ახალი ამბები

„მეცხრე არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ აშანტაჟებენ

27 ივლისი, 2012 • • 1208
„მეცხრე არხის“ ჟურნალისტი ამბობს, რომ აშანტაჟებენ

ნოდარ ჩაჩუას თქმით, პირველად მას რამდენიმე დღის წინ, ვერაზე დახვდნენ უცნობი პირები და ჩაისვეს ავტომობილში, რომლის სანომრე ნიშანია ABL-421.  “მეცხრე არხის” განცხადებით, აღნიშნული ავტომობილი სამართალდამცავებს ეკუთვნით. ჟურნალისტის თქმით, ერთი პირი მან სპეცოპერაცია “ენვერის” კადრებიდან ამოიცნო. როგორც ის ამტკიცებს, სპეცოპერაცია “ენვერსის” ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ერთ-ერთ შანტაჟისტს ჯაშუშობაში ბრალდებული ხელბორკილდადებული პირი მოჰყავს.

 

“პირველი კითხვა, რაც მკითხეს, ეს იყო ვიკეთებდი თუ არა წამალს[ნარკოტისკს], ვიყავი თუ არა წამლის მომხმარებელი. მერე რეპლიკები იყო

ჩაჩუას მიერ ამოცნობილი სამართალდამცავი
ჩაჩუას მიერ ამოცნობილი სამართალდამცავი

– ახლა წამლის კეთებაში გაგბერავთ, წამალს გაგიკეთებთ , ასევე მიდიოდა მუქარები, რომ გცემთ და ა.შ. სამი ადამიანი იჯდა მანქანაში – ერთი ჩემ გვერდით, მეორე საჭესთან და მესამე ჩემ წინ.  იყო კითხვები, მიწევდა თუ არა პარტიულ ოფისებში სიარული და შემეძლო თუ არა რაიმე სახის ინფორმაციის გამოტანა, ასევე, მქონდა თუ არა რაიმე სახის ინფორმაცია ტელევიზიაში არსებულ სიტუაციაზე და როგორც მერე თვითონ განმიმარტეს, ინფორმაციაში იგულისხმებოდა თათბირებზე განხილული საკითხები და რომელიმე პოლიტიკოსის გადაადგილების წინასწარი მარშუტი. რამდენიმე ლიდერზე იყო საუბარი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზეც”, – განაცხადა “მეცხრე არხის” ეთერში ნოდარ ჩაჩუამ.

 

“დავალება იყო ასეთი: მე უნდა დამემყარებინა სქესობრივი კავშირი „მეცხრე არხის“ თანამშრომელ მამაკაცთან და მითხრეს, რომ ამის გაკეთება, წესით, პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.  მე ისინი მეუბნებოდნენ, რომ არ უნდა მეთქვა ტყუილები, რადგან ისინი ყველაფერს გადაამოწმებდნენ. მათ მითხრეს, რომ ამისთვის ისინი მე გადამიხდიდნენ თანხას, ანუ ფინანსური პრობლემები არ შემექმნებოდა.  ასევე, ამობდნენ, რომ ჩვენ ვართ სამსახური. ისინი არ აკონკრეტებდნენ რომელი კონკრეტული სამსახურიდან, უწყებიდან, ან დეპარტამენტიდან იყვნენ. მათ თქვეს, რომ ჩვენ ვართ სამსახური, რომლებიც ადამიანებს უგვარებენ ძალიან ბევრ პრობლემას, მაგრამ ამასთანავე, უქმნიან ძალიან დიდ პრობლემას”, – ასე იხსენებს მომხდარს ჟურნალისტი.

 

ტელეკომპანია “მეცხრე არხის” გენერალური დირექტორი კახა ბექაური აცხადებს, რომ ტელეარხი ყველანაირად შეეცდება დაიცვას საკუთარი ჟურნალისტი. მათ უკვე მიმართეს საქართველოს სახალხო დამცველს, მზადდება განცხადება პროკურატურაში შესატანადაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი