ახალი ამბები

მურუსიძე: ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი უზენაეს სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენენ

2 დეკემბერი, 2016 • 5850
მურუსიძე: ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი უზენაეს სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ დღეს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სხდომის დაწყების წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი უზენაეს სასამართლოზე ზეწოლას არ ახდენენ.

განცხადებები იმის შესახებ, რომ უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძე და პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი ახდენდნენ, ტელეკომპანიის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გააკეთა.

კითხვაზე, ხომ არ უსაუბრიათ საბჭოს წევრებს იუსტიციის უმათლეს საბჭოზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ ეს არის ცილისწამება და საბჭო ამასთან დაკავშირებით მოკვლევას ვერ დაიწყებს:

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საბჭო ვერ იმსჯელებს იმ თემაზე, რომელიც მიმაჩნია, რომ არის აბსოლუტური ცილისწამება. თუ თავად მოსამართლეები განაცხადებენ, რომ რაღაც ზეწოლას ჰქონდა ადგილი… ის არგუმენტები, რაც იქნა დასახელებული, რომ ახდენდა სასამართლო სისტემაში ზეწოლას ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი, არის ცილისწამება და არის აბსურდული. ამიტომ ამაში მე ვარ 100%-ით დარწმუნებული და მოგიწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. ცილისწამებაზე და აბსურდულ თემაზე შემოწმებას საბჭო ვერ დაიწყებს. თუ იქნება რაიმე არგუმენტი და ფაქტი და, შესაბამისად, მოსამართლეები განაცხადებენ, ან გარედან იქნება ინფორმაცია და ფაქტი, რომ ზეწოლას ჰქონდა ადგილი, თუნდაც რომ ყოფილიყო ფაქტი, რომ ვანო ზარდიაშვილი და ჩინჩალაძე შეხვდნენ ერთმანეთს, ამაზე შეიძლებოდა რაღაც გვეფიქრა,”- განაცხადა მურუსიძემ

კითხვაზე, თუ ხვდებიან ერთმანეთს ჩინჩალაძე და ზარდიაშვილი, მურუსიძემ განაცხადა, რომ ისინი მეჯვარეები და ნათელმირონები არიან, თუმცა ეს საქმის გამხილვასთან არაფერ შუაშია:

“თქვენ როგორ ფიქრობთ, მეჯვარეები არიან და ნეთელმირონები ერთმანეთის და შეხვედებიან თუ არა? რა შუაშია ჩინჩალაძის და ზარდიაშვილის შეხვედრა იმ სამ მოსამართლესთან, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას? მეც ვხვდები მიშა ჩინჩალაძეს, თქვენც გხვდებით, მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა? თქვენ როგორ ფიქრობთ, ზარდიაშვილს, რომელიც არ იცნობს იმ სამ მოსამართლეს და უზენაეს სასამართლოში არ ყოფილა წლები, რეალურად არავითარი ბერკეტი და არც ძალა არ გააჩნია, რომ ზეგავლენა მოახდინის უცნობ ადამიანებზე,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.

რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეს, მურუსიძის თქმით, მოსამართლეები სამი ვარიანტიდან ერთ-ერთს დაეყრდნობიან. მან ასევე განაცხადა, რომ საქმის დეტალებს, მათ შორის, ადვოკატებისთვის 1 დეკემბერს ჩაბარებულ განჩინებას არ იცნობს:

“თეორიულად არის სამი შესაძლებლობა: ერთი, დაბრუნდეს საქმე სააპელაციო ინსტანციაში. მეორე, დარჩეს უცვლელად სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მესამე, თავად დიდმა პალატამ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. ეს სამი შესაძლებლობა არსებობს. რომელ შესაძლებლობა დაეყრდნობა და დაასაბუთებს დიდი პალატა, ამას დრო გვაჩვენებს,”- განაცხადა მურუსიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი