ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ ახალაიას მიერ ნახმარი იარაღის შესყიდვაზე პროკურატურას მიმართა

6 დეკემბერი, 2012 • 1049
თავდაცვის სამინისტრომ ახალაიას მიერ ნახმარი იარაღის შესყიდვაზე პროკურატურას მიმართა

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის თქმით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამსახურებრივი შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამიინსტრომ ბაჩანა ახალაიას ხელმძღვანელობის პერიოდში შეიძინა “მოძველებული, მეორადი, შეღებილი და ზოგიერთ შემთხვევაში კუსტარულად შეკეთებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.

დოკუმენტების თანახმად 1 ცალ ავტომატში გადახდილია 290 ევრო, რეალურად საბაზრო ღირებულება მერყეობს 50 ევროს ფარგლებში. შესაბამისად, რადგანაც სახეზეა აშკარად დანაშაულის ნიშნები, ეს საქმე გადაეგზავნება საქართველოს მთავარ პროკურატურას”, – განაცხადა ავალიანმა.

თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის თქმით, მთლიანობაში რამდენიმე ათეული ათასი ცალი ასეთი მოძველებული ავტომატია შესყიდული:

“მასში, საერთო ჯამში, გადახდილია 12 მილიონამდე ევროს ექვივალენტი ლარებში, უფრო ზუტად – 11 მლნ 150 ათასი ევრო. რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს შეიარაღებისა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პირველი შეხედვით ეს არის ხმარებაში ნამყოფი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. რადგანაც საქმე გვაქვს დანაშაულის აშკარა ნიშნებთან, იგზავნება მასალები პროკურატურაში.”

გენერალური ინსპექციის უფროსი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს იმ კომპანიას, რომლისგანაც იქნა შეძენილი ეს იარაღი. მისი თქმით, ეს არის პანამის ოფშორში რეგიტრსირებული კომპანია და თანხაც მის ანგარიშზეა გადარიცხული. მისივე თქმით, საეჭვო შესყიდვებში სხვა საბრძოლო ტექნიკაც ფიგურირებს, რომელსაც ასევე სწავლობს გენერალური ინსპექცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი