ახალი ამბები

უმრავლესობა მზადაა, კონსტიტუცია ივანიშვილს მოარგოს

10 მაისი, 2012 • 1574
უმრავლესობა მზადაა, კონსტიტუცია ივანიშვილს მოარგოს

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მეორე მოსმენით განიხილავს პარლამენტი, რიგით 29-ე ცვლილებაა.

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტ გიორგი გოცირიძეს მიაჩნია, რომ ეს რეკორდული მაჩვენებელია მსოფლიო კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში.

“ხოლო ამ კონკრეტულ კონსტიტუციური ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა ის, რომ  ეს საერთოდ უპრეცედენტო მოვლენაა მსოფლიოში, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევენ ხმის მიცემის, ასევე პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლებას”, – ამბობს გოცირიძე.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების მიხედვით,  ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ, ეძლევათ უფლება, მონაწილება მიიღონ არჩევნებში და დაიკავონ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა.

თავიდან ქრისტიან-დემოკრატების მიერ წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები დაახლოებით მსგავსი შინაარსის იყო, იმ განსხვავებით, რომ ევროკავშირის მოქალაქეებს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრათ საქართველოში, რომ არცევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონოდათ, რაც უმრავლესობის წარმოდგენილ პროექტში შეიცვალა.

თუკი თავდაპირველი პროექტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჰგავდა, რათა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელსაც მანამდე საქართველომ უარი უთხრა მოქალაქეობის მინიჭებაზე, შესაძლებლობა მიეცათ, მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, ამჯერად ესეც გამოირიცხა, რადგან ივანიშვილმა 9 მაისს განაცხადა,
რომ ის საქართველოში მხოლოდ ბოლო 4 წელიწადია ცხოვრობს და არა 10.

გიორგი გოცირიძე ამბობს, რომ კონსტიტუციის მიხედვით სუვერენიტეტის მატარებლები არიან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და დასტურად საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულას იშველიებს:

“საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულა იწყება შემდეგი ფრაზით, რომ საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნებაა, დაამკვიდრონ დემოკრატიული წეს–წყობილება და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეები გამოცხადებულები არიან ამ ქვეყნის დამფუძნებლად, ანუ ჩვენს ქვეყანაში სუვერენიტეტის მატარებლები არიან საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღების უფლება. ეს იდეა, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს უფლებას, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად პოლიტიკური ხასიათის გადაწყვეტილებების მიღებაში მიიღონ მონაწილეობა, ეს არის დარტყმა ქვეყნის სუვერენიტეტზე”.

პარლამენტარი, უმრავლესობის წევრი ანდრო ალავიძე კი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია არის საზოგადოებრივი შეთანხმების აქტი და რაზეც შეთანხმდება საზოგადოება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის ასახვა უნდა მოხდეს მთავარ და უზენაესს კანონში.

“საზოგადოება, რომელსაც სურს ჩვენს ქვეყანაში იხილოს პოლიტიკური კონკურენცია, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აზრი და მივცეთ შესაძლებლობა ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტს, რომ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს სპეკულაციური თემა, რომ თითქოს ხელისუფლება უკრძალავს და არ აძლევს შესაძლებლობას ვინმეს, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა”, – აღნიშნა “ნეტგაზეთთან” ალავიძემ და დასძინა, რომ სულ არსადაც რომ არ იყოს ასეთი ცვლილება, თუ საქართველოში საზოგადოებას მიაჩნია, რომ პოლიტიკური კონკურენცია უნდა იყოს სრულყოფილი, ჩვენ გვაქვს უფლება, მივიღოთ ასეთი გადაწყვეტილება.         

თუმცა, უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას არამართებულად მიიჩნევს საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე და აქცენტს აღნიშნული ფაქტით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე აკეთებს.

“მოქალაქეობის შესახებ კანონში არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ თუკი საქართველოს მოქალაქე გახდება სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, ან შევა იმ სახელმწიფოს შეაიარაღებულ ძალებში, პოლიციურ ორგანოში, ავტომატურად კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ამ აკრძალვის მიზანია ის, რომ უნდა გადაიკეტოს გზები საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის დაკავების გზით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან წვდომის შესაძლებლობაზე. ანუ, როდესაც გიკავია პარლამენტის წევრის თანამდებობა, ხარ პრეზიდენტი, გარკვეულწილად გაქვს რაღაც ინფორმაციასთან წვდომა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, ავიღოთ შემთხვევა, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე არის შესაბამისი სახელმწიფოს პოლიციის ან შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ის ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე. ბუნებრივია, საფრთხე ამ კონკრეტულ შემთხვევაში არსებობს და მექანიზმი არ არის, თუ როგორ შეიძლება ავიცილოთ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია რომ არ იყოს ასეთი კატეგორიის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომი”, – განაცხადა გოცირიძემ.

მმართველი პარტია კი  სწორედ 8 მაისს განხორცილებულ ცვლილებას მიიჩნევს  მსგავსი საფრთხეების საპირწონედ. 

“იყო წუხილები და ჩვენ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირს არა ჯამში 10 წლის განმავლობაში, არამედ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჰქონდეს ნაცხოვრები საქართველოში, რაც დასტური იქნება იმისა, რომ ის იცნობს ჩვენს პოლიტიკურ გარემოს, საზოგადოების სოციალურ მდგომარეობას, და დაბადებულია საქართველოში. ვფიქრობ, რომ ასეთი ადამიანებისთვის უნდა იყოს შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს იმ საფრთხეებს, რა საფრთხეებზეც მიუთითებდა თავის დროზე ოპოზიცია. ამიტომ ჩვენ მივიღეთ  გადაწყვეტილება, რომ დამზღვევ ბერკეტად სწორედ ბოლო 10 წელი ჩაგვედო იმის გამო, რომ ეს წუხილები გაქარწყლებულიყო”, – განაცხადა ალავიძემ.

ხელისუფლების კიდევ ერთ არგუმენტზე საუბრობს იურისტი გიორგი გოცირიძე და აღნიშნავს:

“ხელისუფლების არგუმენტი არის ის, რომ ევროკავშირი, როგორც ინსტიტუცია, არ შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს საქართველოსთვის. თუმცა, აქვე მხედველობაში უნდა მივიღოთ ის გარემოება, რომ ევროკავშირი არის სუვერენული სახელმწიფოების ერთობა, რომელთაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვაგვარი ინტერესები. მთავარი მოთხოვნა, რაც საქართველოს პარლამენტის წევრს უნდა წაეყენოს, არის ის, რომ პირველ რიგში, მან უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ინტერესებით და მოქალაქეობა არის ერთადერთი საშუალება, რომელიც პარლამენტის წევრს აიძულებს საქართველოს ინტერესების მიმართ ლოიალობს გამოჩენას.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. პარლამენტის წევრს პირდაპირ აქვს შეხება საგარეო პოლიტიკის მიმართულების განსაზღვრაზე. აქედან გამომდინარე, მათთვის საქართველო უნდა იყოს უპირველესი. საქართველოს მოქალაქეობა კი არის ამ ლოიალიზმის უზრუნველყოფის საშუალებაა”, – აღნიშნავს გოცირიძე.

ივანიშვილის 9 მაისის განცხადების შემდეგ, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ცენზი ვერ შეეხება, რადგან ქვეყანაში 2004 წლიდან ცხოვრობს, უმრავლესობა მზადაა, დამატებითი ცვლილებები კვლავ განახორციელოს.   

“თუ ასეთ შემთხვევას აქვს ადგილი, ჩვენ მზად ვართ, გადავხედოთ ცვლილებებსაც და შევამციროთ ის ცენზი, რომელიც გვაქვს, ისე, რომ, ერთი მხრივ მივცეთ საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უფლება, და მეორე მხრივ, გამოვრიცხოთ ის საფრთხეები, რომელზეც მიგვითითებენ. 3 წლამდე არ დაიწევს, სავარაუდოდ, თუ იქნება საუბარი, იქნება ლაპარაკი ბოლო ხუთ წელზე, თუმცა კიდევ ვიმეორებ, თუ ბიძინა ივანიშვილი ამის დადასტურებას შეძლებს, ამ შემთხვევაში ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ”, – აღნიშნავს ალავიძე.

თუმცა იურისტის შეფასებით ეს მაინც არ ამცირებს იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლას შეიძლება უკავშირდებოდეს.

“არსებულ საფრთხეებს და რისკებს მაინც არ ამცირებს ცხოვრების 10– წლიანი ცენზი. იქ არ წერია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ნამდვილად არსებობენ ადამიანები და ასეთი ადამიანი არ არის ერთი, ორი, სამი, ეს შეიძლება იყოს ათეულობით და ასეულობით ადამიანი და ამდენივე საარჩევნო ხმა, რომელთაც ბოლო 10 წლის განმავლობაში უცხოვრიათ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა. ეს არის ძალიან ბევრი  ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ხმა და ეს გარკვეულწილად მაინც ითამაშებს გარკვეულ გავლენას არჩევნების შედეგებზე”, მიიჩნევს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე.

ამავე თემაზე:
უნდა შეიცვალოს თუ არა კონსტიტუცია ერთი ადამიანის გამო

მასალების გადაბეჭდვის წესი