5114

ლგბტ აქტივისტის თქმით, პოლიციელმა სანთელი აანთო და ღმერთს მათგან ქვეყნის დაცვა სთხოვა

სამოქალაქო აქტივისტი ანა სურმავა, რომელიც დღეს, გამთენიისას  დააკავეს, პოლიციის თანამშრომლის მხრიდან ჰომოფობიის გამოვლინებასა და დისკრიმინაციაზე საუბრობს. როგორც აქტივისტმა ნეტგაზეთს განუცხადა, პოლიციის შენობაში ერთ-ერთი პოლიციელი ლგბტ ჯგუფის წევრებს დისკრიმინაციული ტერმინებით მოიხსენიებდა. ამასთნ, სურმავას განმარტებით, მისი თანდასწრებით პოლიციელმა განყოფილებაში სანთელი დაანთო და ღმერთს “ამ ადამიანებისაგან საქართველოს დაცვა შესთხოვა”.

“[პოლიციელები] აგრესიულები არ ყოფილან, მაგრამ ჩვეული ცინიზმით… თავიდან არ წარმოგვიდგინეს დამდასტურებელი მოწმობა, არ აუხსნიათ, რომ დაკავებულები ვიყავით.  განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ მე მეორე სართულზე ამიყვანეს ოქმის შედგენის მიზნით. პოლიციელი საკმაოდ ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ჰქონდა პროვოკაციის მცდელობა, რომ “პიდარასტები და ცისფერები”, – ამ სიტყვებით ესაუბრა. შემდეგ მე მივეცი შენიშვნა, რომ ოქმის წერა გაეგრძელებინა. მას უფროსებმაც მისცეს შენიშვნა და ოთახიდან გაიყვანეს. როდესაც ოთახში დაბრუნდა, ჩემ თვალწინ დაანთო სანთელი და ლოცვა დაიწყო, რომ ღმერთო, დაიფარე საქართველო ამ ადამიანებისგანო”, – გვითხრა ანა სურმავამ.

მისივე თქმით, პოლიციელმა დამოკიდბულება მას შემდეგ შეცვალა, რაც განყოფილებაში მათი იურისტი მივიდა. “იკითხა, რაიმე პრეტენზიები ხომ არ გაქვთ ჩემთანო. ძალიან ყურადღებიანი გახდა”.

სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელის სახელსა და გვარს არ ასახელებს და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა. “სასამართლოს შემდეგ სახალხო დმაცველთანაც გვექნება ამაზე საუაბრი”.

“დაუყოვნებლივ უნდა იქნას შესწავლილი დაკავებისას სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებისა და ჰომოფობიური ენის გამოყენების, დაკავებულებისათვის უფლებების დაუყოვნებლივ განმარტების მოვალეობის დარღვევის საკითხი და მას უნდა მოჰყვეს მკაცრი რეაგირება. განხორციელებული რეაგირების შესახებ დროულად უნდა ეცნობოს საზოგადოებას”, – წერია განცხადებაში, რომელიც დღეს ომბუდსმენმა გაავრცელა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს პრესცენტრს, სადაც ჯერჯერობით ანა სურმავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი არ კეთდება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადაწყვიტეს სამოქალაქო აქტივისტებმა საკუთარი პოზიციის ზემოხსენებული ფორმით გამოხატვა, ანა სურმავა ამბობს:

“სახელმწიფომ არ გამოიჩინა ნება, რომ ჩვენი უფლებები ხმამაღლა და საჯაროდ გამოგვეხატა და დაგვეფექსირებინა ჩვენი არსებობა, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პერფორმანსით გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება და აღგვენიშნა 17 მაისი, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ეს ძალიან სპონტანურად გავაკეთეთ აქტივისტებმა”.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჭალიძე განიხილავდა 7 აქტივისტის საქმეს, რომლებიც პოლიციამ 17 მაისს, გამთენიისას დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით. პოლიციამ 10 აქტივისტი მაშინ დააკავა, როცა ისინი საპატრიარქოს შენობის ღობის კედელზე, ასევე რუსთაველის გამზირზე წარწერების – “სიყვარული თანასწორია” გაკეთებას ცდილობდნენ. სამი მათგანი მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვეთა კოდექსის 150-ე მუხლით დააკავეს, თუმცა ისინი დილით, 10:00 საათისთვის ხელწერილებით გაათავისუფლეს, ხოლო 7 დაკავებული დილიდან სასამართლოში გადაიყვანეს.

ამ ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი:

“დაკავებულებმა საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს განუცხადეს, რომ მათი დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე და ჰომოფობიური ენის გამოყენებით.

ლგბტ აქტივისტები უთითებენ, რომ ისინი დააკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა, ასევე მათი ტრანსპორტირება არ განხორციელებულა პოლიციის ავტომანქანებით.  დაკავებულების ადგილსამყოფელი რამდენიმე საათის განმავლობაში უცნობი იყო. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება გაუჭირდათ მათ შორის სახალხო დამცველის რწმუნებულებს. დაკავებულები აღნიშნავენ, რომ მათთვის დაკავებისთანავე არ განუმარტავთ უფლებები და არ მიუციათ ახლობლებთან დაკავშირების შესაძლებლობა.

ნახატების თვითნებურად შესრულება შენობათა ფასადებსა თუ ღობეეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა (ასკ 150–ე მუხლი). თუმცა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება აღნიშულ ქმედებებზე მკაცრ ნორმატიულ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. გაუგებარია, რატომ იყვნენ დაკავებისას პოლიციელები ფორმის გარეშე და შს სამინისტროს კონკრეტულად რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს წარმოდგენდნენ ისინი. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე ნათელი და მკაფიო განმარტება უმოკლეს დროში გააკეთოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ნაწილში მნიშვნელოვანია შეფასდეს, რამდენად ჰქონდათ შესაძლებლობა ლგბტ აქტივისტებს მაიდენტიფიცირებული ნიშნების, დოკუმენტებისა და სათანადო განმარტების არარსებობის პირობებში შესაბამისი პირები აღექვათ პოლიციის თანამშრომლებად”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com