ახალი ამბები

ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა

14 იანვარი, 2017 • 3899
ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა

ამბროლაურში, რაჭაში, 14 იანვარს აეროპორტი გაიხსნა. აეროპორტში პირველი თვითმფრინავი 16 საათზე დაეშვა, რომლის მგზავრიც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო. პრემიერმა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალი 18 საათზე გახსნა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტი საწყის ეტაპზე 15-20 -ადგილიან საჰაერო ხომალდებს მოემსახურება. ასაფრენი ბილიკის სიგრძე 1 100 მეტრს შეადგენს, ხოლო აეროპორტის ტერმინალის ფართობი 600 კვ.მ.-ია. პრესსამსახურის ცნობითვე, ტერმინალი დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი. პერსპექტივაში კი გათვალისწინებულია უფრო დიდი ხომალდების მიღების შესაძლებლობა და მგზავრების ნაკადის ზრდის შემთხვევაში – ტერმინალის გაფართოებაც.

მომდევნო რაჭიდან ნატახტრის მიმართულებით ფრენები განხორციელდება კვირაში 2-ჯერ, ოთხშაბათსა და კვირას. ერთი მიმართულებით ბილეთის ფასი 50 ლარი იქნება.

„ამბროლაურის აეროპორტი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას და გაზრდის რეგიონის სატრანსპორტო მისაწვდომობას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. საქართველოს მასშტაბით რეგიონული აეროპორტების მშენებლობა მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ყველაზე მოცულობითი – სივრცითი მოწყობის კომპონენტის, უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს“, – ვკითხულობთ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორის, ქეთევან ალექსიძის, თქმით, აეროპორტის პროექტი დაჯდა 12 მლნ ლარი – “ეს არის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტი. ადგილზე დასაქმებულია 18 ადამიანი. ფრენები მომდევნო კვირიდან განხორციელდება კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას. შემდეგ ვგეგმავთ დამატებით სხვა მიმართულებებზე ფრენების დამატებას”, – ამბობს ალექსიძე.

ამბროლაურის აეროდრომი. ფოტო: სქრინშოტი "რუსთავი2-ის" კადრებიდან

ამბროლაურის აეროდრომი. ფოტო: სქრინშოტი “რუსთავი2-ის” კადრებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი