ახალი ამბები

დიდთოვლობა საქართველოში[ფოტო]

31 იანვარი, 2012 • 1636
დიდთოვლობა საქართველოში[ფოტო]

საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე დღის მანძილზე გადაუღებლად თოვს.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უკანასკნელი ინფორმაციით, გარკვეული შეზღუდვები წესდება უღელტეხილებზე.

დიდთოვლობის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო ნახევრადმისაბმელიანი და დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავოტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ზვავდამცავი გვირაბების გავლით ხორციელდება. ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტი გვირაბებში ცალმხრივად მოძრაობს.

გუდაური-კობის და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტომანქანების მიმოსვლისას აკრძალულია მათი გაჩერება.

გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ტრანსპორტს თოვლის გამო მოძრაობის პრობლემა არ შექმია თბილისში, თუმცა თოვლმა მოსახლეობის ნაწილი მაინც დააზარალა. როგორც თბილისის ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს ექიმი გურამ ჭიჭინაძე აცხადებს, ბოლო ორი დღის მანძილზე თოვლის გამო მიღებული ტრავმით საავადმყოფოს საკმაოდ ბევრი ადამიანი აკითხავს:

“პაციენტების მხრიდან მომართვა ბოლო ორი დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, თუმცა გუშინ უფრო მეტმა ადამიანმა მოგვმართა სხვადასხვა დაზიანებებით, ვიდრე დღეს. ვერ ვიტყვი, რომ პაციენტების რიცხვი ორმაგდება, მაგრამ სხვა პერიოდთან შედარებით ბევრად მაღალია. თოვლის გამო ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება შეექმნას პრობლემა, მოგვმართავენ როგორც ბავშვები და მოხუცები, ასევე, ახალგაზრდები”, – განაცხადა გურამ ჭიჭინაძემ.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ წუთებში თბილისში ტემპერატურა –2 გრადუსი ფიქსირდება, თოვა მთელი ღამე და ხვალაც გაგრძელდება.

ამ დროისთვის თბილისის გარდა თოვს გორში, ფასანაურში, ბოლნისში და მთლიანად კახეთის რაიონში.

არ თოვს სვანეთში, თუმცა, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვა დაიწყო ზუგდიდში და მოსალოდნელია სვანეთშიც.

“სვანეთში ნალექი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თოვლის საფარი 150სმ–ს აღწევს, არ გვაქვს შეფერხება საავტომობილო გზატკეცილზე და ელექტროენერგიაც ყველა სოფელს მიეწოდება”, – განაცხადა რეგიონის გამგეობის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო ჯაფარიძემ.

ამ დროისთვის თოვს რიკოთის უღელტეხილზეც, თუმცა ზვავსაშიშროება არ არის:

“ზვავსაშიშროება ჯერჯერობით არსად არ არის, მოსულ ნალექზე ვართ დაყრდნობილი, მცირე თოვა მიდის ამ წუთებში გუდაური–ჯვრის უღელტეხილზეც,  თუ  თოვა გაძლიერდა, შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს”, – აცხადებენ გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

უნალექო ამინდია ბათუმსა და ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში 4 გრადუსი სითბო ფიქსირდება.

სინოპტიკოსები  საქართველოს უმეტეს ნაწილში ხვალაც თოვლს ვარაუდობენ, ზეგიდან კი გამოდარებას ელოდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი