საზოგადოება

საშიში გერმანული საკვები და საქართველო

13 იანვარი, 2011 • • 2969
საშიში გერმანული საკვები და საქართველო

„დიოქსინით დაბინძურებული კვერცხი, საკონდიტრო ნაწარმი, ხორცპროდუქტები და სხვა სურსათი გერმანიიდან საქართველოში არ შემოსულა“ – ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურის წარმომადგენელი ნეტგაზეთთან საუბრისას.

გერმანიის ხელისუფლებამ გასული კვირის მანძილზე გერმანიაში მეფრინველეობისა და მეღორეობის 4700-მდე ფერმა დალუქა. შემოწმების შემდეგ კი 3 ათასს – მუშაობის გაგრძლების უფლება მისცა. ფერმების ნაწილში 136 ათასზე მეტი კვერცხი, ასევე, ათასობით ფრინველი და ღორი გაანადგურეს. მიზეზი აღნიშნული ფერმების მიერ წარმოებულ კვერცხსა და ხორცში აღმოჩენილი მომწამლავი ნივთიერება დიოქსინია.

გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, ორმა კომპანიამ  Harles-მა და Jentzsch-მა  გერმანიის საფერმე მეურნეობებს 2010 წლის მანძილზე 3 ათას ტონამდე საკვები მიაწოდეს ქათმებისა და ღორებისათვის. საკვები დიოქსინით დაბინძურებული აღმოჩნდა. შესაბამისად, დაბინძურდა ამ ფერმების მიერ წარმოებული პროდუქციაც.  ლაბორატორიულმა კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ მომწამლავი ნივთიერება ცხოველებისა და ფრინველებისთვის განკუთვნილ საკვებში დასაშვებ ნორმას 77-ჯერ აღემატებოდა.

ფრინველისა და საქონლის საკვების მიმწოდებელი კომპანიები დალუქულია და შესაბამისმა ორგანოებმა უკვე გამოძიებაც დაიწყეს. გერმანიიდან იმპორტირებული მოწამლული კვერცხის, ქათმისა და ღორის ხორცის, ასევე, საკონდიტრო ნაწარმის, მაიონეზის და შამპუნების დიდი პარტიები ამოიღეს ბრიტანეთის სავაჭრო ქსელიდანაც. პროდუქციის ნაწილი იყიდებოდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც.

სამხრეთ კორეამ  საზღვარზე ხელახალი შემოწმების გარეშე გერმანიიდან იმპორტირებული ხორცპროდუქტებისა და საკონდიტრო ნაწარმის ქვეყანაში შეტანა აკრძალა. დიოქსინის შიშით გერმანულ პროდუქციაზე აკრძალვები დააწესა ჩინეთმაც.  

აღნიშნული სახის გერმანულ პროდუქციაზე შეზღუდვები და აკრძალვები დააწესა  იაპონიამაც.

დიოქსინი არის ტოქსიკური ნივთიერება, შხამი, რომელიც გამძლეობით გამოირჩევა და დიდხანს რჩება გარემოში, საკვებ ნივთიერებასა და ადამიანის ორგანიზმში. ის ადამიანის ორგანიზმში სწორედ საკვების საშუალებით შეიძლება მოხვდეს. გარემოში დიოქსინი შეიძლება მრეწველობის ნარჩენების,  ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ასევე, გამონაბოლქვის შედეგად მოხვდეს.

1996 წელს ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტომ დიოქსინი ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის საშიშ ნივთიერებათა ნუსხაში შეიტანა.

სიმსივნის კვლევის საერთაშორისო სააგენტომ(ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ნაწილი) 1997 წელს დიოქსინები კანცეროგენად, ანუ ადამიანში კიბოს გამომწვევ შხამად დაასახელა. გარდა სიმსინვისა, დიოქსინი ანადგურებს ადამიანის რეპროდუქციულ უნარს, აქვეითებს მის იმუნურ სისტემას, მისმა დიდი დოზით მიღებამ კი შეიძლება წამიერი სიკვდილიც კი გამოიწვიოს.  საკვებში მცირე რაოდენობით არსებული დიოქსინი კი ადამიანის ორგანიზმში დროთა განმავლობაში გროვდება და  ადამიანის ჯანმრთელობას ზიანს გარკვეული ხნის შემდეგ აყენებს.

2004 წელს უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვიქტორ იუშენკომ (რომელიც შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი გახდა) საპრეზიდენტო არჩევნებისას თავი შეუძლოდ იგრძნო. ის სასწრაფოდ ავსტრიის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში გადაიყვანეს. აღნიშნული კლინიკის ექიმების თქმით, იუშენკოს სისხლში სწორედ დიოქსინის მომწამლავი დოზა აღმოაჩინეს. უკრაინის  ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია,  რომ  დიოქსინით პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა მოწამლეს, თუმცა გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა. იუშენკოს მოწამვლის შემდეგ სახე დაუმახინჯდა.

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა მადონა კოიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ 2011 წლის იანვრამდე უცხოეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას საქართველოში არავინ ამოწმებდა. ჯერჯერობით, მას არა აქვს ინფორმაცია 2010 წლის მანძილზე საქართველოში შემოაღწია თუ არა დიოქსინით დაბინძურებულმა საკვებმა.

მადონა კოიძის თქმით, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურმა მიმდინარე წლის იანვრიდან იმპორტირებულ საკვებ პროდუქციაზე ინტენსიური კონტროლი განაახლა. ამ დრომდე საკმარისი იყო, დისტრიბუტორს კონკრეტული საკვების მწარმოებელ ქვეყანაში გაცემული ხარისხის სერთიფიკატი  წარედგინა. აღნიშნული პროდუქცია ხელმეორედ საქართველოში არ მოწმდებოდა. მიუხედავად ამისა, ბაზრებსა და სუპერმარკეტებში სურსათის უვნებლობის სამსახური მონიტორინგს აწარმოებდა.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს სკამარისი არ იყო,“ -ამბობს მადონა კოიძე. მისივე ინფორმაციით, ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც მალფუჭებად და რისკის მატარებელ პროდუქციას აწარმოებენ (თევზი, ხორცი, რძე, საკონდიტრო ნაწარმი), ეძლევათ რეკომენდაციები. ისინი ვალდებულნი არიან, ჰქონდეთ HAACP-ის მიკვლევადობის სისტემა.

„რომელ კომპანიასაც ეს სისტემა აქვს დანერგილი, მისი მომხმარებელი უფრო დაცულია. ეს სისტემა გულისხმობს სურსათის წარმოების შემოწმებას „მინდვრიდან სუფრამდე“. გარდა ამისა, პროდუქციის კონკრეტულ პარტიას გააჩნია შესაბამისი ნომერი. პრობლემის აღმოჩენის შემთვევაში აღნიშნული პროდუქციის ამოღება სავაჭრო ქსელიდან გაცილებით ადვილია,“-ამბობს საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელი.

მადონა კოიძე ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე რამდენიმე პრობლემას გამოჰყოფს, რაც ქართველ მომხმარებელს დაუცველს ტოვებს. ეს არის სხვადასხვა პროდუქციის დისტრიბუტორთა და მწარმოებელთა არაკეთილსინდისიერება. ხშირად ამა თუ იმ პროდუქციაზე ეტიკეტები ნაწარმის შესახებ უცხოურ ენაზეა დაწერილი, რაც საქართველოს კანონის “მომხმარებელთა შესახებ“ მეექვსე მუხლის პირდაპირი დარღვევაა. კანონის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ინფორმაცია ქართულად უნდა დაიწეროს, რათა მომხმარებელმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს ნაწარმის შესახებ. ასევე, პრობლემა არის მომხმარებლის გულგრილობა, რომელიც უვარგისი ნაწარმის აღმოჩენის შემთხვევაში მხოლოდ პროდუქციის დაბრუნებით, ან გამოცვლით კმაყოფილდება.

„მომხმარებელმა კონკრეტული დარღვევის შესახებ აუცილებლად უნდა აცნობოს ან სუპერმარკეტის მენეჯერს, ან შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოს, ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში კი მას სასამართლოში ჩივილიც შეუძლია,“-ამბობს მადონა კოიძე.

მომხარებელთა ფედერაციის ხელმძღვანელმა ნეტგაზეთს, ასევე, უთხრა, რომ სურსათის გარდა, არც ერთი სფერო არ არსებობს, სადაც მომხმარებელთა მომსახურებასა და ხარისხზე სახელმწიფო მონიტორინგი და კონტროლი ხორციელდება.

მისი თქმით, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახურში დანერგილია სწრაფი შეტყობინების სისტემა: თუ გერმანიაში მოხდა მსგავსი ფაქტი, ამის შესახებ შეტყობინება სასწრაფოდ ეგზავნება სურსათის უვნებლობის ჩვენს, ქართულ სამსახურს.

„აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა სხვა სამომხმარებლო სფეროში. მაგალითად, არავინ ამოწმებს შამპუნების, საპნების, კოსმეტიკური საშუალებების და მსგავსი ნაწარმის ვარგისიანობასა და ხარისხს. ამ პროდუქციის მაკონტროლებელი ორგანო საქართველოში არ არსებობს.  მომხმარებელი ამ შემთხვევაში მწარმოებლისა და დისტრიბუტორის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული,“ – ამბობს მადონა კოიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი