1

გიორგი ჯავახაძე, 22 წლის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

პირველი სირთულე იყო ახალ გარემოსთან შეგუება, ადაპტაცია. რთული იყო საერთო საცხოვრებელში ცხოვრება. ქუთაისში ვცხოვრობდი უზარმაზარ ბინაში. გამიჭირდა აქ, ამ ვიწრო სივრცის მიჩვევა. ახლა ჩემი გრაფიკი მიწყობს ხელს – დილას ადრე მივდივარ და საღამოს გვიან ვბრუნდები.

ძალიან რთულია სტუდენტისთვის სამუშაოს პოვნა. რამდენიმე ადგილას ვცადე სტაჟირება, მაგრამ არავინ იღებს გამოუცდელ ადამიანს. როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, ოჯახური სიტუაციიდან გამომდინარე ორი წელი ვმუშაობდი მშენებლობაზე. სტუდენტი რომ გავხდი, გამომცემლობა „აზრში“ დავიწყე მუშაობა. ვმუშაობდი რეპეტიტორად, ვიყავი მასწავლებელი, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი სკოლაში. ახლა ხელფასს მიხდიან იმაში, რაც მსიამოვნებს, სტუდენტებისთვის და უცხოელი ქართველოლოგებისთვის სასარგებლო საქმეს ვაკეთებთ მე და ჩემი მეგობარი. სამეცნიერო წიგნებსაც ვაციფრულებთ.

ადამიანზე სოციალური გარემო ახდენს გავლენას. როცა მე იმ ახალგაზრდებთან მოვხვდი („აუდიტორია #115“-ის წევრი ვარ), ვისთან ერთადაც დღეს ვიბრძვი, ჩემთვის ეს იყო გარდატეხა ცხოვრებაში. მანამდე სულ სხვაგან ვხედავდი პრობლემას, ახლა – სულ სხვაგან. ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა დღეს არის ეკონომიკური უთანასწორობა. ქვეყნის დოვლათი თანასწორად არ ნაწილდება არც რეგიონებზე და არც ადამიანებზე. როცა ჩვენ აღმოვფხვრით ეკონომიკურ უთანასწორობას, მერე შეიძლება ვისაუბროთ ყველა დანარჩენი პრობლემის მოგვარებაზე.

2

თემურ ზოიძე, 20 წლის, ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი

„ქირავდება ბინა სტუდენტ გოგონებზე“ – ეს იყო ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რომელსაც სტუდენტობის დასაწყისში შევეჩეხე. ბევრ ბინაზე, რაც მომეწონა, მეუბნებოდნენ – ბიჭებზე არ ქირავდებაო. ერთხელ საერთოდაც პრობლემა აღმოჩნდა ჩემი წარმომავლობა, მაღალმთიანი აჭარიდან ვარ, ხულოდან. ბინა რომ ვნახე, დიასახლისმა მკითხა საიდან ვიყავი, როცა გაიგო რომ აჭარიდან, გადაიფიქრა. „მეო, ქრისტიანი ქალი ვარო და ჩემს ბინაში რაღაც მუსლიმური რიტუალების თავი არ მაქვსო“. წარმოდგენა ჰქონდა, რადგან აჭარიდან ვარ, აუცილებლად მუსლიმი უნდა ვყოფილიყავი და თან რიტუალები უნდა მეტარებინა. გავბრაზდი. რომც მოექირავებინა, მაინც არ ვიქირავებდი.

რთულია, როცა იცვლი სახლებს – უფულობის გამო, ან შეიძლება სახლის მეპატრონემ გადაიფიქროს. წელიწადში შეიძლება რამდენიმე ბინის გამოცვლა მოგიწიოს. ბარგის ჩალაგება არის ჩემთვის ყველაზე სევდიანი პროცესი და თან ყველაზე რთული. ძალიან მიჭირს ახალ გარემოსთან შეგუება.

რამდენი მეხარჯება თვეში, ამის დათვლას იმის შემდეგ ვცდილობ, რაც თბილისში ჩამოვედი. აღმოჩნდა, რომ მინიმუმითაც მოვახერხე თავის გატანა და როცა გაორმაგებული თანხა მქონდა, არც ის არ მეყო.
დამოუკიდებლობა ძალიან მომწონს, თუმცა ამასაც აქვს თავისი სირთულეები. რაღაც მომენტში შეიძლება თავი იგრძნო დაუცველად, – დიდ ქალაქში სრულიად მარტო ხარ. პრობლემა რომ შეგექმნას, არავინაა, ვინც დაგეხმარება.

 

ელო და ქრისტინე

ელო და ქრისტინე

ელო გელაძე, 20 წლის, ილიას უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის მესამე კურსის სტუდენტი

მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც სტუდენტობის პირველივე დღეს დავდექი, იყო თანაცხოვრების სირთულე. დედისერთა ვარ. ბათუმში ვცხოვრობდი, სახლში არაფრის კეთება არ მიწევდა და თან არც ვიყავი ვინმესთან რაიმეს გაყოფას მიჩვეული. ეს პრობლემა მალე გადავლახე. შემდეგ დაიწყო ფინანსური პრობლემები. როცა დამოუკიდებლობა ვიგრძენი, კვირაში ჩარიცხული ოცი ლარი აღარაფერში მყოფნიდა. სწავლის გადასახადს და ბინის ქირას (200 ლარი) თუ არ ჩავთვლით, თვეში დაახლოებით 100-150 ლარი მეხარჯება, მეგობრის დაბადების დღე თუ არ დაემთხვა, რა თქმა უნდა.

პირველად მაშინ გამიჭირდა, როცა ერთ დღესაც სახლიდან წამოღებული საჭმლის მარაგი ამოვწურეთ, ვისხედით ოთხი გოგო და ვფიქრობდით – ახლა რა ვქნათ… რამე უნდა მექნა.

ვმუშაობდი „იოლში“ მოლარე-კონსულტანტად. მძიმე გრაფიკით და დაბალი ხელფასით. დღემდე ვამბობ – მონა მოლარე-კონსულტანტი ვიყავი. მერე ვიმუშავე „ფუდმარტში“ – იქაც მონა მოლარე-კონსულტანტად. მერე ქოლ-ცენტრში ოპერატორად… ახლა ვმუშაობ გაყიდვების მენეჯერად რადიოში. მომწონს ჩემი სამსახური, მაგრამ ეს ის არაა, რისი კეთებაც მინდა. ერთადერთხელ გავიარე უფასო სტაჟირება ჩემი პროფესიით იურიდიულ კომპანიაში.

უნივერსიტეტი ვერ მაძლევს შესაძლებლობას, ჩემს პროფესიაში განვვითარდე. ოთხი წლის მერე, როცა დაამთავრებ უნივერსიტეტს, მუშაობას ვერ დაიწყებ. ეს, ძირითადად, იმას გამოსდის, ვისაც კარგი სანაცნობო წრე ჰყავს.

ქრისტინე და ელო

ქრისტინე და ელო

ქრისტინე მალაყმაძე, 21 წლის, ევროპის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი

როცა სტუდენტი გავხდი, გავაცნობიერე, რომ არავინაა ვალდებული გარჩინოს. მით უმეტეს, თუ სწავლას გიფინანსებენ. პირველივე კურსზე მეგობრის დახმარებით დავიწყე ერთ-ერთ რესტორანში ჭურჭლის მწმენდავად მუშაობა. მერე მიმტანად გადავედი. მივხვდი, რომ უსაქმურად ვერ ვიქნები. დამოუკიდებლად ცხოვრებამ სხვა განცდა მოიტანა. თან მშობლებსაც ვეხმარებოდი. სასიამოვნო შეგრძნება იყო, რომ 19 წლის ასაკში შემეძლო ამის გაკეთება.

ჩემს სტუდენტურ გზას აბსოლუტურად მარტო გავდივარ. კი, მშობლები მეხმარებიან, მაგრამ, როცა სტუდენტობას იწყებ, ბევრად უფრო მარტო ხარ, ვიდრე მანამდე იყავი. ხანდახან პრობლემა დადის მარტივ კითხვამდე – რა ვჭამოთ. მშობლებს ვეღარ ეტყვი, რომ თანხა ჩაგირიცხონ, რადგან გუშინ ჩაგირიცხეს.

მაწუხებს ის, რომ სტუდენტობის დროს ვერ ახერხებ მუშაობას შენი პროფესიით. მერე, როცა უკვე ამთავრებ, ვეღარ იწყებ მუშაობას, რადგან ყველა ითხოვს გამოცდილებას. ეს არის ყველაზე რთული.
იყო დამოუკიდებელი ნიშნავს შენს თავზე, შენს ქმედებებზე, შენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა აიღო. თავისუფალი იქნები იმის მიხედვით, თუ რამდენად იბრძვი, რომ იყო თავისუფალი.

5

თორნიკე გერლიანი, 20 წლის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი

წარმოშობით სვანეთიდან ვარ, მაგრამ კახეთში ვცხოვრობ. 17 წლის ვიყავი, როცა თბილისში ჩამოვედი. არც თუ ისე შეძლებული ოჯახიდან ვარ, ამიტომ თავიდანვე ვცდილობდი სამსახური მეპოვნა. ნახევარი წელი ვცხოვრობდი ქირით, მერე თსუ-ს საერთო საცხოვრებელში გადმოვედი. ახლა 30 ლარს ვიხდი თვეში. მეორე კურსზე სამუშაოც ვიპოვე. სასტუმროში ადმინისტრატორად ვმუშაობ. რთული გრაფიკი მაქვს, სამ დღეში ერთხელ 24 საათი ვმუშაობ. მომდევნო დღეს ძალიან დაღლილი ხარ, ვერ ახერხებ მობილიზებას, რომ ისწავლო, უნივერსიტეტში იარო… რეალურად ყოველი სამი დღიდან ერთი დღე გრჩება სწავლისათვის. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიბრძვი იმისათვის, რომ წვლილი თუ არა, ჩემი აზრი მაინც დავაფიქსირო იმ მიმართულებით, რისი შეცვლაც მსურს ამ ქვეყანაში – ეს არის მწვანე პოლიტიკა და შრომითი უფლებები.

ახლა ჩემთვის მთავარი გამოწვევა, ალბათ, ისაა, რომ სამოქალაქო აქტივიზმს შევუთავსო სწავლა ისე, რომ ორივე მხრივ თანაბრად განვვითარდე.

6

ნათია ზარანდია, 22 წლის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი

ფილოლოგიური დავამთავრე და შარშან თავიდან ჩავაბარე უნივერსიტეტში, ამჯერად სამედიცინოზე. აფთიაქში ვმუშაობ. ფარმაცევტი ვარ. ფილოლოგიურზე სწავლის პერიოდში მეორე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი, მასწავლებლად, სტაჟიორი ვიყავი. არ ვიცი ჯერ, უფრო ფილოლოგობა მინდა თუ მედიცინას გავყვები.

ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის მანამდე დავიწყე, სანამ სტუდენტი გავხდებოდი. ზუგდიდიდან ვარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ზუგდიდიდან ყველა თბილისში მიდის სასწავლებლად და მერე იქ რჩებიან ხოლმე. მე ბათუმში მინდოდა. ჩემი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ. უნივერსიტეტებს რომ ვწერდი, პირველი ბათუმი ჩავწერე, თუმცა ჩემები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ თბილისი მეწერა. როცა ჩავაბარე, მშობლებმა სიმართლე გაიგეს. მამაჩემმა მითხრა, არ ისწავლი ბათუმშიო. ახლა მხიარულად ვიხსენებ, მაგრამ მაშინ მართლა ბევრი ვიბრძოლე, რომ დამერწმუნებინა აქ სასწავლებლად გამოვეშვი. თან საერთო საცხოვრებელში მინდოდა ცხოვრება, რომ ნამდვილი სტუდენტური ცხოვრება გამომეცადა.

რისთვის ვიბრძვი? ვიყო დამოუკიდებელი და ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალო.

_____________________________________________________________

ავტორი, ფოტო: მანანა ქველიაშვილი 

ფოტოპროექტი გამოქვეყნდა ჟურნალ „ბათუმელების“ მაისის ნომერში. 


თეგები: |