ახალი ამბები

შესუსტდა თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” როლი “ქართულ ოცნებაში”

19 ივლისი, 2012 • • 1423
შესუსტდა თუ არა “რესპუბლიკური პარტიის” როლი “ქართულ ოცნებაში”

 

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 19 ივლისს თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა, რომელთა შორის ორი “რესპუბლიკელია” – დავით უსაფაშვილი [საბურთალო] და ვახტანგ ხმალაძე [დიდუბე].  თინა ხიდაშელი კოალიციის სახელით  საგარეჯოში იბრძოლებს მაჟორიტარი დეპუტატობისთვის, მალხაზ წერეთელი– ჭიათურაში, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი– წყალტუბოში.

კოალიციის უკვე დასახელებულ მაჟორიტარ კანდიდატთა სიაში  ვერ მოხვდნენ რესპუბლიკური პარტიის ცნობილი სახეები – ძმები დავით და ლევან ბერძენიშვილები, ივლიანე  ხაინდრავა, დავით ზურაბიშვილი და სხვები.  ამის მიზეზად კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 19 ივლისს ზემოთ ჩამოთვლილი პოლიტიკოსების გამოცდილება დაასახელა და განაცხადა, რომ ისინი, მათი გამოცდილებით, საჭირო არიან საარჩევნო შტაბში, რათა საერთო საქმეს დაეხმარონ.

რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერის დავით უსუფაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება კოალიციის  ლიდერმა დიდხნიანი განსჯის და მოლაპარაკების საფუძველზე მიიღო.  

“რესპუბლიკელების სკამი არის ძალიან გრძელი, ეს არის ჩვენი სიმდიდრე.  ყველა მათგანი, ბუნებრივია, ვერ მოხვდებოდა სიაში. რესპუბლიკური პარტიის შიგნით მოლაპარაკებების და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე ერთმანეთს,”– განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

რესპუბლიკური პარტიის მსგავსად, არც თუ ისე მრავალად არიან მაჟორიტართა  სიაში წარმოდგენილი “თავისუფალი დემოკრატები”.   

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოალიციაში ამ ორი პარტიის გავლენა შესუსტდა?

პოლიტოლოგი გია ნოდიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა  ივანიშვილს “რესპუბლიკური პარტია” და “თავისუფალი დემოკრატები” პროდასავლური იმიჯის შესაქმენლად სჭირდებოდა,  დღეს კი მათი როლი უკანა ფლანგზე გადადის.  

“თუ დავიჯერებთ, რომ ივანიშვილი რუსული  პროექტია, თუმცა ეს შეიძლება სულაც არ იყოს ასე, მაგრამ თავად ივანიშვილს სწამდეს,  რომ რუსეთთან ურთიერთობა პრიორიტეტულია, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ “რესპუბლიკელები” და “დემოკრატები” მან აირჩია თავის პარტნიორებად, რათა თვალი აეხვია საზოგადოებისთვის. ამ სვლით მას სურდა, რომ თავიდან აეცილებინა რუსეთის აგენტობის ბრალდება. ანუ მის გარემოცვაში “რესპუბლიკელების” და “თავისუფალი დემოკრატების” არსებობა, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დასავლურად ორიენტირებული, მას დასავლური ლიდერის იმიჯს ჩამოუყალიბებდა”.

გია ნოდია ასევე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი შესაძლოა ზომავს წმინდა  საარჩევნო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, ამიტომაც, მისი აზრით, ივანიშვილი შესაძლოა ფიქრობდეს, რომ  “რესპულიკელებთან”  ურთიერთობა მას წარმატებას არ მოუტანს.

მისივე თმით, უკვე მოძლიერებულ ივანიშვილს  კანდიდატურების განაწილებისას შესაძლოა არ უნდა ამ ძლიერი პარტნიორებისთვის რაიმე ძალაუფლების განაწილება.    

ნოდია მიიჩნევს, რომ  ივანიშივილი, მისი გამონათქვამებიდან გამომდინარე, იდეურად უფრო ახლოს დგას  “ეროვნულ ფორუმთან”, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიასთან, ან თავისუფალ დემოკრატებთან.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე რამდენიმე  შესაძლო მიზეზზე საუბრობს, რის გამოც “რესპუბლიკელები”   მაჟორიტართა სიაში უფრო დიდი რაოდებობით არ მოხვდნენ.   

ჩიტაძეს აზრით,  ივანიშვილმა უკანა ფლანგზე გადაიყვანა იმ პარტიაში შემავალი პოლიტიკოსები,  ვინც პროდასავლური ორიენტაციის არიან.

“ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ პრორუსულად განწყობილი ადამიანები წამოწიეს წინ. ამის დადასტურებაა თუნდაც სახალხო კრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართვა: მურმან დუმბაძის, იგივე თუნდაც მოჭიდავეთა ჯგუფის გააქტიურება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ პრორუსულად განწყობილმა ადამიანებმა ქვეყნის შიგნით და გარეთ ურჩიეს ივანიშვილს, რომ რაც შეიძლებოდა ნაკლები პროდასავლური ორიენტაციის ადამიანები წარმოედგინა ამ სიაში,” – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

მისივე განმარტებით, კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ რესპუბლიკელებმა უკანა ფლანგზე გადაინაცვლეს, არის ის,  რომ სხვა პარტიების დამოკიდებულება “რესპუბლიკელების”  მიმართ არც ისე დადებითია.  

“ვიღაცას არ მოსწონდა, რომ თინა ხიდაშელი მუდამ აქტიურობდა ბიძინა ივანიშვილის გვერდით. არ მოსწონდათ რესპუბლიკელები, რადგან ისინი არიან ინტელექტუალები, მათ გააჩნიათ დამოუკიდებლად მოქმედების უნარი. ივანიშვილის სურვილია, რომ  მართული ხალხი ჰყავდეს ირგვლივ, რაც “რესპუბლიკელების” შემთხვევაში არ გამოვა,” – ამბობს ნიკა ჩიტაძე.

რესპუბლიკური პარტიის წევრი და წყალტუბოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ  მაჟორიტარების გადანაწილებაში უსამართლობას ადგილი არ ქონია.  მისი აზრით, არჩევნების ამ პერიოდში მთავარია კოალიციის გამარჯვება და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის წინ წამოწევა:

“ფაქტია, რომ სტრატეგია, რომელიც კოალიციამ აირჩია, სწორია. ახლა ამ სტრატეგიაში რევიზიის შემოტანა მე არ მიმაჩნია სწორად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ  წინ ისეთი პრორუსული ძალაა,  როგორიც სააკაშვილია. რესპუბლიკურ პარტიას ყოველთვის ჰყავს მხარდამჭები და ამომრჩეველები, ამიტომ არ უნდა ვეძებოთ შავი კატა იქ, სადაც არ არის”.

ზაქარეიშვილი  ამბობს, რომ  ყველა მოსაზრებას, ეჭვს აქვს არსებობის უფლება, თუმცა არც ერთი შეესაბამება სინამდვილეს.

“ღრმად ვარ დარწმუნებული, საპარლამენტო არჩევნების მერე რესპუბლიკურ პარტიას კიდევ უფრო დიდი შანსები ექნება. რესპუბლიკური პარტია არის იქ,  სადაც უნდა იყოს. ის გამოცდილი პოლიტიკოსები,  რომლებიც სიაში ვერ მოხდნენ, არიან იქ, სადაც უნდა იყვნენ. მე ვიცი, რომ ჩვენთვის მისღებია ყველაფერი, რაც წარმატებას მოგვიტანს,” – ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კოალიცია “ქართულ ოცნებას”  კიდევ ხუთ ოლქში : ახალქალაქში, ცაგერში, ნინოწმინდაში, ზუგდიდში და მარნეულში დარჩა საკუთარი კანდიდატები წარსადგენი. ასევე უნდა გამოქვეყნდეს პროპორციული არჩევნების სიებიც. მოხვდებიან თუ არა ამ სიები რესპუბლიკელები, სულ მალე გახდება ცნობილი.

“პირველ რიგში მინდა ვახსენო რესპუბლიკური პარტია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და მრავალ ბატალიებში გამობრძმედილი პარტია, პოლიტიკური ბიოგრაფიის დიდი სტაჟით, შესაშური ინტელექტუალური რესურსით და ნათლად გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერებით”,- ასე დაახასიათა თავის პირველ ღია წერილში ივანიშვილმა რესპუბლიკული პარტია 2011 წლის ოქტომბერში, როცა განაცხადა, რომ  აპირებს პარტიის ჩამოყალიბებას და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი