ახალი ამბები

ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

13 ოქტომბერი, 2016 • 2419
ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

მოსამართლეები, ირინა იმერლიშვილი და ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებად დასახელდნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მაია კოპალეიშვილის განცხადებით, ირინა იმერლიშვილი თავმჯდომარის კანდიდატად თავად მან და გიორგი კვერენჩხილაძემ წარადგინეს.

ირინა იმერლიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას 2016 წლის 2 ოქტომბრიდან შეუდგა. იგი საკონსტიტუციო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრია. მანამდე ირინა იმერლიშვილი ეროვნული უშიშროების სამჭოს მდივანი იყო.

ზაზა თავაძე კი საკონსტიტუციო სასამართლოში უზენაესმა სასამართლომ 2010 წელს დანიშნა. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნამდე, 2008-2010 წლებში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე კი – გენერალური  პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. თუმცა თავაძე ერთ-ერთია იმ ხუთი მოსამართლიდან, რომლებმაც 29 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს წერილით მიმართეს და გააპროტესტეს  ზოგიერთი საქმის “დაჩქარებული ტემპით” განხილვა, მაშინ, როდესაც, მათი თქმით, უფრო ადრე შესულ საქმეებზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო. 5 მოსამართლეს მხედველობაში რუსთავი 2 -თან დაკავშირებული საქმის განხილვა ჰქონდათ.

თავმჯდომარის ასარჩევად პლენუმი 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე შეიკრიბება.

ახალი თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში 2016 წლის  30 სექტემბერის შემდეგ დადგა – სწორედ ამ დღეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა გიორგი პაპუაშვილს.

ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ მოსამართლეებმა პლენუმის შემდეგი შემადგენლობით: მაია კოპალეიშვილი, მერაბ ტურავა, ზაზა თავაძე, თეიმურაზ ტუღუში, გიორგი კვერენჩხილაძე, ირინა იმერლიშვილი, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი.

კანონმდებლობის თანახმად, ახალი თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება, თუ ფარული კენჭისყრის დროს თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი