ახალი ამბები

ახლად აშენებული აღმაშენებელი

9 ნოემბერი, 2011 • 1132
ახლად აშენებული აღმაშენებელი
შეინარჩუნებს თუ არა განახლებული აღმაშენებლის გამზირი თბილისში ისტორიულ იერსახეს? – ეს ის საკითხია, რაზეც ხელისუფლებასა და ხელოვნებათმცოდნეების ნაწილს განსხვავებული პოზიციები აქვს.
კულტუროლოგ ცირა ელისაშვილის განცხადებით, ის, რასაც აღმაშენებლის გამზირზე ვიღებთ, არის ახალი, 21–ე საუკუნის ფასადები, რომლებსაც არანაირი არქიტექტურული ღირებულება აღარ გააჩნიათ.
„სამწუხაროდ, დღეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები, არის პროცესი, რომლის უკან დაბრუნება შეუძლებელია“, – აცხადებს თამარ ამაშუკელი, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანების, ”ტფილისის ჰამქრის” წევრი.”თბილისის განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი გიორგი საბანაძე ამბობს, რომ შენობების რეაბილიტაცია აღმაშენებლის გამზირზე საარქივო ფონდის მასალებზე დაყრდნობით ხორციელდება.
„ჩვენ ამოვიღეთ ძველი მასალები, ვნახეთ, როგორი სახე ჰქონდა ამა თუ იმ შენობას, რამდენჯერ გადაკეთდა და შეიცვალა საბჭოთა ეპოქაში და ზუსტად პირვანდელი იერსახე დავუბრუნეთ. ამ მასალებს ნებისმიერ მსურველს ვაჩვენებთ. დიდი ინტერესით მოვისმენ რეკომენდაციებს,” – აცხადებს საბანიძე.
აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად რამდენიმე შენობაზე ახალი სართულები დაშენდა, რასაც ცირა ელისაშვილის თქმით, არანაირი კავშირი არა აქვს საარქივო მასალებთან:“ეს სართულები შენობებს არასოდეს ჰქონიათ, ეს არის წმინდა წყლის ფანტაზიის ნაყოფი, კონკრეტული პიროვნებების, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო”.
თამარ ამაშუკელის თქმით, ზოგიერთი შენობა მართლაც საარქივო მასალებში არსებული პროექტების მიხედვით იგება, თუმცა ეს ის პროექტებია, რომლებიც თავის დროს არ განხორციელებულა:”მოდერნი მნიშვნელოვანი იმ დროისთვის იყო, მაშინ, როცა ეს მიმდინარეობა განვითარდა – მე-20 საუკუნის დასაწყისში. ახლა, ამ ეტაპზე კი, მე-20 საუკუნის შენობების აგება რამდენად მიზანშეწონილია, არ ვიცი“, – აცხადებს ამაშუკელი.
ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პასუხი ასეთია:“ახლა ამ უბანს იმაზე უკეთესი სახეც კი უბრუნდება, ვიდრე თავის დროზე იყო მათი დამპროექტებლების მიერ დაგეგმილი.”ეს განცხადება ქვეყნის პირველმა პირმა 2010 წლის დასაწყისში გააკეთა, როდესაც თბილისში აღმაშენებლის გამზირის სარეკონსტრუქციო სამუშაოები ახლადდაწყებული იყო. თბილისის მერიის ცნობით, აღმაშენებლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით დაიწყო, რისთვისაც, მერიისავე ცნობით, პირველ ეტაპზე, 50 მილიონი ლარი გამოიყო.
სარეკონტრუქციო სამუშაოები პროგრამის „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ – ფარგლებში დაიგეგმა.მაშინვე თბილისის მერმა გიგი უგულავამ განმარტა, რომ სამუშაოები, ძირითადად, შენობების გამაგრებას გულისხმობდა:“ჩვენი პროგრამა – „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: ერთი, არის მშენებლების სტიმულირება, ძველი სახლებიდან მოსახლეობისთვის ახალი ბინების მიცემა, მეორე არის – პირდაპირი რეაბილიტაცია, რომელშიც იგულისხმება მთელი კომუნიკაციები, რადგან სწორედ კომუნიკაციები აზიანებენ სახლებს და იგულისხმება სახლების ფუნდამენტური გამაგრება”.
“ცოტა პარადოქსულია, თუკი სახლები იყო დაზიანებული და გასამაგრებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს სახლები იყო ავარიული და თუკი ასეა, მაშინ რატომ ვამატებთ კიდევ დამატებით სართულს, რომელიც უფრო ამძიმებს ამ მდგომარეობას?!” – ამბობს ცირა ელისაშვილი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.2009 წლის ბოლოს, როდესაც აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კინოთეატრ “აპოლოს” შენობაზე სართულნახევრის დაშენება დაიგეგმა, ხელოვნებათმცოდნეებმა პროექტი დაიწუნეს და საბოლოოდ, მათი აზრის გათვალისწინებით, “აპოლოს” სახურავმა დაიწია, თუმცა სხვა შემთხვევებში სპეციალისტების შენიშვნების გათვალისწინება აღარ მომხდარა.“ჩვენ რასაც ვამბობთ ბოლომდე მივიყვანთ, მიუხედავად იმისა, ვინ როგორ გაგვლანძღავს” – ეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვებია, რომელიც მან 2010 წლის იანვარში, აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების მონახულებისას წარმოთქვა.
„როდესაც რაიმე შენობა არის კულტურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვანია მისი ნებისმიერი დეტალი: ფასადი, კარი, ფანჯარა და ა.შ.“ – განმარტავს თამარ ამაშუკელი და იმ კონკრეტულ მაგალითებზე საუბრობს, რომლითაც აღმაშენებლის გამზირზე მთელი რიგი შენობების ავთენტურობა იქნა დარღვეული:„მაგალითად, აღმაშენებლის 93 ნომერში იყო ძველი კარი, რომელიც ჩამოხსნეს და თითქოს ისევ ისეთივე გააკეთეს, მაგრამ რეალურად ეს ახალი კარი ძველისგან ძალიან შორს დგას. ასევე, თითქმის ყველგან ჩამოხსნეს ძველი აივნები და შენობებს ახალი აივნები მიუკეთეს, ჩამოხსნეს ნალესობა და შელესვა თავიდან მიმდინარეობს. ეს დეტალები მნიშვნელოვანი იყო იმ პერიოდისთვის, იმ სტილისთვის. ახლა კი ეს აბსოლუტუად სხვა მოცემულობაა. წარმოიდგინეთ, რომელიმე ფერწერული ნამუშევარი, მხოლოდ იმიტომ, რომ დაზიანებულია, ჩამოვფხიკოთ და ახალი დავხატოთ. ეს აღარ იქნება ორიგინალი, ეს იქნება ასლი. შენობა კარგავს ავთენტურობას და ჩნდება კითხვა, არის თუ არა ის კულტურული ძეგლი?”
იგივე პრობლემაზე საუბრობს კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი. მისი თქმით, შენობებზე მთლიანად ხსნიან ძველ ფასადებს და ახალს ამაგრებენ, რომლებიც სულ სხვა მასალისგანაა დამზადებული და მათ არანაირი არქიტექტურული სიძველე აღარ გააჩნიათ:“
თუ ადრე ეს ფასადები “სტუკოს” ტექნიკით იყო შესრულებული, ახლა ეს არის მხოლოდ თაბაშირში ჩამოსხმული დეტალები, ეს ორი კი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. იქ, სადაც ადრე კირი იყო გამოყენებული, ახლა ცემენტით ლესავენ. ფასადზე მთლიანად მოიხსნა ნალესობა, დავიდნენ აგურის დონეზე და შემდეგ ახალი ჩამოსხმული ფასადი მიაწებეს შენობას. ამ დონის ჩარევა უკვე არ არის რესტავრაცია.ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი რესტავრაცია, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე, უნდა მოეხსნათ მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ცვივა და აღდგენას აღარ ექვემდებარება და მომხდარიყო ახალი დეტალის მიმაგრება. ახლა კი მთლიანად მოხსნილია შენობებზე ფასადები. თანაც, ამ სამუშაოებს არ ახორციელებენ სარესტავრაციო კომპანიები, ეს არის უახლოეს პერიოდში შექმნილი შ.პ.ს–ები, მათ ამის გამოცდილება არ აქვთ. იქ არ მუშაობენ მუშა–რესტავრატორები,” – აცხადებს ცირა ელისაშვილი.
განახლებული აღმაშენებლის გაზმირის გახსნა 2011 წლის 23 ნოემბრისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა სამუშაოების დასრულება ამ დროისთვის ვერ ესწრება, რის გამოც გახსნის ცერემონია ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისისთვის გადაიდო.

მასალების გადაბეჭდვის წესი