხვედრას.

 

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია სხვა დროს ჩეჩნეთში შეიარაღებული ჯგუფის გადასვლაზე, ჩატაევმა უპასუხა: “ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა გავიგე, რომ ვიღაც გეგმავდა ჩეჩნეთში გადასვლას. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიყავი საქმის კურსში.

 

აჰმედ ჩატაევმა ასევე განაცხადა, რომ პირველ რიგში, იმკურნალებს. სპეცოპერაციისას მან მარცხენა ფეხი დაკარგა და განმეორებით ოპერაციას საჭიროებს. მისივე თქმით, მას საქართველოში ჰყავს ცოლ–შვილი და აქ 3 თვეში ერთხელ რეგულარულად ჩამოდიოდა ავსტრიიდან, სადაც მუდმივად ცხოვრობდა ლტოლვილის სტატუსით. ჩატაევის მტკიცებით, ავსტრიაში პატარა მაღაზია აქვს და ამ საქმიანობითაა დაკავებული.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ახმედ ჩატაევს აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა შეუცვალა 5000- ლარიანი გირაოთი და დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

მისი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვა პროკურატურამ. პროკურორ ელიზბარ გოზალიშვილის თქმით, ჩატაევის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მეორე გამოძიება, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საკუთარი ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ჩატაევს დაკავებისას არანაირი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია და თავდაპირველი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცეს.

 

გოზალიშვილის თქმით, შესაძლოა, გამოძიების შედეგად ეჭვქვეშ დადგეს იმ მტკიცებულებების მოპოვების კანონიერების საკითხი, რომელიც საფუძვლად უდევს ჩატაევისადმი წაყენებულ ბრალდებას. შესაბამისად, პროკურატურა მიიჩნევს, რომ გამოძიების დასრულებამდე და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჩატაევს შეეფარდოს გირაო პატიმრობის ნაცვლად.

 

ჩატაევი დააკავეს 28 აგვისტოს ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელსაც ემსხვერპლნენ როგორც პოლიციელები, ისე იმ ჯგუფის წევრები, რომლებიც შსს-მ შეიარაღებული დივერსანტების ჯგუფად გამოაცხადა.

 

ჩატაევს ბრალი წაყენებული აქვს სსკ–ის 236–ე მუხლის I და II ნაწილებით, რაც ასაფეთქებელი მოწყობილობების მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი