ახალი ამბები

SIPRI: 2011 წელს 18 %-ით შემცირდა საქართველოს სამხედრო დანახარჯები

18 აპრილი, 2012 • • 1080
SIPRI: 2011 წელს 18 %-ით შემცირდა საქართველოს სამხედრო დანახარჯები

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითმა ინსტიტუტმა (SIPRI) გამოაქვეყნა  ანგარიში, რომელიც მსოფლიოში ბოლო წლების (2008 – 2011 წლების) განმავლობაში ქვეყნების მიერ გაწეულ სამხედრო დანახარჯებს ეხება.     

ანგარიშის მიხედვით, 2011 წლის განმავლობაში მსოფლიოში შეიარაღებაზე 1,738 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა. 2011 წლის მონაცემებით, 2,3 პროცენტით გაიზარდა იარაღის შესყიდვა აზიის ქვეყნების მიერ, ახლო აღმოსავლეთში კი –4, 6 პროცენტით. 1,9 პროცენტით შემცირდა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში იარაღის შესყიდვა. 1,2– პროცენტიანი კლება შეინიშნება ამ მხრივ აშშ–ში, აქ სამხედრო დანახარჯების კლება 1998 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ 2008–2011 წლების განმავლობაში აზერბაიჯანის სამხედრო დანახარჯები 60 პროცენტით გაიზარდა და ის ამ მხრივ ლიდერია ევროპაში. იგივე პერიოდში რუსეთის სამხედრო დანახარჯები 13 პროცენტით გაიზარდა და მას მცირედით უსწრებენ: პოლონეთი, ნორვეგია, კვიპროსი. სომხეთის სამხედრო დანახარჯებმა კი 8 პროცენტით მოიმატა.

რაც შეეხება 2011 წლის მონაცემებს, SIPRI–ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 2011 წელს 18 პროცენტით შემცირდა სამხედრო დანახარჯები, ხოლო აზერბაიჯანში ამ წელს რეკორდული 89 პროცენტით გაიზარდა სამხედრო დანახარჯების რაოდენობა, რომელიც, კვლევის ავტორების ვარაუდით, სომხეთთან არსებული კონფლიქტის საფრთხის გამო დაფიქსირდა.       

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსიტუტი 1966 წელს შეიქმნა და მისი ძირითადი მიზანი მსოფლიო იარაღის ბაზარზე მიმდინარე მოვლენების შესწავლა და ამ მიმართულებით გამჭვირვალობის დანერგვაა. SIPRI უზრუნველყოფს მონაცემების ანალიზს, რომელიც ეფუძნება ღია წყაროებიდან მიღებულ რეკომენდაციებსა და ინფორმაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი