ახალი ამბები

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

9 აგვისტო, 2012 • 918
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია

საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ელექტროენერგიის გადამცემ ხაზებზე ზამთრის პერიოდისთვის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, რამაც იმერეთის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის შეფერხება გამოიწვია. ამის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება საქართველოს რეგიონების უმეტესობას შეუწყდა.


დენის გათიშვის გამო ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო მეტროს მუშაობა. ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა თბილისის ანძასაც, რამაც რადიოებისა და ტელევიზიების მუშაობა შეაფერხა. გათიშული იყო ყველა რადიოსიხშირე.


ამ დროისათვის უკვე აღდგენილია ყველა რადიოსიხშირე და სატელევიზიო მაუწყებლობა. ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ყველა რეგიონსა და თბილისის უბნებს. აღდგა მეტროს მუშაობაც.


სახელმწიფო ელექტროსისტემის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გადამცემი ხაზების სარემონტო და ზამთრისათვის მოსამზადებელი სამუშაოები ზაფხულის პერიოდში ტარდება ხოლმე.


ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონების უმეტესობას დაახლოებით 13:20 წთ-ზე შეუწყდა. იმერეთის გადამცემ ხაზზე აღდგენით სამუშაოებს 20 წუთი დასჭირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი