28459

გია ნოდია: ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ცუდია საქართველოსთვის

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, პოლიტოლოგი გია ნოდია ეხმაურება გაერთიანებულ სამეფოში 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვით, გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს. ნოდიას შეფასებით, მოკლედვადიან პერსპექტივაში ბრიტანული რეფერენდუმის შედეგი ცუდია საქართველოსთვის:

“ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, იქნება შოკის მდგომარეობაში და სხვებისთვის ნაკლებად ეცლება. საქართველოში, ბრიტანეთისგან განსხვავებით (მაგრამ ზოგი კონტინენტური ერის მსგავსად), ევროსკეპტიკოსი უპირველეს ყოვლისა პრორუსს ნიშნავს, ამიტომ ამ უკანასკნელებს მეტი სალაპარაკო მიეცემათ.

ასევე, მოკლევადიან პერსპექტივაში მოგებულია რუსეთი, რადგან ევროკავშირის დასუსტება ავტომატურად ახარებს რუსეთს (მაგრამ აძლიერებს თუ არა ის მას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს ცალკე საკითხია).

საშუალოვადიან პერსპექტივაში მთავარი კითხვაა, გაგრძელდება თუ არა დეზინტეგრაცია ორივე გაყრილი მხარის შიგნით. დღეს გამარჯვებული არიან შოტლანდიელი ნაციონალისტები: შოტლანდიის ინგლისიდან გამოყოფა გაცილებით უფრო რეალისტური პერსპექტივა გახდა. ერთიანი ირლანდიის იდეაც (ევროკავშირის ფარგლებში) დღის წესრიგში ბრუნდება – თუმცა მისი განხორციელება უფრო რთული იქნება. შეიძლება დიდი ბრიტანეთი ინგლისის და უელსის ამარა დარჩეს (თუმცა რა ვიცით, უელსელები რა ხასიათზე არიან ამ დილით?).

ყველაზე წაგებულია ევროკავშირი, როგორც პროექტი. გულუბრვილოა იმაზე ფიქრი, რომ ახლა, ბრიტანელების გარეშე, ევროკავშირი უფრო შეკავშირდება, უფრო „გაფედერალურდება“. პირიქით, ევროსკეპტიკოსები ევროკავშირის წამყვან ქვეყნებში გაძლიერდებიან. განსაკუთრებით ეს ეხება ჩრდილოეთის ქვეყნებს (ნიდერლანდები, დანია, შვედეთი) სადაც დემოკრატიული ტრადიციები უფრო ძლიერია. შეიძლება გაიზარდოს ევროკავშირში პოლონეთის როლი. ობიექტურად ძლიერდება გერმანია, – მაგრამ ავტომატურად გაძლიერდება ანტიგერმანული განწყობებიც. ასე რომ, ტურბულენტური პერიოდი რომ ეწყება ევროკავშირს, ვიცით, მაგრამ რით დასრულდება ის – ნურავინ დაიჩემებს, ვიციო. საბოლოოდ არ გამორიცხავ, რომ ტურბულენტურობის პერიოდის შემდეგ ევროკავშირის კონსოლიდაცია მოხდეს – მაგრამ ინტუიცია უფრო საპირისპიროს მკარნახობს”, – აცხადებს ნოდია.

ვრცლად გია ნოდიას შეფასებებს ბრექსიტის შესახებ შეგიძლიათ  გაეცნოთ მის პოსტში, რომელის ფეისბუკზე გამოაქვეყნა:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი