ახალი ამბები

ეგზიტპოლი: რუსეთის დუმის არჩევნებში “ერთიანი რუსეთი” ხმების 44.7%-ით ლიდერობს

18 სექტემბერი, 2016 • 1464
ეგზიტპოლი: რუსეთის დუმის არჩევნებში “ერთიანი რუსეთი” ხმების 44.7%-ით ლიდერობს

ბიბისის რუსული საინფორმაციო სამსახურის ცნობით, რუსეთის დუმის არჩევნების ეგზიტპოლების მონაცემებით მმართველი პარტია”ერთიანი რუსეთი” ლიდერობს, რომელსაც ხმების 44.7 % ერგო. სოციოლოგების აზრით, 5%-იან ზღვარს გადალახავენ “ლიბერალურ -დემოკრატიული პარტია”, “კომუნისტური პარტია” და “სამართლიანი რუსეთი”.

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ლიბერალურ დემოკრატიულ პარტიას ხმა 15.3%-მა მისცა, ხოლო კომუნისტურ პარტიას -14.8%-მა. “სამართლიაან რუსეთს” კი ამომრჩეველთა 8.1%-ის ხმები ერგო.

დუმის არჩევნები 18 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. არჩევნები მოსკოვის დროით 21:00 საათზე დასრულდა. მოსკოვის მონაცმებით, არჩევნებში ამომრჩეველთა 40%-მა მიიღო მონაწილეობა. რუსეთის სახელმწიფომ საარჩევნო უბნები გახსნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც, სულ 21 საარჩევნო უბანი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დადგენილებით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები 114 ათასზე მეტი ადამიანი რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა მხარესა თუ ოლქში ამომრჩევლის სტატუსით იქნა დარეგისტრირებული.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, როგორც მოსკოვის ანექსიური პოლიტიკის მორიგ გამოვლინებას, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს. რუსეთის ფედერაცია ზემოაღნიშნული ქმედებებით უგულებელყოფს გაეროს წესდებით განმტკიცებულ იმ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიცაა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა. სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი