ახალი ამბები

ეგვიპტელი ჟურნალისტები საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ

15 ნოემბერი, 2011 • 1019
ეგვიპტელი ჟურნალისტები საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ეგვიპტური მასმედიის, წამყვანი ტელევიზიებისა და ჟურნალების წარმომადგენლები ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და გასაშუქებლად ჩამოვიდნენ.

“ეგვიპტელი ჟურნალისტები განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებითაც დაინტერესდნენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილე კოკა სეფერთელაძესა  და მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძესთან ერთად  მათ  №1 ექსპერიმენტალურ სკოლაში თანამედროვედ აღჭურვილი ჯეოსელის ”მომავლის კლასი” და პირველკლასელთა კორპუსი დაათვალიერეს, ნახეს ნეტბუკების დახმარებით მიმდინარე ინგლისური ენის გაკვეთილი, შეხვდნენ პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსულ ინგლისურენოვან მასწავლებელს.

თბილისის №1 ექსპერიმენტალური სკოლის მაგალითზე  ეგვიპტელი ჟურნალისტები  საქართველოს ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ, რადგან ამ სკოლაში საქართველოს პრეზიდენტისა და სამინისტროს მიერ  ინიცირებული თითქმის ყველა პროექტია დანერგილი.

ეგვიპტელი ჟურნალისტები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს.

ეგვიპტელი ჟურნალისტები ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი კვირა დარჩებიან და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საქართველოზე სიუჟეტებს მოამზადებენ, რათა მათ ქვეყანაში უკეთ გაიცნონ საქართველო და აქ მიმდინარე ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც განათლების, ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის სფეროში ხორციელდება”, –ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი