საზოგადოება

ვერტიკალურად მწვანე ბათუმი

22 ივლისი, 2010 • 2211
ვერტიკალურად მწვანე ბათუმი

13 ათასი ქოთნის მცენარე დაამშვენებს ბათუმის ძველ, ცენტრალურ ქუჩებს – ამბობენ ბათუმის მერიაში. სპეციალისტები კი ეჭვობენ, რომ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ვერტიკალური გამწვანება ქალაქში მრავალწლოვან ხეებს ვერ ჩაანაცვლებს.

 

ბათუმის მერია ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ვერტიკალურ გამწვანებას იწყებს, რაც, ძირითადად, სახლების აივნებისა და ფასადების ყვავილების ქოთნებით მორთვას გულისხმობს. ამ იდეის განხორციელებამდე, მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა, ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ორასამდე ხე მოჭრა, მათ შორის მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები.

შეძლებს თუ არა, ვერტიკალურმა გამწვანებამ ქალაქში ეკოლოგიური ფუნქცია შეასრულოს? არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ თავმჯდომარე, თამარ გუჯარაიძე ამბობს, რომ ვერტიკალურ გამწვანებას, ძირითადად, დეკორაციული ფუნქცია აქვს და, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ქალაქისთვის იგი მნიშვნელოვანი ვერ იქნება. 

თამაზ ველიაძე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი, რომელიც პროფესიით მებაღე-აგრონომია, ამბობს, რომ მცენარეების ძირითადი ფუნქცია ქალაქის გალამაზებაა: „ქალაქში ხეებმა რა ჟანგბადი უნდა მოგცეს ისეთი, რომ ქალაქის ატმოსფერო შეცვალოს? ქუჩებში დარგული მცენარეების ძირითადი ფუნქცია ის არის, რომ ქალაქი გაალამაზოს. არანაკლებ ლამაზი იქნება გამწვანებული აივნები. ქუჩაში ბეტონის ქოთნებით დადგამენ მცენარეებს, რომელთა გადაადგილებაც შესაძლებელი იქნება. ყველა კომერციული ფართობის მფლობელს უნდა, რომ გამოჩნდეს ვიტრინა, საქონელი, ეს პრობლემაა მუდმივად, ამიტომაც ვერტიკალური გამწვანება ამ პრობლემასაც მოხსნის“.

ველიაძე ამბობს, რომ ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროგრამა ქალაქის ძველ უბანში ფასადების მოპირკეთებასაც ითვალისწინებს, ხეები კი შეკეთებული ფასადების ერთ ნაწილს ფარავდა, თუმცა იქვე დასძენს, რომ ეს ხეების მოჭრის მთვარი მიზეზი არ არის და მცენარეები ფასადებზე მნიშვნელოვანია.

„გამწვანებას აქვს არა მხოლოდ დეკორაციული, არამედ ეკოლოგიური მნიშვნელობაც“ _ განაცხადა „ბათუმელებთან“ რამაზ ჭაღალიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი და გარემოს“ წევრმა, ბაღ-პარკების მშენებელმა ინჟინერმა, რომლის სამეცნიერო კვლევა დასახლებული პუნქტების გამწვანებას ეხება. „ხეები ზაფხულში  ტემპერატურას  5-6 გრადუსით ამცირებენ და ზამთარში, პირიქით, 1-2 გრადუსით ზრდიან, ქალაქში ხეებს ხმაურის დაცვის მნიშვნელობაც აქვთ, ჰაერიდან დიდი ოდენობით მტვერს იღებენ, რაც ნიადაგში ირეცხება. გარდა ამისა, მცენარეებს აქვთ უნარი, გამოჰყონ ნივთიერებები, რომლებიც მავნე ბაქტერიებსა და სტაფილოკოკებს კლავენ“.

ქალაქის ქუჩებში ხეების მოჭრა მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეულია. ძველი ბათუმის ტერიტორიაზე ხეების გაჩეხვას მოსახლეობის ერთი ნაწილის პროტესტიც მოჰყვა. მაზნიაშვილის ქუჩის მცხოვრები ელზა ვინჩენკო მისი სახლის წინ მდგომ 50-წლოვანი კიპარისის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ, ხე მოჭრეს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი, თამაზ ველიაძე ამბობს, რომ წელს ბათუმის ვერტიკალური გამწვანებისთვის 13 ათასი მრავალწლოვანი მცენარე იქნება გამოყენებული. მისი თქმით,  ქოთნების დამონტაჟებისას, ხანდახან მოსახლეობის მხრიდანაც აწყდებიან პრობლემებს, ზოგი აივანზე სარეცხს ფენს და ყვავილების ქოთანი ხელს უშლის, ზოგი კი მცენარის მოვლა-პატრონობაზე უარს აცხადებს.

სამი წლის წინათ ბათუმის მერიამ ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე არსებული სახლების აივნები 750-მდე ქოთნის მცენარით მორთო. მერიას ქალაქის ვერტიკალური გამწვანება მაშინ ასი ათასამდე ლარი დაუჯდა. ამ მცენარეების დიდი ნაწილი მოუვლელობით გახმა. გატყდა და დაიკარგა მცენარის ქოთნებიც.

ველიაძე ამბობს, რომ იმ მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდებოდათ, ელემენტარულად წყლის დასხმა იყო საჭირო. კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველის თქმით, შეცდომას მეტად აღარ დაუშვებენ, მერია მცენარეების მოვლა-პატრონობაზე ტენდერს გამოაცხადებს და მცენარეებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია იზრუნებს.

ბათუმში ვერტიკალური გამწვანების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითი კინოთეატრ „თბილისის“ გვერდით მდებარე დუმბაძის ქუჩაა, სადაც ქოთნის მცენარეები აივნებსა და განათების ბოძებზეა დამონტაჟებული.

„ქოთანში ჩარგული პალმა, ეკოლოგიური თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ვერ ჩაანაცვლებს მრავალწლოვან წიწვოვან მცენარეს, – ამბობს რამაზ ჭაღალიძე, – მაგრამ ვერტიკალური გამწვანებაც აკეთებს საქმეს.

ეკოლოგებს აქვთ გარკვეული რეკომენდაციები, თუ რა ოდენობის გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს ერთ ადამიანზე. ეს თემა რამაზ ჭაღალიძის კვლევის საგანი იყო. მეცნიერის თქმით, ბათუმს საჭიროზე ნაკლები გამწვანება აქვს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ბათუმის გარემოცვაში არსებულ სოფლებს.

„ბენზე-ბარცხანის დასახლება, ჯავახიშვილის, ხიმშიაშვილის, აღმაშენებლის, ლეონიძის, ტაბიძის ქუჩები – ეს ის ადგილებია, სადაც მეტი გამწვანებაა საჭირო“ –  ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი. მისი თქმით, ქალაქის მერია კორპუსებით გაშენებულ ამ ქუჩებზე პატარა სკვერების მოწყობას გეგმავს. ამ ადგილებში წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეების დარგვა იგეგმება, ვერტიკალურად მწვანე კი ბათუმის მხოლოდ ძველი, ცენტრალური ქუჩები იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი