ახალი ამბები

მერია პარტიებს პერსონალური შეურაცხყოფისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს [Video]

19 მაისი, 2012 • 858
მერია პარტიებს პერსონალური შეურაცხყოფისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს [Video]

თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის  მოადგილის ქმედებას და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, გამოიჩინონ თავშეკავება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

თბილისის მერია ამ შინაარსის განცხადებით ეხმაურება გუშინდელ ინციდენტს, რომელიც “ქართული ოცნების” აქტივისტსა და თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის  მოადგილეს შორის მოხდა.

თბილისის მერიის განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტიის აქტივისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გამგებლის მოადგილეს, რის შედეგადაც ინციდენტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა: 

“ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ბესიკ გაზდელიანი თბილისში სტიქიის დაწყების პირველივე წუთიდან პირადად მონაწილეობდა სამაშველო სამუშაოებში.  მან არაერთ ადამიანს აღმოუჩინა დახმარება. ამ ინციდენტის დროს იგი სწორედ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, სტიქიური უბედურების შედეგად წარმოშობილი პრობლემების გადასაჭრელად”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

თბილისის მერია მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პერსონალური შეურაცხყოფისაგან:  

“პოლიტიკურ პარტიებს, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა, დაუსვან კითხვები ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ პირისპირ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან. გვინდა შევახსენოთ ყველას, სიტყვის თავისუფლება დაცულია კანონით, პირისპირ შეურაცხყოფა კი – არა”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

გუშინ ტელეკომპანია “მაესტრომ” გაავრცელა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის თანახმადაც გამგებლის მოადგილემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა როგორც “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელს, ისე მოსახლეობის წარმომადგენლებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოხატეს სტიქიასთან ბრძოლის კუთხით მთავრობის საქმიანობის გამო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი