საზოგადოება

ნადირობა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში აღარ დაიშვება

27 ოქტომბერი, 2011 • 1382
ნადირობა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში აღარ დაიშვება
ნადირობა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დაშვებული აღარ იქნება. ასეთ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ დღეს პარლამენტში, სადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართა.
სექტემბერში ინიცირებული კანონპროექტი ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანას გულისხმობდა, რომლის მიხედვით ნებადართული გახდა ნადირობა დაცულ ტერიტორიაზე, ასევე, საუბარი იყო  წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის დაშვებაზე.

დღევანდელ განხილვაზე კანონპროეტის ინიციატორებისგან ითქვა, რომ ნადირობა დაცულ ტერიტორიებსა და ეროვნულ პარკებში დაშვებული აღარ იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ კანონპროექტის ინიციატორებმა ”მწვანე ალტერნატივის” მთავარი შენიშვნა გაითვალისწინეს და ნადირობა დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული აღარ იქნება, თუმცა ბატონი ირაკლი ამბობს, რომ კანონპროექტში ხარვეზები კვლავ არის.

ახალი კანონპროექტით, რომელიც დღეს განიხილეს, ნადირობა, თევზაობა შესაძლებელია აღკვეთილებში, ბუნების ძეგლებში, დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე.

ირაკლი მაჭარაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, რომ შეუძლებელია ბუნებრივ  ძეგლებში ნადირობა, რადგან ეს არის კონკრეტული გეოლოგიური და ბუნებრივი წარმონაქმნი, ვთქვათ, ერთი ხე ან ჩანქერი, სადაც ვერ ინადირებ.

”ამიტომ ეს უაზრო ჩანაწერია. მეორეს მხივ,  ბუნების ძეგლი არის ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მესამე კატრგორია.  ეს დაცვის საკმაოდ მაღალი კატეგორიაა, ამიტომ არ შეიძლება ნადირობა დაიშვას”, – აცხადებს მაჭარაშვილი.

რაც შეესება აღკვეთილებს, ”მწვანე ალტერნატივის” პოზიცია აღკვეთილებში ნადირობასთან დაკავშირებით გამოიხატება იმაში, რომ მხოლოდ აღკვეთილის გარკვეულ უბნებში და პირობებში შეიძლებოდეს ნადირობა და არა ყველა აღკვეთილში:

”მაგალითად, კანონპროექტით იყო საუბარი, რომ ქობულეთის და ლაგოდეხის აღკვეთილებში მოხდეს ნადირობა. ქობულეთის აღკვეთილი არის ძალიან პატარა ტერიტორია, ლაგოდეხის კი ახლოსაა დასახლებულ პუნქტთან და მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას და ტურისტულ ბილიკებს. ასეთ შემთხვევაში ნადირობა შეუძლებელია”, – აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიის ტურისტულ პოტენციალსაც ზარალი მიადგება და მეორეს მხრივ, დონორების მხრიდანაც არ იქნება გაგებით აღქმული:

”თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათი მხრიდან ლაგოდეხის დაცული ტერიტორის რამდენიმე მილიონიანი დახმარება იგეგმება, შესაძლებელია, საფრთხის წინაშე დადგეს ამ თანხების მიღება,”- აღნიშნავს ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი

”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელს შენიშვნა აქვს ”წითელი ნუსხიდან” სახეობების ამოღების წესთან დაკავშირებითაც. ბატონი ირაკლი აღნიშნავს, რომ ეს პროცედურა უნდა დაიწყოს წინასწარი ეკოლოგიური ექსპერტიზის საფუძველზე და შემდეგ საჯარო განხილვების შედეგად იქნას მიღებული.

”ახლანდელი კანონპროექტით არ ჩანს, რა პროცედურების შედეგად გადაწყდება ცხოველთა ამოღება წითელი ნუსხიდან და მოქმედ კანონმდებლობაშიც არ არის პროცედურები გაწერილი და ძალიან ბევრი საქმე ფუჭდება, მათ შორის, ხელოვნურ პირობებში იშვიათი სახეობის გამრავლების, ან თუნდაც ცხოველის ერთი დაცული ტერიტორიიდან მეორეში გადაყვანის საშუალებას არ იძლევა”.

”მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელმა შენიშვნები კანონპროექტი ინიციატორებს უშუალოდ გააცნო. შეთანხმების თანახმად, შენიშვნების გათვალისწინება მოხდება.

სააკნონმდებლო ცვლილებების პროექტი საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით, სავარაუდოდ, ხვალისთვის უნდა განიხილონ.

ამავე თემაზე:

WWF: ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება მიუღებელია

ნადირობის კანონპროექტის შესახებ

რა ბედი ელით “წითელი წიგნის” სახეობებს

მასალების გადაბეჭდვის წესი