ახალი ამბები

“ქართული ოცნება” საკონსტიტუციოში მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს – მდინარაძე

23 იანვარი, 2017 • 3905
“ქართული ოცნება” საკონსტიტუციოში მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს – მდინარაძე

პარლამენტში “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ თანამდედობაზე მანანა კობახიძეს წარადგენენ.

“ქართული ოცნება პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ქალბატონ მანანა კობახიძის კანდიდატურას. ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ იყოს. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება”, – აღნიშნავს მდინარაძე.

დღეს დილით პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად “ქართული ოცნება” რამდენიმე კანდიდატს განიხილავდა:

“თუ მანანა კობახიძის კანდიდატურა დასახელდება, ჩვენ სიღრმისეულად ვიმსჯელებთ. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ვის დავასახელებთ. სხვა კანდიდატურებიც განიხილება. ამ საკითხზე ჯერ მკაფიო სურათი არ გვაქვს. უახლოეს მომავალში გააკეთებს ფრაქცია განცხადებას,” – ამბობს გიორგი ვოლსკი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის კანდიდატურა სექტემბრიდან ვაკანტურია. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის კანდიდატად წარადგინა ზაზა რუხაძე, თუმცა რუხაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი