ახალი ამბები

1.3 მილიონი ლარის ოდენობით ჯეკპოტის მფლობელი ჯერ არ გამოჩენილა

1 თებერვალი, 2017 • 7590
1.3 მილიონი ლარის ოდენობით ჯეკპოტის მფლობელი ჯერ არ გამოჩენილა

31 იანვარს საქართველოს ლატარიის კომპანიამ რიგით მე-17 ჯეკპოტი – 1 380 345 ლარი გაათამაშა, თუმცა, როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, ბილეთის მფლობელი ჯერ არ გამოჩენილა.

ჯეკპოტის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია შემდეგნაირად გადანაწილდა: 1, 3, 9, 10, 35, 36.

საქართველოს ლატარიის კომპანია აცხადებს, რომ იღბლიანი ბილეთის მფლობელი მოგების გასანაღდებლად უნდა ეწვიოს თბილისში, მელიქიშვილის N16 მდებარე ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრს, ან დარეკოს ლატარიის კომპანიის ცხელ ხაზზე.

გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს ლოტოს  მომგებიანი ბილეთი, რომელიც გაივლის ვალიდაციის პროცედურას. ლატარიის კომპანიის განცხადებით, მოგების დადასტურების შემდეგ, ჯეკპოტი გამარჯვებულს ორ კვირაში პირად ანგარიშზე ჩაერიცხება.

როგორც ნეტგაზეთს საქართველოს ლატარიის კომპანიაში განუცხადეს, ჯეკპოტის მფლობელს შეუძლია გათამაშებიდან მაქსიმუმ 60 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს მოგების მოსაღებად. მათვე აღნიშნეს, რომ ამ დრომდე არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ჯეკპოტის მფლობელი არ გამოჩენილიყო.

მე-17 ჯეკპოტი_ჩეკი, კითხვის ნიშნით

 

მასალების გადაბეჭდვის წესი