ახალი ამბები

კიკვიძის ბაღს გაჩეხვა ემუქრება

6 თებერვალი, 2012 • 1364
კიკვიძის ბაღს გაჩეხვა ემუქრება

დღეს ნაძალადევის რაიონში მდებარე “კიკვიძის ბაღში” მშენებლობისთვის საკმაოდ დიდი ტერიტორია შემოისაზღვრა. როგორც მოსახლეობას მუშებმა განუცხადეს, შემოღობილ ადგილზე პოლიციის ახალი შენობა უნდა აშენდეს.

ადგილობრივმა მოსახლეობამ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დახმარების თხოვნით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც დაუკავშირდნენ.

როგორც ეკოლოგიური სამართლის ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ამბობს, სკვერის ტერიტორიაზე ნებისმიერი ნაგებობის მშენებლობა კანონდარღვევაა:

“მე დღეს პირადად ვიყავი კიკვიძის ბაღში, პირველ რიგში, ის, რომ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე საინფორმაციო ბანერი არ არის განთავსებული, უკვე მშენებლობის ნებართვის შესახებ კანონის დარღვევაა. ასევე, ირღვევა მერიის დადგენილება, კონსტიტუციის 37–ე მუხლი და საკრებულოს გადაწყვეტილება, რომელიც სწორედ მაშინ მიიღეს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო და რომლის მიხედვითაც გარკვეულ ადგილებში მშენებლობა იკრძალება”.

ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, მათ ოფიციალური წერილი გაგზავნეს მერიაში, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში და ითხოვენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე მოხდა მშენებლობის ნებართვის გაცემა:

“ეს პარკი ერთადერთია ნაძალადევის რაიონში, სადაც მოსახლეობას დასვენება შეუძლია, ჩვენ კონკრეტულად პოლიციის შენობას არაფერს ვერჩით, მაგრამ ასეთ ადგილზე ნებისმიერი მშენებლობის დაწყება უკანონობაა. არ მესმის, რატომ არის აუცილებელი, ააშენო პოლიცია მაინცდამაინც ბაღში. ბოლო დროს პოლიციისა და გამგეობის შენობებიდან კი უმეტესობა პარკსა და სკვერშია აშენებული”.

მჟავანაძე აბსურდს უწოდებს მერიის განცხადებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაციას შეუძლია ერთ ტერიტორიაზე ხეების მოჭრა, სხვა ტერიტორიის გამწვანების ხარჯზე:

“ეს არის უპასუხისმგებლო განცხადება. ვერც ისე მოხერხდება, რომ მშენებლობა ხეების მოჭრის გარეშე განხორციელდეს, რადგან ტერიტორია მთლიანად დაფარულია მრავალწლიანი ნაძვებით და არც მოსახლეობას ექნება არანაირი შეღავათი იმ შემთხვევაში, თუ ამ ნაძვების სანაცვლოდ სადმე ტყეში დარგავენ ნაძვს. თბილისი ისედაც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა და მსგავსი ქმედებები სრულიად დაუშვებელია”, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

დღევანდელ აქციაზე “კონსერვატიული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილიც იმყოფებოდა, რომელიც “გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის” ერთ–ერთი წევრია:

“ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც პოლიციის მშენებლობის გამო ტერიტორია გაიჩეხა, ამას ბარბაროსობის გარდა, არაფერი შეიძლება ეწოდოს. ეს არის ნიშანი იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ პიარს ახორციელებს სხვისი ჯანმრთელობის ხარჯზე. ჩვენ ვაპირებთ აქტიურობას მანამ, სანამ გაჩეხვა მოხდება. თუ მოსახლეობა უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში, პარკს გადარჩენის შანსი აქვს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

კიკვიძის ბაღის გადასარჩენად მომდევნო აქცია ოთხშაბათს, 3 საათზეა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი