ახალი ამბები

ივანიშვილის მხარდამჭერი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

23 ივლისი, 2012 • • 885
ივანიშვილის მხარდამჭერი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ივლისს, გიორგი ნატროშვილის დაკავებიდან რამდენიმე საათში, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მის მიერ ჩადენილია დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით. აღნიშნული მუხლი გულისხმობს: “ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, ისჯება  ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასოციდან ასოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით”.

 

პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ გიორგი ნატროშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მარინე ჩითინაშვილს. აღნიშნულ ინცინდენტს  ასევე  შეესწრო ქუჩაზე მაცხოვრებელი მოსახლეობაც. საქმეს  იძიებს  კახეთის  სამხარეო  მთავარი  სამმართველო.

 

ინციდენტი გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძეანში “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისა და გურჯაანის გამგეობის თანამშრომლის შელაპარაკებას მოჰყვა. მარინე ჩითინაშილმა ბიძინა ივანიშვილს “ნაბიჭვარი” უწოდა, რასაც მოჰყვა საპასუხო სიტყვიერი შეურაცხყოფა. მარინე ჩითინაშვილმა თავადაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ივანიშვილის ერთ-ერთ მხარდამჭერს, რის შემდეგაც გიორგი ნატროშვილმა მას სახეში ხელი ჩაარტყა. ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი