ახალი ამბები

ძვირადღირებული ნომრები სამინისტროების ავტომობილებისთვის

27 აგვისტო, 2012 • • 6170
ძვირადღირებული ნომრები სამინისტროების ავტომობილებისთვის

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე, 2011 წლის მონაცემებით, 11 ავტომობილი ირიცხება. აღნიშნული ინფორმაცია სამინისტრომ “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს” რამდენიმე თვის წინ მიაწოდა.


სამინისტროს შენობის წინ  “ნეტგაზეთმა” ამავე სამინისტროს კუთვნილი რამდენიმე ავტომობილი გადაიღო, რომელთაც აქვთ იდენტური, სამსიმბოლოიანი სერია MSY, რაც სავარაუდოდ ამავე უწყების ინგლისური სახელწოდების აბრევიატურას წარმაოდგენს – Ministry of Sport and Youth Affairs.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს კუთვნილი “ტოიოტას” მარკის ავტომობილის სახელმწიფო ნომერია MSY–555, რომლის ღირებულებაც 250 ლარია. საპატრულო პოლიციის ვებ-გვერდის ინფორმაციით, სწორედ ამდენი ღირს სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა, რომლის ლათინური შრიფტის სამივე ასო არაიდენტურია, ხოლო ციფრების კომბინაციაა: 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999.


ამავე სამინისტროს ეკუთვნის ავტომობილები სახელმწიფო ნომრით MSY–505 – 250 ლარი, MSY–300 –  150 ლარი, MSY–200 – 150 ლარი, MSY–050 250 ლარი.

გამორჩეული სახელმწიფო ნომრები აქვთ ჯანდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებსაც, რომელთა სერიაა MOH (Ministry of Health).

ეს მანქანა “ნეტგაზეთმა” დღეს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიღო. აღნიშნული ნომრის MOH-002 ყიდვა 200 ლარი ღირს. ანალოგიური ე.წ. წყვილი ნომრები აქვთ სხვა სამინისტროების მანქანებსაც, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათასობით ლარია დახარჯული: ყველაზე იაფი სახელმწიფო ნომერი ავტომობილისთვის 28 ლარი ღირს, ყველაზე ძვირი კი – 10 000 ლარი.


საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უსაუბრია ე.წ. “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკაზე და სახელმწიფო მოხელეებისთვის სხვადასხვა სახის პრივილეგიების გაუქმებაზე:

“ეკონომიკური სირთულეები დღეს ჩვენს ხალხს აიძულებს, რომ ქამრები მოიჭირონ და უფრო მეტი დაზოგონ. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ სანამ ხალხი მოიჭერს ქამრებს, უწინარესად ჯერ მთავრობამ უნდა მოიჭიროს ქამრები და ეს ხალხის სასარგებლოდ გააკეთოს. დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტარებიც იგივეს გააკეთებენ, თუმცა ეს თქვენი გადასაწყვეტია”,  – აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2009 წელს პარლამენტში, წლიური ანგარიშის პრეზენტაციისას გააკეთა.

“ქამრების შემოჭერის” მოტივით თბილისის მერიამ აუქციონზე გაიტანა კუთვნილი ძვირადღირებული ავტომობილები 2010 წლის ნოემბერში. მაშინ თბილისის მერიის პრესსამსახური აცხადებდა, რომ ამ აქციის მიზანი იყო ძვირადღირებული ავტომობილების გაყიდვა და მის ნაცვლად იაფი, მეორადი ავტომობილების შესყიდვა.

სხვადასხვა სამინისტროების, მათ შორის შსს–სა და თავდაცვის სამინისტროების ავტომობილებს რიგითი მოქალაქეების ავტომობილებისგან, ე.წ. გამორჩეული სახელმწიფო ნომრის გარდა, კიდევ ერთი ნიშანი გამოარჩევთ – ეს არის დაბურული შუშები. შსს–ს თანამშრომელთა გარდა, სრულად ჩამუქებული შუშიანი ავტომობილებით დადიან სხვადასხვა სამინისტროების მაღალჩინოსნებიც, მათ შორის მინისტრები და მინისტრის მოადგილეები.


შს მინსიტრის ბრძანებას ავტომობილთა მინების დამუქების გაუქმების შესახებ 2010 წლის შემოდგომაზე ავტომფლობელთა პროტესტი მოჰყვა, თუმცა, მათ მაინც მოუწიათ ავტომობილებისთვის ჩამუქებული შუშების გამოცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი