ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

8000 მისალმება საქართველოდან აფხაზურ ენაზე

15 ივნისი, 2016 • 2654
8000 მისალმება საქართველოდან აფხაზურ ენაზე

საიტი არ არის დამზადებული არც ერთი პოლიტიკური თუ სხვა ორგანიზაციის მიერ. „მშიბზია“ აფხაზურად მისალმებას ნიშნავს. ჩვენ 8000-ზე მეტი დღეა არ მივსალმებივართ ერთმანეთს. გვინდა ეს დღეები ამდენივე მისალმებით შევავსოთ. თქვენც შემოგვიერთდით და ატვირთეთ თქვენი ფოტო”, – ასეთი ტექსტი ჩნდება ვებ-გვერდზე www.mshibzia.com, რომელიც დღეს, 15 ივნისს ჩაეშვა.

პროექტის თანაავტორი ბაჩო მებურიშვილია, რომელიც ნეტგაზეთთან იდეის შესახებ ყვება:

“ამ პროექტის გაკეთება რამდენიმე მეგობარმა გადავწყვიტეთ. 2 წლის განმავლობაში ვაკეთებდით. ადამიანების ნაწილი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩვენივე გადაღებულია. დღეიდან კი ნებისმიერს შეუძლია ატვირთოს თავისი ფოტო და იქვე დაურთოს მისალმება აფხაზურ ენაზე”.

Screen Shot 2016-06-15 at 5.00.16 PM

“ჩვენსა და აფხაზებს შორის ურთიერთობა მხოლოდ პოლიტკოსების და არასამთავრობო დონეზე არსებობს. ცალკეულ ადამიანებს შორის ღია ურთიერთობების დეფიციტია. არადა, როდესაც იცი, რომ ვიღაც უბრალოდ გემეგობრება, გელაპარაკება არა გამორჩენის მიზნით, უფრო გახსნილები ვართ ხოლმე”.

ბაჩო მებურიშვილი ამბობს, რომ მსგავსი ინიციატივები წინა წლებშიც ჰქონდათ. მაგალითად, 2009 წელს აფხაზურ ენაზე  აფხაზეთში მცხოვრებ შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეებს აფხაზურ ენაზე ახალი წელი მიულოცეს. შემდგომ წლებში ვიდეოს სახით აფხაზურ და ოსურ ენებზე საახალწლო მილოცვებიც ჩაწერეს.

“ომის შემდგომი პერიოდი იყო და ნეგატიურ გამოხმაურებებს ველოდებით. ბევრი გვირჩევდა კიდეც, რომ არ ღირდა ამის გაკეთება. მაგრამ ძალიან კარგი შედეგი მივიღეთ. უმეტეს შემთხვევაში დადებითი გამოხმაურება იყო. როგორც წესი, ისინი არ ელოდებიან ხოლმე კეთილგანწყობას ქართული მხრიდან. დარწმუნებული არიან, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ და ჩვენთან თანაცხოვრებით ვერ გადარჩებიან. კარგად მუშაობს იქ პროპაგანდა, მათ შორის- რუსული. ამ პატარა ინიციატივებით არ გაქვს ილუზია, რომ მალევე რამე შეიცვლება, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

კითხვაზე, როგორ მოხდება ამ გზავნილის მიტანა აფხაზებამდე, ბაჩო მებურიშვილის განმარტებით,  ისინი გამოიყენებენ სხვადასხვა პლატფორმას, მათ შორის ვებ-გვერდებს, ბლოგებს და იმ ადამიანებს, რომელთაც ბევრი აფხაზი მეგობარი და ახლობელი ჰყავთ სოციალურ ქსელებში. ასევე, შემთხვევით შერჩეულ მოქალაქეებს, ვისაც პირადი მესიჯის სახით მიაწვდიან ამ “მისალმებას”.

ას

რაც შეეხება მისალმებას ოსურ ენაზე, ბაჩო მებურიშვილი ამბობს, რომ იქ აფხაზეთზე ნაკლებად არის განვითარებული სოციალური ქსელები, შესაბამისად, ამ ეტაპზე, მხოლოდ აფხაზებს “მიესალმებიან”.

ჯგუფი სამომავლოდ კიდევ ერთი ვებ-გვერდის პროექტს გეგმავს. ბაჩო მებურიშვილის თქმით, ის უფრო მასშტაბური იქნება და ომამდე გადაღებულ აფხაზებისა და ქართველების ერთობლივი ფოტოების ბაზის შექმნას ითვალისწინებს.

 

Screen Shot 2016-06-15 at 5.00.05 PM

მასალების გადაბეჭდვის წესი