ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებლის 83 თანამშრომელი ხელფასების მატებას მოითხოვს და გაფიცვაზე საუბრობს

18 მაისი, 2016 • 1683
საზოგადოებრივი მაუწყებლის 83 თანამშრომელი ხელფასების მატებას მოითხოვს და გაფიცვაზე საუბრობს

დღეს, 18 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის 83-მა თანამშრომელმა 21 დღეში გაფიცვის დაწყება დააანონსა, თუ ხელფასებს არ მოუმატებენ და სოციალურ უთანასწორობას არ აღმფხვრიან საზოგადეობრივ მაუწყებელში.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლაშა მესხი ამბობს, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის თანამშრომლები ხელფასების 20%-დან 50%-მდე მატებას ითხოვენ.

“აქ არის კატასტროფული განსხვავება ხელფასებს შორის. ადამიანები წლების მანძლზე ვითხოვდით მცირე მატებასაც, თუმცა არანაირი შედეგი არ გამოუღია ამ ყველაფერს”, – ამბობს მესხი.

ლაშა მესხის თქმით, ხელფასების სამართლიანი სისტემა უნდა შემუშავდეს, რაც გულისხმობს ხელფასების გათანაბრებასა და დანამტებისა და პრემირების სისტემის შექმნას.

“უნდა მოხდეს ის, რომ ამ სამსახურში დასაქმებული გახდეს პრიორიტეტი. დღემდე არ არის ასე. რეიტინგს რომ ითხოვენ, შესაბამისი პირობა უნდა შეუქმნან თანამშრომელს”, – განაცხადა ლაშა მესხმა.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ისინი შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას და შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარუდგენენ. მათ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს მედიატორის გამოყოფის თხოვნით მიმართეს. იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მაშნ 21 დღის ვადაში გაიფიცებიან.

მესხის თქმით, პროტეტს გამოთქვამს 83 თანამშრომელი, რომელთაგან 5 ჟურნალისტია, 25 ოპერატორი, ხოლო დანარჩენები მემონატაჟეები, საეთერო სტუდიისა და გარე ჩართვის ტექნიკური ჯგუფის წევრები არიან.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია იმედს გამოთქვამს, რომ მენეჯმენტსა და მედიაში დასაქმებულთა პროფკავშირს შორის მოლაპარაკებები გაიმართება:

“იმედია, მენეჯმენტსა და პროფკავშირს შორის გაიმართება მოლაპარაკებები, ჩვენ იმ ეტაპზე ჩავებმებით, რაც არის კანონით განსაზღვრული და მოვილაპარაკებთ. ბიუჯეტები დამტკიცებულია, სტრუქტურები იცვლება და, შესაბამისად, სტრუქტურის ცვლილებასთან ერთად ბიუჯეტშიც შევა ცვლილებები. რეალური მოთხოვნები იქნება დაკმაყოფილებული, არარეალურ მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, ვერ დავაკმაყოფილებთ.”

მისი თქმით, “იქ არის გარკვეული სამართლიანი მოთხოვნებიც. ”

გოგელია განმარტავს, რომ მაუწყებელში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს:

“მიმდინარეობს რეორგანიზაცია. ამისთვის სპეციალურად ვიქირავეთ ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანურ ნაწილს [რეორგანიზაციის], რაც შეეხება მთავარი ამოცანების განსაზღვრას, ოპტიმალური სტრუქტურების განსაზღვრას და მასზე მიბმას საფინანსო, სამოტივაციო თუ სხვადასხვა პოლიტიკის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი