ახალი ამბები

ივანიშვილის 2011 წლის პროექტები საქართველოში

11 ნოემბერი, 2011 • 1302
ივანიშვილის 2011 წლის პროექტები საქართველოში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იმ პროექტების სიას აქვეყნებს, რომლებიც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” დაფინანსებით მიმდინარე, 2011 წელს ხორციელდება საქართველოში.

IDFI–ში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მათ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული საჯარო რეესტრის ელექტრონული ვერსიის მონაცემებზე დაყრდნობით დაამუშავეს.

აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისად, 2011 წელს განსახორციელებელი ან დასასრულებელი პროექტების (სულ 30 პროექტი) საერთო სახელშეკრულებო ღირებულებამ, რომელსაც “ქართუ” აფინანსებდა, 115 488 911 ლარი შეადგინა.

IDFI–ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, რაგბის სტადიონების მშენებლობის პროექტი “ქართუს” მიერ 12 710 000 ლარით დაფინანსდა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაციის პროექტი – 12 647 000 ლარით, ხოლო ნატანების საკონცერტო დარბაზის მშენებლობა – 26 400 000 ლარით.

რამდენიმე ათეული მილიონი ლარითაა დაფინანსებული სხვადასხვა სახის პროექტები საჩხერეში, მათ შორის: სამედიცინო კომპლექსის მშენებლობა (18 800 000 ლარი), გაზიფიცირება (2 300 000 ლარი), შიდა გზების რეაბილიტაცია (4 200 000 ლარი), წყალკანალის ქსელის მშენებლობა (2 300 000 ლარი).

“ქართუს” მიერ 2011 წელს დაფინანებულ პროექტებს შორისაა, ასევე, თსუ–ს პირველი კორპუსის რემონტი (5 100 000 ლარი), ბათუმის მერიის დახმარება ბათუმის პარკის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად (1 100 000 ლარი), სოფელ ბორითთან ემერჯენსის მშენებლობა (2 600 000 ლარი) და სხვა.

შეგახსენებთ, რომ 2005–10 წლებში ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდებიდან საქართველოში განხორციელებული სხვადასხვა სახის პროექტისთვის 966 897 320.12 ლარი დაიხარჯა, აქედან 2005 წელს – 82 020 017,48 ლარი, 2006–ში –  257 282 888,09 ლარი, 2007 წელს – 184 734 569 ლარი, 2008–ში – 174 421 998,95 ლარი, 2009 წელს – 129 732 300,8 ლარი და 2010 წელს – 138 705 545, 8 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი