ქალები აფხაზეთიდან აბორტის აკრძალვის შემდეგ

2016 წლის დასაწყისში აფხაზეთში ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილება მიიღეს, რომლის მიხედვით, აბორტი აფხაზეთში სრულად აიკრძალა. პარლამენტარებმა მაშინ ეს გადაწყვეტილებას იმით ახსნეს, რომ აღნიშნული ცვლილება რესპუბლიკაში დემოგრაფიულ სიტუაციას გააუმჯობესებს.

როგორც ექიმები და თავად ის ქალები ყვებიან, ვისაც უშუალოდ შეეხო აბორტის გაკეთების საჭიროება, კანონმა აბორტის სრული აკრძალვის შესახებ სიტუაცია ყველა კუთხით კიდევ უფრო გაართულა.

ორი შვილის დედა, 43 წლის მზია 2016 წელს, კანონის აკრძალვის შემდეგ დაორსულდა. ქალი გვიყვება, რომ მესამე შვილის გაჩენას არ გეგმავდა და მისთვის მოულოდნელი იყო ორსულობა. საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემისა დ,ა როგორც თავად ამბობს, ასაკის გამო მშობიარობა არამიზანშეწონილად მიიჩნია და აბორტისთვის სტაციონარში მივიდა.

რამდენიმე თვის წინ მიღებული კანონის შესაბამისად, ექიმებმა ქალს აბორტზე უარი უთხრეს. ნაყოფის შენარჩუნების გარდა კიდევ ერთი არჩევანი ჰქონდა – აფხაზეთიდან წასულიყო და აბორტი გაეკეთებინა. ფინანსური პრობლემის გამო, მოკლე ვადებშივე, როგორც მზია ამბობს, წასვლა ვერც საქართველოში და ვერც რუსეთში შეძლო. ამასობაში ორსულობის ვადები იზრდებოდა.

“ძალიან რთული ორსულობა მქონდა”, – ამბობს ქალი.

მშობიარობის დადგომამდე მზია საავადმყოფოში წავიდა, თუმცა ექიმებმა უთხრეს, რომ “ჯერ ადრეა” და უკან გააბრუნეს. ლოდინი დადგენილ ვადაზე სამი კვირით მეტხანს მოუწია.

“როდესაც მივხვდი, რომ უკვე ძალა არ მყოფნის და სასწრაფოდ რაიმე ზომებია მისაღები, საავადმყოფოში წავედი. გამსინჯეს და აღმოჩნდა, რომ ბავშვი მკვდარია”.

ნაყოფის სიკვდილის მიზეზები არ გამოუკვლევია, თუმცა ფიქრობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემის გამო მის ორსულობას რისკები ახლდა თან.

რა შედეგი დადგა აფხაზეთში ორსულობის სრული აკრძალვის შემდეგ, კითხვით გინეკოლოგ ფატიმა ხარზალიას მივმართეთ.

“თავიდანვე აღვნიშნავ, რომ მე არ ვარ გინეკოლოგიური სტაციონარის ექიმი. ამიტომ ჩემი, როგორც კერძო სამეანო-გინეკოლოგიური კლინიკის ექიმის მონაცემები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს სტაციონარების მონაცემებისგან. კანონმა სერიოზული ცვლილებები მოგვიტანა”, – ამბობს ხარზალია.

როგორც ექიმი ამბობს, სულ უფრო მეტი ქალი აკითხავს ორსულობის გვიან ვადებზე ნაყოფის პათოლოგიებით. ეს ის ქალები არიან, ვინც სხვადასხვა მიზეზით აბორტისთვის აფხაზეთიდან ვერ გავიდა და ვერც აფხაზეთში გაიკეთა აბორტი სამედიცინო ჩვენების მიუხედავად.

“მოიმატა თუ არა ქალების მხრიდან პრეტენზიებმა? პასუხია – ცალსახად კი”, – მეუბნება ექიმი.

ამავე დროს, როგორც ექიმი ამბობს, იზრდება იმ ქალების რიცხვიც, ვინც კონტრაცეფიის მეთოდის შესარჩევად რჩევებისთვის აკითხავს.

“სხვა კუთხით თუ შევხედავთ ამ კანონს, კარგი ისაა, რომ ხალხმა არასასურველი ორსულობის თავიდაც ასაცილებლად ზომებს მიმართა”, – ამბობს ექიმი.

“სამედიცინო ჩვენების გარეშე აბორტის გაკეთებაზე მე, როგორც ექიმს, მაქვს ჩემი პრინციპული დამოკიდებულება, თუმცა ყოველთვის ვიქნები ასეთი კანონმდელობის წინააღმდეგი, რომელიც იძულებით აბორტის აკრძალვას ითვალისწინებს, განსაკუთრებით სამედიცინო ჩვენების გარეშე”, – ამბობს ექიმი და მისი საექიმო წლევანდელი პრაქტიკიდან მაგალითები მოჰყავს:

“მაგალითად, ამ წლის გახაფზულზე ორსულმა მომმართა იმ ვადაზე, როდესაც ნაყოფის ანომალიებზე სკრინინგი კეთდება. გამოირკვა, რომ ნაყოფს აბსოლუტურად განუვითარებელი ტვინი ჰქონდა, მუცლის ღრუში სითხე, შინაგანი ორგანოების განუვითარებლობა, და მხოლოდ გული მუშაობდა, რომელიც ასევე ანომალიური ფორმის იყო. რა თქმა უნდა, აქ ოსრულობის შეწყვეტის აბსოლუტური ჩვენება გვქონდა”.

აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში ქალისთვის აბორტის გაკეთება ვერ გაბედეს, რამდენადაც ახალი კანონი უკვე ძალაში იყო. სხვადასხვა სახელმწიფო ინსტანციებში ნებართვის ასაღებად მიმართვების პერიოდი დაახლოებით თვენახევარი გაგრძელდა.

“უარის შემდეგ ქალი ისევ მოვიდა ჩვენთან და, ჩემდა გასაკვირად, მკითხა- კიდევ ერთხელ დაათვალიერეთ ნაყოფი, გეთაყვა, იქნებ რამე შეიცვალა. რასაკვირველია, არაფერი არ იყო შეცვლილი, პირიქით – შინაგანი ორგანოების ანომალიები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ამ დროისთვის ორსულობის 27-28-ე კვირაზე იყო. საბოლოოდ, აბორტის გასაკეთებლად რუსეთში წავიდა. მას შემდეგ მისი ბედი უცნობია ჩემთვის”.

კიდევ ერთი, არანაკლებად რთული შემთხვევა კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ 42 წლის პაციენტს შეემთხვა. ქალმა ორსულობის შესახებ სხვა სამედიცინო გამოკვლევების პროცესში შეიტყო. ბრონქიტის, ჰაიმორიტის, დაბალი ჰემოგლობინის, დაბალი ტემპერატურის საწინააღმდეგო პრეპარატების, მრავალჯერადი ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და თავის ტვინის ტომოგრაფიიის შემდეგ ქალი შიშობდა, რომ ნაყოფი ჯანმრთელი ვერ იქნებოდა და შესაძლო რისკების გამო აბორტი გადაწყვიტა. თუმცა კანონმდებლობასთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ამის გაკეთება ვერც მან შეძლო. მშობიარობამდე კი რამდენიმე თვეა დარჩენილი.

გინეკოლოგები აფხაზეთში ამბობენ, რომ მათი პაციენტების უმრავლესობა აბორტისთვის რუსეთში ან საქართველოში მიდის.

—————————————————————————————————————-
აბორტის აკრძალვის კანონპროექტი აფხაზეთის პარლამენტმა 2016 წლის თებერვალში მიიღო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლეთა უმეტესობამ ახალი კანონი გააკრიტიკა. მაშინ ექიმებიც ამბობდნენ, რომ აბორტისადმი ასეთმა მიდგომამ დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური კუთხითაც.

აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. ამის მიუხედავად, ეს პოზიცია პარლამენტარებს არ გაუზიარებიათ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიანა კოტოვა არის ჟურნალისტი სოხუმში. მუშაობს "ABAZA TV" თვის და რადიო "თავისუფლებისთვის". ნეტგაზეთისთვის მარიანა კოტოვა ამზადებს მასალებს 2016 წლის თებერვლიდან პროექტის "სამხრეთ კავკასიის ამბები" ფარგლებში.