ახალი ამბები

სუბარის ყოფილი მრჩეველი – ახალი კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე

29 ოქტომბერი, 2012 • 4523
სუბარის ყოფილი მრჩეველი – ახალი კანდიდატი სახალხო დამცველის პოსტზე

1995-2004 წლებში ნათია იმნაძე სწავლობდა პარიზის Paris IV Sorbonne და Paris II Pantheon-Assas უნივერსიტეტებში, სადაც მიღებული აქვს იურისტის, საჯარო სამართლის და ევროკავშირის სამართლის მაგისტრის ხარისხები. იგი იყო საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის და ამჟამად სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის მთავარი მრჩეველი.

 

“ქალბატონი ნათია იმნაძე წლების განმავლობაში დაუღალავად იბრძოდა საქართველოში წამების აღმოფხვრისა და დაუსჯელობის სინდრომის წინააღმდეგ, მისი უშუალო დახმარებითა და ხელშეწყობით იწერებოდა მრავალი სამედიცინო დასკვნა წამების შემთხვევების შესახებ, რომელთა უმრავლესობაც გამოყენებულია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აქვს გამოცდილება ყველა მოწყვლადი კატეგორიის უფლებების დაცვისა. 

 

ქალბატონი ნათია იმნაძე არის რეპრესირებული ოჯახიდან, მისთვის უცხოა საბჭოთა და პოსტსაბჭოთა აზროვნება, არის პრინციპული და სამართლიანი ადამიანი, თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ექსპერტებთან და პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვას”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ექვსი ორგანიზაცია. ესენია: წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრიემპათია“;  საქართველოს ექიმთა ასოციაცია; ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე; ქალთა ასოციაცია ნაბაკევი/დარჩელი; თბილისის ევროატლანტიკური კვლევების ცენტრი; დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრივექტორი“.


შესაბამისი მიმართვის ტექსტი აღნიშნულმა ორგანიზაციებმა უკვე გაუგზავნეს საქართველოს პარლამენტს. 

 

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველის პოსტზე ამ დრომდე დასახელებულნი იყვნენ – თამარ გურჩიანი, ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლაიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი