ახალი ამბები

საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

20 აპრილი, 2016 • 1347
საქართველოში ხვალიდან ამინდი გაუარესდება

საქართველოში 21-22 აპრილს ტემპერატურა დაიკლებს – ამის შესახებ ნეტგაზეთს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიღ, დღეს საღამოს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დასავლეთ საქართველოში შემოსვლას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. ამიტომ მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება და 21 აპრილს დასავლეთ საქართველოს დაბლობში მაქსიმალური ტემპერატურა 14-16 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში კი, 12-14. ზოგან გაძლიერდება ქარი, ასევე მოსალოდნელია ტალღები ზღვაზე.

21 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან ცივი ჰაერის მასები გავრცელებას დაიწყებს აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც დღის პირველ ნახევარში ამინდი განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული თბილი ჰაერის მასებით. ხვალ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში მოსალოდნელი იქნება წვიმა, ზოგან ელჭექი და გაძლიერდება დასავლეთის მიმართულებით ქარი. ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ხვალ აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელი არ არის და მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ 21-26 გრადუსი იქნება.

22 აპრილს, დღისით, ცივი ჰაერის მასები საქარველოს ტერიტორიას მთლიანად დაიკავებს, მაქსიმალური ტემპეტარურა 17-22 გრადუსი იქნება, ნალექი კი დღის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 23 აპრილიდან გამოიდარებს.

დღეს, 20 აპრილს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსი არის მოსალოდნელი. მთიან რაიონებში- 24-26 გრადუსი, მაღალმთიან რაიონებში- 19 გრადუსი. დღეს აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში კი 24-16 გრადუსი იყო მოსალოდნელი, თბილისში მაქსიმალური ტემპერატურა 27 გრადუსი დაფიქსირდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი