ახალი ამბები

ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო

8 სექტემბერი, 2016 • 3077
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დაფუძნდა, თუმცა პარტიის საინიციატივო ჯგუფი მანამდე, იმავე წლის თებერვალში წარადგინა მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა.

პარტიის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ხოლო გენერალური მდივანი – კახა კალაძე. პოლიტსაბჭოს წევრები, კვირიკაშვილისა და კალაძის გარდა, არიან: ირაკლი კობახიძე, დავით საგანელიძე, მანანა კობახიძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, გია ვოლსკი, სოფო კილაძე, ირაკლი სესიაშვილი, გედევან ფოფხაძე, ნოდარ ხადური, დავით ბაქრაძე, ზვიად გონაძე, მამუკა მდინარაძე, ირინა ფრუიძე, დავით კოღუაშვილი, აკაკი ზოიძე, თედო ჯაფარიძე, ალექსანდრე ქანთარია, რომან კაკულია, ერეკლე ტრიპოლსკი, თემურ ჭკუასელი.

პარტიამ არჩევნებში პირველად მონაწილეობა მიიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრმა. კოალიცია “ქართული ოცნება” 2012 წლის თებერვალში შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში იყო ექვსი პარტია, ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები”, “ეროვნული ფორუმი, “კონსერვატიული პარტია” და “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

კოალიცია ქართულმა ოცნებამ  2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაამარცხა მაშინდელი სახელისუფლებო პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მიიღო ხმების 54.97%.

კოალიცია ქართული ოცნება თავდაპირველად, 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს “თავისუფალმა დემოკრატებმა” მას შემდეგ, რაც დააკავეს თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები ე.წ. კაბელების საქმის გამო და თანამდებობიდან გადადგნენ მინისტრები, რომლებიც იყვნენ თავისუფალი დემოკრატების წევრები. 2016 წლის გაზაფხულზე კოალიციის წევრმა სხვა პარტიებმა განაცხადეს, რომ ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებდნენ მონაწილეობას.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ხმების 62.12%, ხოლო 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში – 50.82%.

მასალების გადაბეჭდვის წესი