ახალი ამბები

ბერეზოვსკი პატარკაციშვლის ოჯახს შეუთანხმდა

14 სექტემბერი, 2012 • • 1022
ბერეზოვსკი  პატარკაციშვლის ოჯახს შეუთანხმდა

ინტერფაქსის ცნობით, ბორის ბერეზოვსკიმ პატარკაციშვილის მემკვიდრეებთან გენერალური ხელშეკრულება დადო. მხარეებმა სასამართლოდან ერთმანეთის წინააღმდეგ შეტანილი ყველა სარჩელი გამოითხოვეს.  ბერეზოვსკის აღარ აქვს პრეტენზიები  Salford Capital Partners-ის აქტივებზე. ბერეზოვსკი ამ კომპანიაში პატარკაციშვილის მიერ განხორციერლებულ ინვესტიციებს მართავდა.

 

ამის შესახებ ინფორმაციას, პრესისთვის იურიდიული ფირმა  Addleshaw Goddard–ი ავრცელებს. ეს ფირმა უწევს იურიდიულ კონსულტაციას ბორის ბერეზოვსკის.

 

„მოლაპარაკების და გენერალური ხელშეკრულების დეტალები კონფიდენციალურია. მხარეები ამ თემაზე კომენტარს არ გააკეთებენ,“ – ნათქვამია ბერეზოვსკის იურიდიული ფირმის მიერ პრესისთვის გავრცელებულ განცხადებაში.

 

ბორის ბერეზოვსკი ბადრი პატარკაციშვილის ბიზნესპარტნიორი იყო. მას პატარკაციშვილის ცოლთან ურთიერთობა ოლიგარქის გარდაცვალების შემდეგ დაეძაბა. ბერეზოვსკი პატარკაციშვილის მემკვიდრეობის 50 პროცენტს ითხოვდა.

 

რუსი ოლიგარქი  ამტკიცებდა, რომ პატარკაციშვილის ოჯახის კონტროლის ქვეშ არსებული აქტივების 50% სწორედ მისია, რომელიც მან პატარკაციშვილის არაფორმალური მოლაპარაკებების ფარგლებში გადასცა.

 

ბერეზოვსკი საუბრობდა 3 მლრდ დოლარის აქტივებზე, რომელიც  მას  სხვადასხვა კომპანიებში ჰქონდა ჩადებული. პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძე ბერეზოვსკის პრეტენზიებს არ ეთანხმებოდა.

“ტაიმსის” მონაცემებით, პატარკაციშვილის წინააღმდეგ ბერეზოვსკის მიერ შეტანილი ახალი სარჩელის განხილვა ლონდონში 2012 წლის ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი