საზოგადოება

საქართველოში ქალთა მესამედზე მეტი ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს

25 ნოემბერი, 2011 • 1065
საქართველოში ქალთა მესამედზე მეტი ქმრის მიერ ცოლის ცემას ამართლებს

25 ნოემბერი გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.  არასამთავრობო ორგაზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ინფორმაციით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში, აქტიურად დგას ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი – ეს ეხება როგორც ფიზიკურ და სქესობრივ, ასევე ემოციურ და ეკონომიკურ ძალადობას.

2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და „ეისითის“ მიერ საქართველოში ჩატარებულმა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნულმა კვლევამ, ორგანიზაცის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ინფორმაციით, სავალალო შედეგები აჩვენა – მაგალითად, ქალთა 50,1 % ფიქრობს, რომ კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება.

ქალთა 34,1 % კი ქმრის მიერ ცოლის ცემას გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს.  44,9 % ფიქრობს, რომ აუცილებელია, მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს დაანახოს, თუ ვინ არის ოჯახის უფროსი.

„ქალთა ფონდი საქართველოში“ ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშრებით აწყობს საქველმოქმედო საღამოს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური ჯგუფი „Kung Fu Junkie“ და DJ Tomma. დასწრების ღირებულება იქნება 5 ლარი შემოწირულობის სახით.  კონცერტიდან შემოსული თანხა გრანტის სახით გადაეცემა ქალთა მიმართ ძალადობის დაძლევის საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ ორგანიზაციებს.

საქველმოქმედო საღამო 2011 წლის 25 ნოემბერს, 21:00 სთ–ზე, საქართველოს ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილი რკინიგზელთა სახლი) აღმაშენებლის გამზირის #127–ში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი