ახალი ამბები

“ცილისწამებაა, რომ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა” – მეუფე პეტრეს პასუხი სინოდს

14 მარტი, 2017 • 2961
“ცილისწამებაა, რომ ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა” – მეუფე პეტრეს პასუხი სინოდს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) აცხადებს, რომ სინოდის 9 მარტის სხდომა აღმოჩნდა “მიკერძოებული სამართლით”. იგი საპასუხო წერილით მიმართავს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქსა და სინოდის წევრებს.

“წარმოუდგენელი და მოულოდნელი იყო, რომ სინოდის სხდომა ისე ჩაივლიდა, აქცენტი მხოლოდ მხოლოდ ჩემი უღირსებისთვის ესოდენ მკაცრი და უსამართლო განჩინების გამოცხადებით დასრულდებოდა,” – აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე და იქვე კითხულობს:

“ნუთუ, დღემდე ეკლესიის დისკრედიტაციის მძიმე ფაქტები არა გვაქვს. ან ჩემგან არ გსმენიათ სინოდის სხდომაზე? ან ჩემს წინააღმდეგ დაწყებული და დაუსაბუთებელი ცილისწამებები ბრალდების სახით თქვენთვის ეკლესიის დისკრედიტაციას არ ნიშნავს?”

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის განცხადებით, “წარმოუდგენელია, სინოდის სხდომა, რომელიც ესოდენ სკანდალური “ციანიდის საქმის” შემდეგ იქნა ჩანიშნული და ამ განსაცდელზე და არც ამ განსაცდელის გამომწვევ მიზეზებზე არ გამოიკვეთა განსაკუთრებული ინტერესი, ხოლო მამაოს მიერ საპყრობილედან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ, თითქოს დაკვეთით, დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც როგორც მე სინოდის წევრი არ გეთანხმებით”.

მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საეკლესიო კანონებს განმარტავს, რომელთა დარღვევაშიც იგი იქნა დადანაშაულებული სინოდის ოქმის მიხედვით და ამ მხრივ არსებულ დარღვევეზე საუბრობს.

“მივესალმები რჯულის კანონის ამოქმედებას ეკლესიაში არსებულ მრავალრიცხოვან დარღვევათა გამოსასწორებლად, მაგრამ დიდი უსამართლობა იქნება, ეს ყველაფერი დაიწყოს ჩემით და ჩემითვე დასრულდეს, რისი პრეცენდენტიც გამოიკვეთა.

რატომ გვიჭირს ვაღიაროთ ის სამწუხარო ფაქტი, რომ ჩვენს ეკლესიაში წმინდა მამათა კანონები დატევებულია და ყოველგვარი სიმკაცრე განდევნილი? ვშიშობ, რომ საეკლესიო საქმენი სრულ არეულობაში არ მოვიდეს, როდესაც ეს გულგრილობა და მიკერძოებულობა ნელ-ნელა თავისი გზით წავა და ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს,” – წერს მიტროპოლიტი პეტრე.

მისი თქმით, ის აპირებს “ცრუ ბრალდებებს” უპასუხოს:

“ეკლესიის დისკრედიტაციას რომ ემსახურებოდა ჩემი გამოსვლა, ეს სრული ცილისწამებაა, რასაც სიმდაბლით ვღებულობ და ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას პასუხი გავცე ყველა ცრულ ბრალდებას,” – აცხადებს მიტროპოლიტი.

სინოდის 9 მარტის სხდომის ოქმის მიხედვით, “წმ. სინოდმა დაადგინა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) მიეცეს გაფრთხილება და განთავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია  «ერთსულოვნების» დირექტორის  თანამდებობიდან”.

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წერილი ილია მეორესა და სინოდის წევრებს

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წერილი ილია მეორესა და სინოდის წევრებს

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წერილი ილია მეორესა და სინოდის წევრებს

მიტროპოლიტ პეტრე ცაავას წერილი ილია მეორესა და სინოდის წევრებს

მასალების გადაბეჭდვის წესი