ახალი ამბები

დენ ფრიდი: [სააკაშვილს 2008-ში] ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე

29 აგვისტო, 2016 • 1475
დენ ფრიდი: [სააკაშვილს 2008-ში] ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე

“ომი გარდაუვალი არ იყო, მაგრამ მისი ალბათობა მაღალი იყო. ალბათობა კი იმიტომ იყო მაღალი, რომ რუსეთს უნდოდა, რომ ის მომხდარიყო. რუსეთი პროვოკაციებს მანამდე გააგრძელებდა, სანამ თავის ომს არ მიიღებდა”, – ეს განცხადება ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა გააკეთა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა.

ამერიკის ხმის ამ შეკითხვაზე (ომის შემდეგ ამერიკაში, ევროპაში და საქართველოში გაჩნდა შეხედულება, რომ ამერიკის მხარდაჭერამ, რომელიც უპირობო მხარდაჭერად აღიქმებოდა, პრეზიდენტი სააკაშვილი წააქეზა, რუსეთთან კონფრონტაციული პოზიცია დაეჭირა. თქვენ რას ფიქრობთ?) ფრიდის პასუხის ასეთია.

“ამ შეხედულებას არ ვეთანხმები – პირველი, ამერიკის მხარდაჭერა უპირობო არ იყო და მეორე, სააკაშვილი დაუდევრად არ მოიქცა. ჩემი აზრით, მან შეცდომა დაუშვა, როცა ჯარს საომარი მოქმედების დაწყება უბრძანა. მაგრამ რუსები ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოკაციაზე წამოსაგებად. ჩემი აზრით, ქართველები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთისთვის პრობლემების შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ ეს ხომ მათი ტერიტორიაა.

სააკაშვილის აგრესიულობას რაც შეეხება, ვფიქრობ, ეს მცდარი არგუმენტია, მაგრამ ასევე მიმაჩნია, რომ ის არასწორი იყო, როცა [ჯარით] შევიდა. ეუთოს ანგარიში, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს, რომ რუსეთის პროვოკაციას წამოეგო, სწორია. იმის თქმა, რომ სააკაშვილი აგრესიული იყო, რუსეთს ომის დაწყების პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.

ეს შეხედულება ამერიკის პოზიციასაც არასწორად წარმოაჩენს. მახსოვს, იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ამერიკამ თითქოსდა სააკაშვილს საიდუმლო მწვანე შუქი აუნთო. მე პირადად ვიყავი ოთახში, როცა კონდოლიზა რაისმა სააკაშვილს უთხრა, რომ ‘სამხედრო ოპერაციის არჩევანი არ გაქვს და თავი ნუ მოგაქვს ისე, თითქოს ეს გაქვს. მას ჩვენგან მკაფიო წითელი შუქი ჰქონდა სამხედრო ოპერაციაზე. მათ საჭიროდ ჩათვალეს, ჩვენთვის არ მოესმინათ და ამისთვის საზღაური მიიღეს”, – ამბობს იგი.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად ადეკვატური რეაქცია აქვს ამ ომზე (“განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა”) დასავლეთს, ფრიდი აცხადებს:

“დასავლეთი მაშინ გაყოფილი იყო. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სანქციებით არ ვუპასუხეთ. დღევანდელი შეფასებით, სანქციების დაწესება ალბათ შესაძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ ერთიანობა გვაკლდა. ამიტომ სანქციების ნაცვლად ჩვენ საქართველოს ეკონომიკის დახმარება და სტაბილიზება გადავწყვიტეთ. ამ დახმარებით ჩვენ დანარჩენი საქართველო გადავარჩინეთ და, ვფიქრობ, ეს ეფექტური იყო”.

ინტერვიუს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი