ახალი ამბები

თურქეთთან სავიზო რეჟიმზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

6 თებერვალი, 2012 • • 1076
თურქეთთან სავიზო რეჟიმზე   მოლაპარაკებები მიმდინარეობს

პირველ თებერვლს თურქეთში ამოქმედებული ცვლილებების თაობაზე ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ორ მხარეს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები იმართება.

ამის შესახებ დღეს, 6 თებერვალს, გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

კითხვაზე, შეეხებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გამკაცრებული პირობები, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

“მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობს. ჩვენ ამ საკითხზე თურქულ მხარესთან ინტენსიურად ვმუშაობთ. ჩვენ ორხრივი ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული გამარტივებული მიმოსვლის თაობაზე, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს და მიგვაჩნია, რომ ის დაცული უნდა იყოს. მაგრამ არ არის მიღებული, რომ მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ჩვენ დეტალურ კომენტარებს ვიძლეოდეთ. დაველოდოთ შედეგებს,” – განაცხადა ვაშაკიძემ.

თურქეთში სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ცვლილებები განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, პირველი თებერვლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს თურქეთის ტერიტორიაზე სამი თვით ყოფნის უფლება აქვთ, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, მათ ქვეყნის ტერიტორიაზე ხელმეორედ შესვლა სამთვიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეეძლებათ

მასალების გადაბეჭდვის წესი